2 ივნისს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ქალბატონი მაია ხერხეულიძე სტუმრობდა, რომელმაც ზაფხულის სეზონზე ბავშვებში გავრცელებულ ვირუსულ და ბაქტერიულ ინფექციებზე ისაუბრა.
– ქალბატონო მაია, ზაფხულის სეზონმა ტრადიციული პრობლემები მოიტანა. საინტერესოა, როგორია პედიატრიული დაავადებების ეპიდემიოლოგია წლევანდელ სეზონზე?
– წლევანდელი გაზაფხული და ზაფხული მცირედით განსხვავდება გასული წლებისგან. რა თქმა უნდა, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები გაზაფხულსა და ზაფხულშიც ხშირია, თუმცა ყველაზე კრიტიკული მაინც ზამთრის სეზონია. წლევანდელ ზაფხულს განსაკუთრებით გახშირდა ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები. მართალია, ნაკლებად ფიქსირდება სეზონისთვის დამახასიათებელი დიარეული დაავადებები, გასტროენტერიტები, ნაწლავური პრობლემები და კვებითი ინტოქსიკაციები, მაგრამ გახშირდა ვირუსული ინფექციები, მათ შორის ეპშტეინ-ბარის ვირუსული ინფექცია და სტრეპტოკოკული დაავადებები. განსაკუთრებით ხშირია ქუნთრუშისა და ჩუტყვავილას შემთხვევები ბაღისა და სკოლის ასაკის ბავშვებში. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის გართულებული იყო ვაქცინაცია, მართალია, მსგავსი პრობლემა მთელ მსოფლიოში აქტუალურია, მაგრამ საქართველოში გარკვეული პერიოდით მაინც შევძელით პრობლემის მოგვარება, ახლა კი, პირიქით, ძალიან შემცირდა აცრილთა რაოდენობა, რაც სერიოზულ საფრთხეს ქმნის განსაკუთრებით მეზობელ სომხეთში გავრცელებული წითელას ფონზე. ჩვენ უკვე გავიარეთ წითელას „აფეთქება“ ზრდასრულ მოსახლეობაში, რაც სწორედ ვაქცინაციაზე უარის თქმამ გამოიწვია, ახლა კი, ისევ საფრთხის წინაშე აღმოვჩნდით.
– ვირუსული ინფექციების მთავარი სიმპტომი ლორწოვანას გაღიზიანებაა. რამდენად პრობლემურია ამ შემთხვევაში ყელის დაავადებები?
– ძალიან პრობლემურია წლევანდელ სეზონზე, რადგან ზემოთ ხსენებული ინფექციები სწორედ გაუსაძლისი ყელის ტკივილით მიმდინარეობს. ჩვეულებრივ, რესპირაციული ინფექციებისთვის დამახასიათებელია ზედა სასუნთქი გზების დაზიანება, რასაც თან ახლავს ცხვირიდან გამონადენი, ყელის და ყურის ტკივილი, ყლაპვის და სუნთქვის გაძნელება, ხველა და ცხელება, რაც განსაკუთრებით აშფოთებთ მშობლებს. სამწუხაროდ, სასუნთქი გზების დაავადებების დროს ძალიან მარტივად ვრცელდება ინფექცია, რომელიც იმუნიტეტს აქვეითებს და მშვენიერ ნიადაგს ქმნის ბაქტერიული ინფექციების განვითარებისთვის.
ვირუსული ინფექციები ყველაზე აგრესიულად პატარებში, განსაკუთრებით ბაღში ახლად წასულ ბავშვებში ვრცელდება, რომელთა წრე მანამდე მხოლოდ ოჯახით იყო შეზღუდული ახლა კი, უამრავ ადამიანთან უწევთ ურთიერთობა.
გასათვალისწინებელია ის დახურული სივრცეც, სადაც ბავშვები მთელ დღეს ერთად ატარებენ. რა თქმა უნდა, მშობელმა დროულად უნდა მიაქციოს ყურადღება ბავშვის მდგომარეობას, თუმცა, მინდა ყველა დავამშვიდო და ვუთხრა, რომ ექვსი-რვა ინფექცია წელიწადში ნაკლებად საგანგაშოა, რადგან სწორედ ასე იწვრთნება იმუნური სისტემა.
სხვათა შორის, ინფექციები, რომლებიც ახლაა გავრცელებული სწორედ მაღალი ცხელებით მიმდინარეობს. მინდა ყველას შევახსენო, რომ ცხელება ფიზიოლოგიური მოვლენაა, რომლითაც ორგანიზმი ინფექციას ებრძვის და ტემპერატურის დაწევა ყოველთვის არაა საჭირო.
მშობელმა არა ციფრები უნდა აკონტროლოს თერმომეტრზე, არამედ ბავშვის შეგრძნება და საერთო მდგომარეობა, რადგან ბევრი ბავშვი შესანიშნავად გრძნობს თავს მაღალი სიცხის დროს და აბსოლუტურად არ განიცდის დისკომფორტს. ასეთ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალი პატარას სითხით დატვირთვაა და არაა აუცილებელი სიცხის დამწევი მედიკამენტებით დამძიმება.
– რამდენად გამართლებულია, როცა მშობელი ვირუსებისგან თავის დასაცავად უარს ამბობს ბავშვის ბაღსა და სკოლაში გაშვებაზე?
– ძალიან აქტუალური შეკითხვაა, რადგან ვირუსით დაავადებაც პრობლემაა და ბავშვის იძულებით იზოლირებაც. ხშირად მშობელი თვლის, რომ ცოტა სურდო, ცოტა ხველა საგანგაშო არაა და მაინც მიჰყავს ბავშვი სკოლაში, რაც გაუმართლებელია, რადგან მოავადე ბავშვს არა მხოლოდ იზოლაცია, არამედ განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. ამასთანავე, აუცილებელია ვირუსებისგან როგორც საკუთარი, ისე სხვისი შვილების დაცვა. თუმცა, ზოგიერთი მშობელი პირიქით იქცევა და თუ ბავშვს ორო-სამჯერ შეხვდა ვირუსული ინფექცია, საერთოდ აღარ უშვებს სასწავლებელში, რაც ასევე გაუმართლებელია, რადგან პრობლემის გადავადებას ნიშნავს. ადრე თუ გვიან ბავშვს მაინც მოუწევს სოციუმში გასვლა და ვირუსებთან პირისპირ შეხვედრა. ერთადერთ გამონაკლისს, როცა ბავშვის იზოლირება გამართლებულია – ახალშობილია მის ოჯახში, რომელიც განსაკუთრებული რისკის ჯგუფს მიეკუთნება და პირველ რიგში სწორედ მისი დაცვაა საჭირო.
– როგორ უნდა განსაზღვროს მშობელმა, რომ ბავშვს ყელსა და ლორწოვანასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს და რა შემთხვევაში უნდა მიმართოს ექიმს?
– ყელის ტკივილი მართლაც სერიოზული პრობლემაა, რომელიც ვირუსულთან ერთად ბაქტერიული ინფექციების თანმხლებიცაა, ამიტომ აუცილებელია დიფერენციაცია და განსაზღვრა, თუ რამ გამოიწვია ყელის ტკივილი. ბაქტერიული ინფექციების, განსაკუთრებით ახლა გავრცელებული სტრეპტოკოკული ფარინგიტების შემთხვევაში აუცილებელია სწრაფი დიაგნოსტიკა და ანტიბაქტერიული თერაპიის დანიშვნა, რადგან არასწორი ან დაგვიანებული მკურნალობა საკმაოდ მძიმე გართულებებს იწვევს. ძლიერი ყელის ტკივილის დროს, როცა ბავშვს უმადობა აქვს და საკვების მიღება უჭირს, მშობელმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს. თუმცა, ყელის ტკივილის გარდა ბავშვებს პირის ღრუს სხვა პრობლემებიც ხშირად აქვთ, მაგალითად, სტომატიტი, კანდიდოზური ინფექცია, ღრძილების ანთება და სხვა, როცა ასევე აუცილებელია სპეციალისტის შეფასება და სწორი დიაგნოზის დასმა, თუმცა მანამდე მშობელს თვითონ შეუძლია ბავშვის მკურნალობა ურეცეპტო მედიკამენტებით.
– რამდენად ეფექტურია ამ შემთხვევაში ბენზიდამიდების ჯგუფის პრეპარატები?
– ბენზიდამიდი – ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული ნივთიერებაა, რომელიც ძალიან ეფექტურია, რადგან ერთის მხრივ, ტკივილს აყუჩებს, მეორეს მხრივ, პათოგენეზური მოქმედების უნარი აქვს, ანუ კარგად შეიწოვება ლორწოვანი გარსის მიერ. ძალიან კარგი პრეპარატია ტანტუმ ვერდე, რომელიც ევროპული წარმოებისაა, ამიტომ ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედოა. პრეპარატი სხვადასხვა ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების და პირის ღრუს პრობლემების – გინგივიტების და სტომატიტების დროს გამოიყენება და არა მხოლოდ ტკივილს აყუჩებს, არამედ ტკივილის გამომწვევ მიზეზს ანუ ანთებასაც მეტად შედეგიანად ებრძვის. აღსანიშნავია, რომ პრეპარატი სამი ფორმით – ტაბლეტიზირებულით, ხსნარით (რომელიც მხოლოდ 12 წლის შემდეგ გამოიყენება) და სპრეითაა წარმოდგენილი. რაც ყველა ასაკობრივ ჯგუფში იძლევა მისი გამოყენების საშუალებას.