ბავშვთა მიმართ ძალადობა საქართველოში კვლავ პრობლემად რჩება. საზოგადოების დიდი ნაწილი ბავშვთა მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენებას დასაშვებად მიიჩნევს და თვლის, რომ ფიზიკური დასჯის გარეშე ბავშვის აღზრდა წარმოუდგენელია. ამაზე ჯერ კიდევ 2013 წელს გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევა მოწმობს, ხოლო სიტუაცია რომ მას შემდეგ დიდად არ შეცვლილა, არასრულწლოვანთა შორის ჩადენილი დანაშაულები ადასტურებს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის ზრდის პარალელურად, მიზეზების ძებნისას, ბავშვთა მიმართ ძალადობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
“იუნისეფის” მონაცემებით, პლანეტის ბავშვების 60%-ზე მეტს ფიზიკური დასჯა გამოუცდია. საქართველოში, 2016 წელს, ოფიციალურად, ბავშვის მიმართ ძალადობის 755 შემთხვევა დაფიქსირდა. როგორია ბავშვის პოზიტიური აღზრდის მეთოდები, რატომ ავლენს რთულ ქცევას და როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს მშობელი, ამ საკითხებზე “ფორტუნას” ფსიქოლოგი ნინო ლაბარტყავა ესაუბრა.
პოზიტიური აღზრდა, ეს არის მეთოდები და მიდგომები, რომლებიც კარგად მუშაობს ნებისმიერ ბავშვთან, განურჩევლად მისი ასაკისა, ტემპერამენტისა, ხასიათისა თუ გამოცდილებისა. პოზიტიური აღზრდა დაფუძნებულია იმ პრინციპზე, რომ ბავშვზე ზემოქმედების ყველაზე სწორი საშუალება წახალისებაა. ეს შეიძლება იყოს მოწონება, შექება, ნდობის გამოხატვა და სხვა. წახალისება გაცილებით ეფექტურია, ვიდრე დასჯა, რადგან ის ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, თუ რომელი ქცევაა სასურველი, მაშინ როცა დასჯა მხოლოდ იმას განსაზღვრავს, თუ რომელი ქცევაა არასასურველი.
ნინო ლაბარტყავა: განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ბავშვის უპირობო მიღება პირველივე თვეებიდან. ეს ნიშნავს, რომ ბავშვს ვიღებთ ისეთად, როგორიც არის და არა იმიტომ რომ იგი ჭკვიანია, ლამაზია, კარგად იქცევა, გვიჯერებს, სტუმრები რომ მოდიან ლექსს ამბობს და ა.შ. მნიშვნელოვანია აღიარება იმის, რომ ბავშვი როცა არის, ეს უკვე ბედნიერება და სიხარულია.
მეორე რაც ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, ცოდნა და რეაგირება მის საჭიროებებზე. ეს შესაძლოა იყოს ბავშვის მოწესრიგება, თბილი ემოციური კავშირის დამყარება მასთან. ამგვარი ურთიერთობა ბავშვთან პირველ წლებში, მას უყალიბებს ზოგადად, ნდობას სამყაროს მიმართ და იგი აკეთებს თავისთვის დასკვნას, რომ ვინაიდან, მივლიან, მპატრონობენ, ვუყვარვარ, ესეიგი მე ვარ სიყვარულის ღირსი და ის ამ მოდელით იწყებს გარემოსთანაც ურთიერთობას.
არსებობს კვლევები, სადაც ჩანს, რომ ბავშვები, რომლებიც სანდოდ არიან თავის მშობლებთან მიჯაჭვული, ენდობიან პირველ რიგში მშობელს, იმიტომ რომ იციან, ის ზრუნავს მასზე, ამ შემთხვევაში, ის ფიქრობს, რომ სამყაროც ასეთივე ნდობის ღირსია და ესეთი ბავშვები ბაღში არიან უფრო აქტიურები, მეგობრულები, ინიციატორები თამაშის და ა.შ.
სითბოს გამოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია და ის ყველა ადამიანს სჭირდება და მეორე, ეს არის გარკვეული თანმიმდევრული წესების არსებობა, რომლის დაცვაც აუცილებელია და რომლის დაცვაც კონკრეტულ ბავშვს ნამდვილად შეუძლია.
- რა ასაკიდან შეუძლია ბავშვს გარკვეული წესების მიღება და როგორ უნდა შევთავაზოთ მას ეს წესები?
ნინო ლაბარტყავა: ეს შეიძლება იყოს მაგალითად, დღის რეჟიმის დაცვა, დღის რუტინა. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ ვურთიერთობთ სხვა ადამიანებთან, იმიტომ რომ ზოგჯერ არის, რომ ბავშვები წაკინკლავდებიან.
- ადრეულ ასაკში ეს პრობლემა განსაკუთრებით დგას, ასეთ შემთხვევაში, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი და რა ასაკამდე არ არის მსგავსი ქცევა საგანაგაშო?
ნინო ლაბარტყავა: ადამიანები გამოვხატავთ ბრაზს, ეს ჩვეულებრივი ემოციაა. შეიძლება გავბრაზდეთ იმაზე, რომ რაღაც სურვილი ვერ აგვისრულეს. ბავშვს უჭირს სხვის პოზიციაზე დადგომა, ამიტომ ამ შემთხვევაში მნიშნელოვანია ჩვენ როგორ ვრეაგირებთ. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ დარტყმა არავისთვის არ შეიძლება. ამ შემთხვევაში შეიძლება ვუთხრათ “მეწყინა“, „მეტკინა“. ჩვენ თუ ამას ვპასუხობთ ყვირილით, ჩხუბით, ან იმავეს ვაკეთებთ, იმ მომენტში ბავშვი ჩვენი თანდასწრებით ამ ქცევას შეიკავებს, მაგრამ მან არ იცის, როგორ უნდა მოიქცეს და ამას სხვაგან გაიმეორებს.
უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რომ ხშირად, ბავშვები, რომლებიც აგრესიული ქცევით გამოირჩევიან, მათი მშობლებიც ასევე ექცევიან მათ ან სხვა ადამიანებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი თვითონ იყოს შემსწრე ოჯახში პრობლემური სიტუაციის მშვიდოაბიანი გზით მოგვარების, რომ ჩვენ კი არ ვყვირით, ვსაუბრობთ პრობლემაზე გახსნილად და ვეძებთ გამოსავალს. ბავშვი აფიქსირებს იმასაც, რომ არ არსებობს ცხოვრება სირთულეების გარეშე, მაგრამ როგორ გადავჭრით ამ პრობლემას, ეს შეიძლება ჩვენ გვაძლიერებდეს, იმიტომ რომ ვიღებთ ახალი ქცევის მოდელს.
- საინტერესოა, მუშაობს თუ არა ადრეულ ასაკში მეწყინა, მეტკინა“, რამდენად გასაგები ხდება ეს ბავშვისთვის მოკლე ვადაში?
ნინო ლაბარტყავა: საჭიროა მოგვიანებით იმის ახსნა, რომ არ შეიძლება, რომ შენ გინდოდა ჩემთვის რა გექთვა, რომ ფლომასტერი მომეცა? მოდი მთხოვე, ჯადოსნური სიტყვები გამოვიყენოთ ხო, გვთხოვოს ფლომასტერი და ამ დროს მივცეთ და არა იმ დროს, როცა ფეხებს გვიბაკუნებს. ამით ის ფორმას სწავლობს, თუ როგორ შეიძლება მისი სურვილის განხორციელება.
- საინტერესო მომენტია, ვახსენეთ, „ფეხებს აბაკუნებს“. არის გარკვეული აკრძალვები, რასაც მშობელი აწესებს, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ამ აკრძალვის მიმართ მშობელი ბოლომდე პრინციპული დარჩეს მიუხედავად ფეხების ბაკუნისა და ასევე, რამდენად მნიშვნელოვანია, მინიმალური აკრძალვის დაწესება?
ნინო ლაბარტყავა: კი ბატონო მნიშვნელოვანია. მაგალითად ბავშვი ავად არის და არ გვინდა, რომ მან მიირთვას ამ დროს ნაყინი, უნდა ვთქვათ რომ არ შეიძლება. თუ აბაკუნებს ფეხებს, ჩვენ სიმშვიდეს ვინარჩუნებთ და უნდა ვთქვათ, რომ ეს არ შეიძლება იმიტომ, რომ შეიძლება ყელი გეტკინოს, ვუხსნით რატომ არის აუცილებელი ამ წესის დაცვა. ბავშვები იღებენ ამას, აქვთ უნარი გაიგონ, რომ მასზე ზრუნვის გამო ვკრძალავთ რაღაცას და არა უბრალოდ, რომ არ შეიძლება.
- ადრეულ ასაკში რამდენად ხდება ასეთი ინფორმაციის აღქმა მათი მხრიდან, რომელსაც ვაწვდით?
ნინო ლაბარტყავა: დაყვავებით და მშვიდად უნდა აუხსნას, სხვა გზა ამის არ არსებობს. ბავშვები ეჩვევიან გარკვეულ წესებს, თუ ჩვენს ვიცავთ მათ. ის ნელ-ნელა ეუფლება ამას. არ ვიცი, რამდენად დამეთანხმებით, ზოგჯერ საქმეს აფუებს ხოლმე ის, რომ გარკვეული ქცევა აკრძალულია ერთთან და დაშვებულია მეორესთან. ერთსულოვანი მიდგომა მნიშვნელოვანია.
- თუმცა, რეალურად, სამწუხაროდ, ყოველთვის ვერ ხდება მსგავსი რჩევების გათვალისწინება. მშობელი ხშირად ვერ იკავებს გაღიზიანებას და ემოციებს, როცა ბავშვი საჭირო მითითებას არ ასრულებს. რამდენად სწორი ფორმა იქნება მშობლის მხრიდან საკუთარი შეცდომის აღიარება, საუბარი და კონკრეტული შემთხვევის ბავშვთან განხილვა?
ნინო ლაბარტყავა: პირველ რიგში, ემოციები უნდა ვმართოთ, იმიტომ რომ ბავშვი სწავლობს ჩვენგან. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია გულღია ურთიერთობები, იმიტომ რომ შეცდომას ზოგჯერ დიდებიც ვუშვებთ, იმიტომ რომ ზოგადად, ადამიანები ვუშვებთ შეცდომას და მნიშვნელოვანია, რომ ვაღიაროთ და შემდგომში გამოვასწოროთ.
- მიუხედავად იმისა, რომ სწორი და პოზიტიური აღზრდის მეთოდებზე ვსაუბრობთ, დღემდე პრობლემად რჩება არასრუწლოვანთა დანაშაული. რა არის ის საგანგაშო სიგნალი რთული ქცევის შემთხვევაში, რასაც მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს და სპეციალისტს მიმართოს?
ნინო ლაბარტყავა: იმ შემთხვევაში, თუ ქცევა ხელს უშლის ბავშვს თანატოლებთან ურთიერთობის დამყარებაში და სხვათა უფლებებს არღვევს. ადრეულ ასაკში, ბუნებრივია, ბავშვებს ხშირად უჭირთ თანატოლებთან ურთიერთობის დამყარება, თუმცა, უნდა ვნახოთ, ხშირად ჩხუბობს თუ არა სხვა ბავშვებთან და ამ დროს გადასახედია ჩვენი აღზრდის სტილი, ჩვენი დამოკიდებულება ბავშვის მიმართ.