LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვიპოვოთ საოცნებო სამსახური?

ოთხდიპლომიანი ტაქსის მძღოლი და უდიპლომო სასიძო  – აქვს თუ არა კავშირი ჩვენი განათლების ხარისხს სასურველი სამსახურის პოვნასთან და რამდენად რთულია ჩევნს ქვეყანაში დასაქმება?  ოფიციალური სტატისტიკის მიუხედავად,   მოსახლეობა მთავარ პრობლემად კვლავ უმუშევრობას ასახელებს. ქვეყანაში, ოფიციალური მონაცემებით,  235.100 უმუშევარია.

”ფორტუნამ”  დასაქმების პრობლემაზე მოსახლეობის გამოკითხვა ტაქსის მძღოლიდან დაიწყო. 67 წლის გურამი, რა თქმა უნდა, დასაქმების პრობლემაზე საუბრობს. ის ამბობს, რომ მას უმაღლესი განათლება აქვს მიღებული, მაგრამ პროფესია, რომელიც მან ოდესღაც შეისწავლა, ქვეყანაში მოთხოვნადი აღარ არის და არც სამუშაო ადგილი არსებობს. პრობლემურია მისი ასაკიც.

ასაკი პრობლემურია  23 წლის ფინანსისტი გვანცასთვისაც. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ კომპანიები გარდა განათლებისა,  აქცენტს სამუშაო გამოცდილებაზე აკეთებენ,  რაც, ბუნებრივია, გვანცას არ გააჩნია. მისი ალტერნატივაა, ან დაბალანაზღაურებად სამსახურში იმუშაოს (მიმტანად, კონსულტანტად) ან საკუთარი პროფესიით რამდენიმეთვიან, ან ხშირად –  წლიან უფასო სტაჟირების დათანხმდეს და გამოცდილება დააგროვოს.

33 წლის, პროფესიით არქიტექტორი დათო ახალგაზრდაა, მისი პროფესია მოთხოვნადია, თუმცა  პროფესიით დასაქმება არ უცდია და მძღოლად მუშაობს. უნივესიტეტის დასრულების შემდეგ საკუთარ პროფესიულ უნარებზე აღარ უზრუნია და ახლა თვლის, რომ არაკონკურენტუნარიანია.

”დასაქმების პრობლემა, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ როცა საკითხს ჩაუღრმავდები, აღმოაჩენ, რომ კვალიფიციური კადრების პრობლემა უფროა, განსაკუთრებით როცა საქმე ტექნიკური განათლებას ეხება. პრობლემაა ასევე ნეპოტიზმი სახელმწიფო უწყებებსა და კერძო კომპანიებში. როცა განათლება- გამოცდილებაზე წინ  ნათესაური კავშირები დგება,” – საუბრობს ”ფორტუნასთან”  ტურიზმის მენეჯერი, ნინო მამუჩაშვილი.

რა კრიტერიუმებს ანიჭებენ უპირატესობას დამსაქმებლები კადრების შერჩვეისას, რა უფრო მნიშვნელოვანია განათლება თუ გამოცდილება ?

”ფორტუნა” საქართველოში დასაქმების ერთ-ერთი მსხვილი სააგენტოს  hr.ge-ის კომერციულ დირექტორს ესაუბრა .

”პოზიციები არის, კადრები – არა. გასაუბრებაზე დაბარებული 100 ადამიანიდან მხოლოდ 5 მოდის,” – ამბობს „ფორტუნასთან“  ეთერ ლეშჩინსკაია.

დასაქმების სააგენტოს სპეციალისტის ინფორმაციით, კომპანია კადრის შერჩევისას რამდენიმე კრიტერიუმზე აკეთებს აქცენტს:

”როცა საუბარია საშუალო და მაღალ პოზიციებზე, განათლებაზე მეტად პრიორიტეტულია  გამოცდილება.  თუმცა, უცხოეთში მიღებულ განათლებას განსაკუთრებული წონა აქვს.

რაც შეხება მომსახურების სფეროსთვის საჭირო კადრებს, პრიორიტეტი უცხო ენების ცოდნას, კომუნიკაბელურობას და სხვა პიროვნულ უნარ-ჩვევებს ენიჭება,” – ამბობს  ის.

 

როგორც გაირკვა, დასაქმება ადვილია, თუ განათლებასთან ერთად საჭირო უნარ-ჩვევებიც გაგაჩნია, ხარ კომუნიკაბელური, გაქვს გუნდურად მუშაობის უნარი, გყავს ნაცნობები, ხარ საშუალო ასაკის და გაქვს ორჯერ მეტი სამუშაო გამოცდილება ან უცხოეთში გაქვს განათლება მიღებული. ასეთი ”დიმიტრი გელოვანი” კი, სტატისტიკის ეროვნული სამსახური ინფორმაციით, ქვეყანაში 1763, 300  ადამიანია.

თამუნა გოგუაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები