თბილისის მერია სატრანსპორტო რეფორმებს განაგრძობს. დღეს დილით ქალაქის მერმა ახალი ავტოუსებისა და მიკროავტობუსების პრეზენტაცია გამართა.
დედაქალაქს 126 ერთეული ევრო 6-ის ტიპის, BMC-ს მარკის 12-მეტრიანი ავტობუსები შეემატება. ასევე, მიმდინარეობს მიკროავტობუსების განახლება და დაახლოებით 1500 მიკროავტობუსი იმოძრავებს ქალაქში.
ცნობილია როგორი იქნება ახალი ავტობუსები და მიკროავტობუსები.
ახალი ავტობუსები გათვლილია 90 მგზავრზე, აქედან 28 დასაჯდომი ადგილით; ადაპტირებულია შშმ პირებისთვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე და აქვს გადმოსაშლელი პანდუსი, ეტლით ავტობუსში ასვლის უზრუნველსაყოფად; დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე; აქვს როგორც საინფორმაციო ხმოვანი სისტემა, შიდა და გარე ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგის სისტემა, ასევე usb-დამტენები და გაჩერების დასახელების გამოცხადების ტექნიკური საშუალება.
ახალი ავტობუსების პირველი ნაკადი ათ სატრანსპორტო დერეფანზე გადანაწილდება, რომლითაც დაიწყება კომპანია „სისტრას“ მიერ შემუშავებული ახალი სამარშრუტო სქემის ეტაპობრივი დანერგვის პროცესი.
გარდა ავტობუსებისა შესყიდულია 300 ერთეული FORD-ის მარკის, დიზელის ძრავზე მომუშავე, ევრო 5 ემისიის, ეკოლოგიურად სუფთა მიკროავტობუსი.
მიკროავტობუსი, დასაჯდომი ადგილების მიხედვით, გათვლილია 17 მგზავრზე. მძღოლისა და წინა მგზავრისათვის განსაზღვრულია უსაფრთხოების ბალიშები, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალების ყველა სავარძელზე დამონტაჟებულია სამწერტილოვანი უსაფრთხოების ღვედები. მძღოლისა და მგზავრების ფანჯრები იღება ელექტრონულად. მიკროავტობუსები აღჭურვილია თბილისის კლიმატზე გათვლილი გათბობა-კონდიცირების სისტემებით, გარდა ამისა, აქვს AM/FM რადიო და AUX, USB შესაერთებლები.
მიკროავტობუსების სრულად შემოყვანისთვის განსაზღვრულია 180 კალენდარული დღე.
თბილისს კიდევ 126 ახალი ავტობუსი შეემატა
თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, შეისყიდა და ექსპლუატაციაში გაუშვა 143 ერთეული MAN-ის მარკის 12-მეტრიანი ავტობუსი (CNG ძრავზე მომუშავე); 90 ერთეული MAN-ის მარკის 10-მეტრიანი ავტობუსი (EURO 6 ემისიის დიზელის ძრავზე მომუშავე); 220 ერთეული ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები (EURO 6 ემისიის დიზელის ძრავზე მომუშავე).
2021 წელს, ასევე დაგეგმილია 180 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსების შეძენა.