LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში, ხდება იმ მედიკამენტების რეგისტრაცია, რომელიც აღიარებულია მკაცრი მარეგულირებელი ორგანოს მიერ – რეგულირების სააგენტო

176
წამალი მედიკამენტი

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ფარმაცევტული პროდუქციის რეგისტრაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოში, ისე, როგორც მთელ მსოფლიოში, ხდება იმ მედიკამენტების რეგისტრაცია, რომელიც აღიარებულია მკაცრი მარეგულირებელი ორგანოს მიერ.

“საზოგადოების ინფორმირებისთვის, განვმარტავთ, რომ საქართველოში ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაცია ხდება “წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

რეგისტრაცია ხორციელდება 2 მეთოდით – ეროვნული და აღიარებითი რეჟიმით. საქართველოს ბაზარზე წამლის რეგისტრაციას ახდენს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, მომართვის საფუძველზე.

ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაციისას, მოთხოვნილია GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტით წარმოების დამადასტურებელი დოკუმენტი და ხარისხის დამადასტურებელი სხვა სერტიფიკატები.

ფარმაცევტული პროდუქტის აღიარებითი რეჟიმით რეგისტრაციის საფუძველია სხვა ქვეყნის ან სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოს დიფერენცირება სანდოობის, საკუთარ ბაზრებზე მხოლოდ მაღალი ხარისხის ფარმაცევტული პროდუქტის დაშვების უნარის მიხედვით.

ეროვნული რეჟიმით ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაციისას კი ხორციელდება სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ადმინისტრაციული და მეცნიერულ-ტექნიკური ექსპერტიზა, პრეპარატის ხარისხის დადასტურების შემდეგ კი ხდება ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაცია.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში მოქმედებს სხვადასხვა სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანო. მათ შორის არის FDA (აშშ-ის საკვების და წამლების მარეგულირებელი სააგენტო), EMA (ევროპის წამლის სააგენტო) და ასევე სხვადასხვა ქვეყნის მარეგულირებელი ორგანო. აქედან გამომდინარე, როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში, ხდება იმ მედიკამენტების რეგისტრაცია, რომელიც აღიარებულია მკაცრი მარეგულირებელი ორგანოს მიერ”, – აღნიშნულია რეგულირების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.