LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი ტიპის კამერები განთავსდება საქართველოში და რა შესაძლებლობები ექნებათ მათ (ექსკლუზივი)

306

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უპრეცედენტო პროექტის განხორციელება დაიწყო. საუკეთესო დასავლური გამოცდილებისა და სტანდარტების შესაბამისად, შეიქმნა ახალი სტრუქტურული ქვედანაყოფი – ერთობლივი ოპერაციების ცენტრი – ტექნოლოგიების ცენტრალიზებული ჰაბი, რომელიც შს სამინისტროს ყველა სტრუქტურულ დანაყოფს აერთიანებს. მაღალტექნოლოგიური ცენტრი შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გახსნა. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ჩვენ ერთობლივი ოპერაციების ცენტრის დირექტორს გიორგი არსოშვილს ვესაუბრეთ.

შსს-მ ახალი პროექტი, „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანადაიწყო, განგვიმარტეთ მისი მნიშვნელობა?

დანაშაულის პრევენციის, მომხდარ დანაშაულზე ოპერატიული რეაგირების, დამნაშავე პირების დადგენა/დაკავების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენისა და აღკვეთის, ასევე, სატრანსპორტო ნაკადების მართვის და უტყუარი მტკიცებულებების მოპოვების უზრუნველსაყოფად, შსს-მ  ახალი პროექტი – „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა” დაიწყო.

15225144_1137684462952721_335906056_oპროექტის მიზანია საპოლიციო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ყველა ქალაქისა და რეგიონისჭკვიანივიდეოსამეთვალყურეო სისტემებით აღჭურვა, ერთიანი, ცენტრალიზებული ქსელისა და ელექტრონული რუკის შექმნა, ვიდეოანალიტიკური პროგრამების  დანერგვა და ზოგადად პოლიციის ტექნოლოგიური განვითარებაზე ზრუნვა.

პროექტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეული ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, რომელიც აღნიშნული ანალიტიკური პროგრამების მეშვეობით რეალურ დროში განახორციელებს ჭკვიანი სისტემებით ოპერირებას და ვიდეო მონიტორინგს. ხოლო, ელექტრონული რუკის მეშვეობით, ცენტრიდან განხორციელდება, როგორც საპოლიციო ძალების მონიტორინგი, ასევე მათთვის ოპერატიულ რეჟიმში ინფორმაციის მიწოდება.

რეგიონები რამდენად ერთვებიან აღნიშნულ პროექტში?

შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის თანამშრომლებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები გამართეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა წარმომადგენლებთან – თვითმმართველი ქალაქების მერებთან, გუბერნატორებთან, საკრებულოსა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან.  შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს პროექტის განხორციელების პროცესში თავიანთ შესაძლებლობები, გაცვალეს წინადადებები და მოსაზრებები და შეთანხმდნენ ერთობლივ ღონისძიებებზე. პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო უკლებლივ ყველა რეგიონში თვითმმართველობების მიერ აღნიშნული პროექტისადმი გამოხატული სრული მხარდაჭერა. მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ყველაზე უკეთ აცნობიერებენ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მათი როლი ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მხრივ. უკვე მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, 2017 წელს მუნიციპალიტეტების მიერ მოხდება მათ განმგებლობაში არსებულ ტერიტორიაზე იდენტიფიცირებულ წერტილებში დასამონტაჟებელი სიჩქარის მზომი ფიქსირებული რადარების, სახის ამომცნობი კამერების, საავტომობილო ნომრის ამომცნობი იგივე სექციური რადარის კამერების, მართვადი და ზოგადი კამერების შეძენა.

15215837_1137684456286055_106531439_oრა შესაძლებლობები აქვთ ვიდეო ანალიტიკური პროგრამებს?

თანამედროვე მსოფლიოში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით არცერთი მოწინავე ქვეყანა (რა თქმა უნდა იმ ქვეყნებზეა საუბარი, სადაც არსებობს ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები) არ იყენებს ისეთ ვიდეო სამეთვალყურეო სისტემებს, რომლებიც მხოლოდ ცოცხალი ძალის მიერ ოპერირების საშუალებას იძლევა.

რამდენიმე ათეული ოპერატორი ფიზიკურად ვერ მოახდენს ათასობით კამერიდან შემოსულ ინფორმაციაზე რეაგირებას, აღნიშნული კი შესაძლოა უარყოფითად აისახოს დანაშაულისა და სამართალდარღვევების პრევენციაზე. შესაბამისად, მოწინავე ქვეყნებში აპრობირებულიჭკვიანივიდეო ანალიტიკური სისტემები ავტომატურ რეჟიმში ახდენენ მულტიმედია ფაილის დამუშავებას და სამართალდარღვევის კონკრეტული ფაქტის გამოვლენისას ოპერატორს ან შესაბამის სამსახურს განგაშის სახით უგზავნის ინფორმაციას. ხოლო ოპერატიულად მიღებული ინფორმაცია კი ოპერტიული რეაგირების მნიშვნელოვანი ნაწილია.

 როგორი ტიპის კამერების განთავსებას გეგმავთ საქართველოში და ამჟამად რა ეტაპზეა აღნიშნული პროცესი?

საქართველოს ქალაქებში და რაიონებში განთავსებულ სისტემებს ექნებათ ვიდეო ანალიტიკური მხარდაჭერა, სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდება:

საავტომობილო მოძრაობის წესების დარღვევის ავტომატურად ამოცნობა; (სიჩქარის გადაჭარბება, ღერძულა ხაზის გადაკვეთა, საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა, ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილის მიტოვება და ა.შ.)

საეჭვო ქცევის ავტომატური ამოცნობა (ჩხუბი, ვანდალიზმი, დაცულ ტერიტორიაზე შეღწევა, ქურდობა და ა.შ.);

ავტომანქანის სანომრე ნიშნების ამოცნობა და ავტომანქანის ძებნა;

სახის ამოცნობა და პირის ძებნა;

მიტოვებული საეჭვო ობიექტების ამოცნობა;

იარაღის გასროლის ამოცნობა;

15225395_1137684439619390_754801636_oმოგეხსენებათ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე შეიძინა შესაბამისი ვიდეო ანალიტიკური პროგრამების გარკვეული ნაწილი, რაც მომავალში განგრძობადი პროცესია. ამასთან, დასრულდა  საქართველოს მასშტაბით არსებული კამერების აღრიცხვა, მათი ტექნიკური თავსებადობის შემოწმება ანალიტიკურ პროგრამებთან, ასევე განსაზღვრულია ზონები, სადაც დამატებითი კამერების განთავსებაა საჭირო, შემუშავებულია კამერების განთავსებაზე საერთო სტანდარტები.

ხოლო, შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის მხრივ განახორციელებს:

არსებული და დამატებითი კამერების/რადარებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მოწყობას;

დამატებითი კამერების/რადარების მონტაჟს;

არსებული/დამატებითი კამერებისთვის ვიდეო ანალიტიკური ლიცენზიების შეძენას. მინდა აღვნიშნო, რომ ხშირ შემთხვევაში ერთი კონკრეტული ვიდეო ანალიტიკური ლიცენზია გაცილებით ძვირი ჯდება ვიდრე თავად კამერა.

არსებული/დამატებითი კამერების ერთობლივი ოპერაციების ცენტრის სისტემაში ჩართვასა და ოპერირებას;

კამერების/რადარებისა და ქსელის ინფრასტრუქტურის მოვლა/შენახვას;

აღნიშნული პროექტის საშუალებით მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეალურ დროში მოხდება დანაშაულზე და სამართალდარღვევებზე სწრაფი რეაგირება და მისი პრევენცია, მოსახლეობაში გაიზრდება უსაფრთხოებისა და დაცულობის ხარისხი, მკვეთრად შემცირდება ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობა, ამაღლდება პოლიციის საქმიანობის ეფექტურობა და გამოძიების ხარისხი.

დაგვიკონკრეტ  რას გულისხმობს .. “სექციური რადარი” ?

პროექტის თანახმად, რომლის განხორციელებასაც შსს გეგმავს, ქვეყნის მასშტაბით არსებული და დამატებით დაინსტალირებული ვიდეოკამერების მეშვეობით მოხდება სიჩქარის გადაჭარბების ფაქტების გამოვლენა სატრანსპორტო საშუალებების საშუალო სიჩქარის გამოთვლის მეშვეობით.

15184067_1137684469619387_1245761115_oსაქართველოს მასშტაბით ქუჩებში და ავტომაგისტრალებზე მოხდება საავტომობილო გზების გარკვეული სიგრძის მონაკვეთებად (სექციებად) დაყოფა და კონკრეტულ სექციებისთვის საშუალო სიჩქარის მაქსიმუმის განსაზღვრა. ავტოსატრანსპორტო საშუალების სექციის დასაწყისში არსებული ვიდეოკამერის მეშვეობით, რომელიც სატრანსპორტო საშუალებების სანომრე ნიშნების ავტომატური ამოცნობის პროგრამით იქნება აღჭურვილი, სისტემა ავტომატურად დააფიქსირებს სექციაში შესვლის ზუსტ დროს და სანომრე ნიშანს, იგივე განმეორდება სექციიდან გასვლისას და თუ ავტომაქანის საშუალო სიჩქარე აღემატება დროის იმ მაქსიმალურ ზღვარს, რომლითაც შესაძლებელია სიჩქარის ლიმიტის ფარგლებში გადაადგილება, სატრანსპორტო საშუალების მფლობელს ავტომატურად გაეგზავნება ვიდეო ჯარიმა.

ყველას მოგეხსენებათ, თუ როგორ იქცევიან სიჩქარის ლიმიტის დამრღვევი მძღოლები ფიქსირებული რადარების არსებობის პირობებში: ჯარიმის თავიდან აცილების მიზნით, ისინი სატრანსპორტო საშუალებას ანელებენ უშუალოდ რადართან, ხოლო შემდეგ ისევ გადაჭარბებული სიჩქარით აგრძელებენ სვლას. “სექციურ რადარს” ამგვარი პრაქტიკის გამოყენების შესაძლებლობა მინიმუმამდე დაჰყავს. ფაქტიურად, მთელი საგზაო მონაკვეთები შეგვიძლია გადავაქციოთ სიჩქარის მზომ რადარად და მნიშვნელოვნად შევამციროთ საქართველოს გებზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობა. “სექციურ რადარს” შეუძლია ასევე სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების დარღვევების ფილტრაცია. როგორც მოგეხსენებათ, სატვირთო და მსუბუქ ავტომობილებზე სიჩქარის შეზღუდვის სხვადასხვა ლიმიტები არსებობს. ფიქსირებული რადარების პირობებში მსგავს შესაძლებლობას მოკლებულები ვართ. მინდა დავამატო, რომ სისტემა შესაძლებლობას მოგვცემს გავაკონტროლოთ ტრანზიტული ტვირთების ქვეყანაში შემოსვლა/გასვლის დრო/თარიღი და მოვახდინოთ საბაჟო ორგანოს მიერ წინასწარ განსაზღვრული მარშრუტიდან გადახვევის ფაქტების დროული იდენტიფიცირება. აქვე დავამტებ, რომ ე.წ. ავტომანქანის სახელმწიფო ნომრის ამომცნობი ანალიტიკური პროგრამის მეშვეობით შესაძლებელი იქნება მძროლების მიერ ნებისმიერი არასწორი მანევრირების დაფიქსირება, ღერძულა ხაზის გადაკვეთის, არსწორი პარკირების, ნებისმიერი ადმინისტრაციული გადაცდომის გათვალისწინებით.

შევაჯამოთ ჩვენი საუბარი…

თამამად შეგვიძლია ვთქვთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი დიდი პროექტის, როგორიც არის ”უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა” ფარგლებში დაიწყო რამდენიმე მნიშვნელოვანი და კომპლექსური რეფორმა, როგორიც არის, შეუქცევადი პროცესი საქართველოს პოლიციის ტექნოლოგიური განვითარების კუთხით, ქვეყანაში ერთიანი ცენტრალიზებული ვიდეოანალიტიკური სისტემის დანერგვის, მოსახლეობაში უსაფრთხოების და დაცულობის ხარისხი ამაღლების, დანაშაულის პრევენციის, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობის შემცირების, უტყუარი მტკიცებულებების მოპოვების, გამოძიების ოპერატიულობისა და ხარისხის ამაღლების კუთხით.

ეკატერინე მაღლაკელიძე