„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და რეალური ოპოზიცია იცავს კონფიდენციალურობის წესებს, რაც მოლაპარაკებებითაა გათვალისწინებული,” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითიც მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკების შესახებ გაჟღერებულ დეტალებს გამოეხმაურა.
ბოკუჩავას თქმით, კობახიძე-თალაკვაძე ოპოზიციას შეხვედრების დეტალების გათქმაზე მუდმივად საყვედურობს ხოლმე. ენმ-ს ლიდერის თქმით, როგორც ჩანს, მმართველი გუნდი ამ შემთხვევაში, ფსევდო ოპოზიციასა და ალეკო ელისაშვილს გულისხმობს.
როგორც თინა ბოკუჩავამ განაცხადა, ოპოზიცია მზად იყო განეხილა ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელი ინსტრუმენტები, თუმცა ხელისუფლების მხრიდან წარმოდგენილ მომლაპარაკებლებს, ამ თემების განხილვის ლეგიტიმაციაც კი არ ჰქონდათ.
“ჩვენ შეგვიძლია ერთადერთი რამ ვთქვათ, რომ მზად ვიყავით განგვეხილა ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელი ინსტრუმენტები და მზად ვიყავით, რომ ეს შეთანხმება კონსენსუსის საფუძველზე მომხდარიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, დავინახეთ, რომ ივანიშვილის მომლაპარაკებლებს არ ჰქონდათ იმის მანდატი, რომ საერთოდ ამ თემებზე ესაუბრათ, არამცთუ ამ თემებზე შეთანხმება მომხდარიყო, არამედ პატრონისგან იმის მანდატი და ნებართვა არ ჰქონდათ აღებული, რომ ეს თემები მოლაპარაკებების ფორმატში, საერთოდ განხილულიყო,” – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა.
მისივე თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ მოლაპარაკების ეს ეტაპი წარუმატებლობით დასრულდა, თუმცა ბოკუჩავა იმასაც დარწმუნებით ამბობს, რომ საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევითა და ოპოზიციის ერთობით, შეთანხმება უახლოეს მომავალში მაინც შედგება. მისი სიტყვებით, ოპოზიციამ ერთობა შეინარჩუნა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ხოლო შეთანხმება ქვეყანას სასიცოცხლოდ სჭირდება .
“ძალიან მნიშვნელოვანია ივანიშვილზე ზემოქმედებისთვის და მისი კალკულაციის სწორი დადგენისთვის, რომ მდგენელები იყოს საგარეო, ისევე როგორც საშინაო, ამიტომ საგარეო ზეწოლასთან ერთად, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს კვირებში მხოლოდ გაძლიერდება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან იგრძნოს საზოგადოების პროტესტი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მისივე თქმით, ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმდება სამოქმედო გეგმა და საპროტესტო აქციები, რომლებიც თბილისში ოპოზიციური სპექტრის მონაწილეობით ჩატარდება.