ბათუმში, სასტუმრო “რადისონ ბლუში“ „ბათუმი რივიერას“ გენერალური გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. მედიის წარმომადგენლებს „ჩეპმენ ტეილორის“ მიერ მომზადებული გეგმა პროექტის დირექტორმა გოგა კაპანაძემ გააცნო.
პროექტის მიხედვით, „ბათუმი რივიერა“ 6 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს, ის 4 ფაზისგან შედგება და საერთო ჯამში, მთლიანი ინვესტიცია, წინასწარი გათვლებით, მინიმუმ 350 მილიონ აშშ დოლარს მიაღწევს. ამჟამად იწყება პირველი ფაზის განხორციელება, რომლის ჯამური ღირებულება 65 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს და მოიცავს „სილქ თაუერის“, იახტ კლუბის, ხელოვნური ტბის და დამატებით 2 ჰექტარი ფართობის სალანდშაფტო-სარეკრეაციო პარკის განვითარებას. აღნიშნული პარკი რჩება სახელმწიფო საკუთრებაში, როგორც ბათუმის ბულვარის განუყოფელი ნაწილი.
აჭარის მთავრობასთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე ტერიტორიას მიენიჭება ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ პარკის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობები არ განთავსდება. პარკი ერთიანი ლანდშაფტური კონცეფციის ნაწილი იქნება, რომლის განვითარებაზეც, აჭარის მთავრობასთან შეთანხმებით, „ჩეპმენ ტეილორი“ იმუშავებს.
„ბათუმი რივიერა“ „სილქ როუდ ჯგუფის“ მიერ ხორციელდება. პროექტის მხარდამჭერია „თანაინვესტირების ფონდი“. მის გეგმარებაზე კი არქიტექტურული დიზაინის და გეგმარების წამყვანი, საერთაშორისო კომპანია „ჩეპმენ ტეილორი“ მუშაობს. გამორჩეულად მასშტაბური და მრავალფეროვანი პროექტის ფარგლებში ძირითადი აქცენტი გამწვანებაზე კეთდება. პროექტის კიდევ ერთი პარტნიორი, კომპანია „ბათუმის იახტ კლუბია“, რომელიც იახტ კლუბის მართვის ვალდებულებას მინიმუმ 20 წლის ვადით იღებს.
პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები 2018 წლის ბოლომდე დასრულდება, რის შემდეგაც უშუალოდ სამშენებლო ეტაპი დაიწყება.