LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი იქნება ინოვაციური ქართული ჩაი?

166

საქართველოში ინოვაციური, ნატურალური ჩაის წარმოება იგეგმება. როგორც ”ფორტუნას” აღნიშნული ბიზნეს-იდეის ავტორმა  ნინო გორგოშიძემ განუცხადა, ახალი ჩაის ინოვაციურობას მისი შეფუთვა განსაზღვრავს და სხვა, ქართული წარმოების ჩაისგან, სწორედ ეს ნიშანი გამოარჩევს.

”არსებობს ერთჯერადი ჩაის ახალი ტექნოლოგია, რომელსაც ჩაის „ჯოხებს“ეძახიან. ის ახალი შემოსულია ბაზარზე და 2008 წელს გაიმარჯვა ”შეფუთვის ინოვაციების ოქროს ნომინაციაში” (Flexible Packaging Achievement Awards and Innovation Showcase 2008 ). ის არის სპეციალური ლამინირებული ფოლგის კონუსური ფორმის „ჯოხი“, რომლის ნახვრეტებიც საშუალებას იძლევა კარგად იმოძრაოს ცხელმა წყალმა და მაღალი ხარისხის ჩაის დაყენდეს. შესაბამისად, დასაყენებელი ჩაის (მაღალი ხარისხი) და ერთჯერადი ჩაის (კომფორტული მომზადების წესი) საუკეთესო თვისებები აქვს აღებული. შეიძლება მივიჩნიოთ, როგორც დასაყენებელი ჩაის კოვზის ერთჯერადი ალტერნატივ”, -განმარტა გორგოშიძემ და აღნიშნა, რომ

ჩაის ჯოხი კომფორტით ერთჯერად პაკეტსაც კი სჯობს, რადგან არ წვეთავს, არც გამოწურვას საჭიროებს და ასევე კოვზის ფუნქციასაც ასრულებს.

როგორც სტარტაპის შემქმნელმა ”ფორტუნასთან” საუბრისას განაცხადა,  მისი მიზანია აწარმოოს  ქართული ჩაი, რომელსაც ექნება სამი ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი: მაღალი ხარისხი, მრავალფეროვნება და ახალტექნოლოგიური შეფუთვა.  ”საწყის ეტაპზე ვაპირებ ვაწარმოო ჩაის 4 სახეობა, მომავალში კი ასორტიმენტი გაიზრდება. ჩაი იქნება 100%-ით  ნატურალური, ყოველგვარი ფერისა და გემოს მიმცემი და სხვა დანამატების გარეშე. შენარჩუნებული ექნება ნამდვილი ჩაის სასარგებლო თვისებები”, – განმარტა ნინო გორგოშიძემ. მისივე თქმით, პროდუქციის რეალიზაცია თავდაპირველად საქართველოში განხორციელდება.

ცნობისთვის, ნინო გორგოშიძის ბიზნეს-იდეამ სახელმწიფო პროექტ  “სტარტაპ საქართველო” ფარგლებში დაფინანსება მოიპოვა  100 ათასი ლარის ოდენობით.  სწორედ ამ თანხით იგეგმება ჩაის წარმოების დაწყება.  ინოვაციური, ნატურალური ქართული ჩაის საწარმო გურიაში აშენდება და ექსპლუატაციაში ახალი წლიდან შევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები