Aston Martin-ისა და Red Bull-ის ერთობლივი ჰიპერქარის – Valkyrie ყოველი მყიდველი სხეულის სამგანზომილებიან სკანირებას გაივლის, რაც სავარძლის მძღოლის ფიგურაზე მაქსიმალურ მორგებას განაპირობებს.
სიახლე 12 ცილინდრიანი 6,5 ლიტრის მოცულობის ძრავით იქნება აღჭურვილი, რომელიც 1000 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ავტომობილი ნულიდან 320 კილომეტრს სულ რაღაც 10 წამში კრებს, ამ სიჩქარიდან სრული გაჩერებისთვის კი მხოლოდ ხუთი წამი სჭირდება.
თუმცა, კომპანიაში ამბობენ, რომ ისინი ფსონს სულაც არ დებენ მაქსიმალურ სიჩქარეზე და მათთვის ბევრად მნიშვნელოვანია, რამდენად დინამიურია ავტომობილი.
სულ ასეთი 150 სამოქალაქო და 25 სატრეკო ვერსია გამოვა. საგზაო ავტომობილი სამ მილიონ დოლარამდე ღირს და ყველა მათგანი უკვე გაყიდულია. ავტომობილებს კლიენტები 2019 წლამდე ვერ მიიღებენ.