LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორია შსს-ს რეაგირება ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” მიმართ გაჟღერებულ მუქარებზე

293
gay-boys-movie

რეჟისორ ლევან აკინის ფილმის ირგვლივ აჟიოტაჟი არ ცხრება. ქართულ-შვედური ფილმი “და ჩვენ ვიცეკვეთ” (And Then We Danced) საქართველოს კინოთეატრებში 8 ნოემბერს გამოვა, კინოჩვენება კი მხოლოდ 3 დღით გაიმართება. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ჩვენებაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.

მაყურებელი ფილმის ნახვას მოლოდინით ელის, თუმცა საზოგადოების მეორე ნაწილი კინოჩვენების ჩაშლით იმუქრება. ბოლო დღეებია ანტილიბერალური დაჯგუფებები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან. ისინი ფილმის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას  ღიად გამოხატავენ და კონკრეტულ მუქარებსაც არ ერიდებიან.

შევალთ საოპერატოროში, ვთიშავთ ფილმს — ვასაძე ფილმის And Then We Danced-ის სეანსის ჩაშლას გეგმავს

მან ვიდეომიმართვაში განაცხადა, სადაც აღნიშნა, რომ პარასკევს 16 საათზე ვერის ბაღში შეიკრიბებიან, დაიყოფიან ხუთ ჯგუფად და დაიძრებიან კინოთეატრებისკენ

როგორია შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია გაჟღერებულ მუქარებთან დაკავშირებით? უწყება განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ კანონის ფარგლებში იმოქმედებენ. შსს მზადყოფნას გამოთქვამს, რათა სამართალდარღვევის ფაქტები დაუყონებლივ აღიკვეთოს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი ამოცანაა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, განურჩევლად ადამიანის სქესის, რელიგიური კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების და სხვა ნიშნისა.

გავრცელებული ინფორმაციით, 2019 წლის 8, 9 და 10 ნოემბერს თბილისსა და ბათუმში მდებარე რამდენიმე კინოთეატრში მხატვრული ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) პრემიერა იმართება. ასევე, საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მხრიდან კეთდება განცხადებები კინოჩვენების ხელშემშლელი ღონისძიებების შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიმართა და პრევენციული ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდა. იგივე მოთხოვნით უწყებას „თანასწორობის მოძრაობამაც” მიმართა. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის დავით კახაბერის თქმით, მოსალოდნელი საფრთხეები საკმაოდ რეალურია.

ფაშისტური დაჯგუფებები მობილიზებულები არიან და საკმაოდ მაღალია იმის რისკი, რომ რაიმე მოხდეს. იმედი გვაქვს, შსს მოწოდების სიმაღლეზე იქნება და კინო ჩვენებაზე მისულ ადამიანებს დაიცავს. ეს ჯგუფები არაერთხელ ყოფილან ფიზიკურ ძალადობაში ჩართული. შესაბამისად, ის საფრთხე, რაზეც ჩვენს განცხადებაში ვლაპარაკობდით საკმაოდ რეალურია. თუ გავიხსენებთ ძველ მოვლენებს გასულ თვეებში, ივნისში, პრაიდთან დაკავშირებით რაც ხდებოდა, 17 მაისზე აღარაფერს ვამბობ, არაფერია გამორიცხული.

ძალიან ბუნდოვანია შსს-ს კომენტარი, „კანონის ფრაგლებში მოქმედება“. ამდენი წლის განმავლობაში კანონის ფარგლებში მოქმედება იმით მთავრდება, რომ ადამიანებს ფიზიკურად ან სიტყვიერად უსწორდებიან.

“იმედი მაქვს, რომ ამის გამო სეანსები არ გაუქმდება, რადგანაც ყველა ბილეთი გაყიდულია და საზოგადოების ინტერესი ძალიან მაღალია” – განაცხადა „თანასწორობის მოძრაობის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით კახაბერმა რადიო „ფორტუნასთან“ საუბრის დროს.