LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვებრძოლოთ კანის დაავადებებს – რეკომენდაციები დერმატოლოგ სოსო კობახიძისგან

6107

31 მაისს გადაცემა „სტუმრად ექიმთან“ კანის დაავადებებს დაეთმო. როგორ განვასხვავოთ  ერთმანეთისგან სიმპტომურად მსგავსი კანის დაავადებები, რა უნდა ვიცოდეთ ატოპიური დერმატიტის შესახებ, როგორ მიმდინარეობს აკნეს მკურნალობა და რა აუცილებელი რეკომენდაციების გათვალისწინება გვმართებს ზღვაზე გამგზავრების წინ. ამ და სხვა საინტერესო თემებზე პირადაპირ ეთერში ჟორდანიას კლინიკის ვაკის ფიალიალის დერმატო-ვენეროლოგმა, თბილისის დერმატო-ვენეროლოგთა ასოციაციის თავმჯდომარემ, სოსო კობახიძემ ისაუბრა.

კანის დაავადებები სიმპტომურად ძალიან ჰგავს ერთმანეთს, როგორ უნდა განვასხვავოთ ეს დაავადებები ერთმანეთისგან?

დიაგნოზის დასმა ექიმის კომპეტენციაა და პირველ რიგში პაციენტმა სპეციალისტს უნდა მიმართოს. კანის ბევრი დაავადება ერთნაირი სიმპტომებით მიმდინარეობს, მაგალითად ქავილითა და აქერცვლით. არსებობს გარკვეული ჯგუფები, როგორიც არის თმის ცვენა, ფრჩხილისა და  ლორწოვანის დაავადებები. კანი ყველაზე დიდი ორგანოა როგორც მასით, ისე ფართობით. კანში არის ოთხი ძირითადი შრე. ზრდა იწყება ბაზალურიდან, შემდეგ გარქოვანდება და გვცვივა, ეს დახლოებით 30 დღეში ხდება და საერთოდ გვეცვლება კანი. ლორწოვანზე რქოვანა შრე არ გვაქვს, კანში განლაგებულია თმის ფოლეკულები, ცხიმოვანი ჯირკვლები და ა.შ. რასთან გვაქვს საქმე მხოლოდ ექიმმა უნდა განსაზღვროს იმის მიხედვით, სად არის ქავილი, რა ინტენსივობით, დღისით არის ქავილი თუ ღამით.

ბოლო დროს ძალიან ხშირად გვესმის ტერმინი ატოპიური დერმატიტი, განსაკუთრებით ბავშვებში. რა სიმპტომებით ვლინდება ატოპიური დერმატიტი და რას გულისხმობს ის?

ატოპიური დერმატიტი ეს არის დაავადებების ფართო სპექტრი. არსებობდა ასეთი ტერმინები: კონსტიტუციური ეგზემა, ნეიროდერმიტი, დიათეზი –  ეს ყველაფერი ახლა ატოპიურ დერმატიტად მოიხსენიება. ”ატოპოს” ნიშნავს განსხვავებულ კანს. ეს არ არის ალერგია. უმრავლეს შემთხვევაში უმჯობესდება ასაკთან ერთად და გადის ხოლმე 5-7 წლის, ან 10-12 წლის ასაკში. მათი შეზღუდვა მაგალითად დიეტებით, გაუმართლებელია. პატარა ბავშვებში დერმატიტი ისედაც შემაწუხებელია და ზედმეტად შოკოლადის ან სხვა პროდუქტების შეზღუდვა არ არის საჭირო, თუმცა ზომიერად. დაბანეთ ბავშვი, აჭამეთ, უბრალოდ განსხვავებულად უნდა მოუაროთ და ამას ექიმი პაციენტს ინდივიდუალურად უდგენს. ალერგიული ფონი, წითელის აკრძალვა, მწვანის აკრძალვა – ეს ყველაფერი არასწორია.

როგორ უნდა განსაზღვროს მშობელმა ალერგოლოგს მიმართოს თუ დერმატოლოგს?

როდესაც ვხედავთ, რომ ბავშვს აქვს მკვეთრად გამოხატული სიწითლე რომელიც 2-3 დღე დამატენიანებელი კრემების გამოყენების შემდეგ არ ქრება, რასაკვირველია უნდა მიმართოთ ყოველთვის ექიმს. ატოპიური დერმატიტი ძირითადად იმ ადგილებში გამოიხატება ხოლმე, რომელიც ყველაზე მეტად მოძრაობს, ანუ ნაკეცებში. ეს არის ხელის მომხრელი ზედაპირები და ფეხებში პირიქით, გამშლელი ზედაპირები. ჩვილ ასაკში არის ხოლმე კისრის ნაკეცებშიც. სახეზეც მკვეთრად გამოხატული სიწითლეა. სამწუხაროდ, ხშირად არამიზნობრივად იწყებენ სხვადასხვა სტეროიდული მალამოს გამოყენებას, რაც დროებით შედეგს იძლევა და მოგვიანებით მდგომარეობა უარესდება. ან ჰგონიათ, რომ დიეტით მოაგვარებენ პრობლემას, ამ დროს კი ექიმთან ერთი ვიზიტით და მოვლის სწორი წესების დადგენით შეიძლება პრობლემა სრულად მოგვარდეს.

კიდევ ერთი გავრცელებული დიაგნოზი ეს არის აკნე და მისი მონათესავე მდგომარეობები. შესაძლებელია თუ არა მისი საბოლოოდ განკურნება?  

აკნე მოსახლეობის დაახლოებით 80%-ს ემართება. ის გამოწვეულია ჰორმონის სიჭარბით, ამიტომ არ შეიძლება აკნე ჰქონდეს 10 წლის ბავშვს ან 50 წლის ადამიანს. აქედან გამომდინარე, ისევ არასწორია 50 წლის ადამიანმა შეზღუდოს შოკოლადი. აკნეს დროს ჰორმონდამოკიდებული ჯირკვლები გვაქვს სახეზე, ზურგზე და მკერდის მიდამოში. აკნე ფეხზე არ გვექნება არასდროს. ჩვენ სამხრეთელები ვართ, ორგანიზმში მაღალია ტესტოსტერონის რაოდენობა, რაც განაპირობებს მეტი რაოდენობით ცხიმის გამოყოფას. აკნე ეს არის დაცობილი ცხიმოვანი ჯირკვალი. არ შეიძლება მათთვის ხელის ხლება, კოსმეტიკური კოვზების საშუალებით გაღიზიანება, იმიტომ რომ რაც არ უნდა ვაწვალოთ, ჯირკვალს ვერ ამოვიღებთ. პირიქით, იმ წუთას ვიგრძნობთ შვებას, თუმცა ორჯერ მეტად მწვავდება და წარმოიქმნება ე.წ. მანკიერი წრე.

აკნე აბსოლუტურად მორჩენადია, არანაირად არ არის გადამდები და არანაირად არ არის დამოკიდებული სქესობრივ ცხოვრებაზე. მოსაზრებები, თითქოს გათხოვდები, გაგივლის – რა თქმა უნდა მცდარია. თუმცა, რაღაც დოზით სწორიც არის, იმიტომ რომ გათხოვების შემდეგ ქალბატონები ორსულდებიან, ამ დროს ტესტოსტერონის გამოყოფა წყდება. ქალი სულ ორსულად ვერ იქნება, ამიტომ სანამ არის ჰორმონალური აქტივობა, შესაძლებელია, რომ აკნე განვითარდეს.

ჩვენ ვეუბნებით პაციენტს, რომ 3-4 თვის განმავლობაში ჩაიტაროს მკურნალობა. რაც შეეხებათ მამაკაცებს, პრობლემა მათთანაც არის და მათაც არ შველით ცოლის მოყვანა. მამაკაცებში აკრძალულია ტესტოსტერონის დაწევა. ამიტომ მკურნალობისას ხდება ცხიმოვნების შემცირება და სადინარების გახსნა, რომ ჩააღწიოს წამალმა, ამას მინიმუმ 3-4 თვე სჭირდება.

აკნე მხოლოდ ახალგაზრდების პრობლემაა, მათ უცებ უნდათ შედეგი ამიტომ მკურნალობას ხშირად წყვეტენ ხოლმე. თუ ბოლომდე მიიყვანთ, აბსოლუტურად მორჩენადი დაავადებაა  და არც ნაწიბურები დარჩება სხეულზე.

უწყობს თუ არა აკნეს გამწვავებას ხელს საკვებიპროდუქტები?

14-16 წლის ასაკში ადამიანს ისედაც სტიგმა აქვს, ზოგი არ გამოდის სახლიდან, არ აქვს ურთიერთობა თანატოლებთან  აკნეს გამო და მას კიდევ უკრძალავთ რაღაცას, რატომ?

აკნეს დროს რაიმე დიეტის ეფექტურობა არცერთი კვლვევით არ არის დადასტურებული. თუ ადამიანი ატყობს, რომ მაგალითად ბევრი თხილის მიღების დროს აყრის, კი ბატონო, შეზღუდეთ თხილი. მაგრამ ასე ცალსახად აკრძალვა არ შეიძლება.

რაც შეეხება რუჯს, არც აკრძალვაა კარგი და არც დამოკიდებულება. რუჯის დროს ხდება კოსმეტიკური დაფარვა და კანი უმჯობესდება, მაგრამ დაავადება არ ქრება.

შეიძლება თუ არა გამოვყოთ კანის ინფექციური დაავადებები, რომლებიც ყველაზე ხშირად გვხდება?

რა თქმა უნდა, გვხდება როგორც ბაქტერიული ისე ვირუსული, სოკოვანი ინფექციები. ყველაზე ხშირია კანისა და ლორწოვანი ბაქტერიული ინფექციები. ყოველთვის არ არის აუცილებელი ბაქტერიოლოგიური ნათესის გაკეთება და ანტიბიოტიკოგრამის დადგენა. უმრავლეს შემთხვევაში ვიცით ხოლმე რა არის გამომწვევი, ისევე როგორც აკნეს დროს ვიცით რა იწვევს მას. ინფექციური დაავადება შეიძლება იყოს სოკოვანი, ან ვირუსული და მალამო რომელიც ყველაფერს არჩენს, არ არსებობს. ყველას სხვადასხვა თერაპია სჭირდება და ესეც ექიმის დასადგენია.

როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისგან კეთილსთვისებიანი და ავთვისებიანი წარმონაქმნები კანზე და როდისაა აუცილებელი ვიზიტი ექიმთან?

საბედნიეროდ, უკვე მეექვსე წელია ტარდება ევრომელანომის პროგრამა საქართველოში, რომლის დროსაც ხდება უფასოდ გასინჯვა. თუკი პაციენტში ეჭვს იწვევს რაიმე ტიპის წარმონაქმნი ან ლაქა, უნდა მიმართოს სპეციალისტს. თუ არის ის უცნაური შესახედაობის, 6 მმ-ზე მეტი ზომის, იყო სხვანაირი და გახდა სხვანაირი, უმჯობესია მივიდეთ ექიმთან.  დროული მიმართვიანობის შემთხვევაში ავთვისებიანი  წარმონაქმნების დროსაც კი 100%-იანი შედეგი დგება.

რას იტყვით მოსაზრებაზე, რომ შეიძლება რომელიმე შინაგანი ორგანოს დაავადება  კანზე აისახოს?

დიახ, არის ძველი გამონათქვამი, რომ კანი შინაგანი ორგანოების სარკეს წარმოადგენს. ღვიძლის პათოლოგიები, რომლებიც უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ხშირად კანის სიყვითლით ვლინდება. კანის სიმშრალე და სპეციფიური გამონაყარი შეიძლება მძიმე ლიმფომაზე მიანიშნებდეს. თუკი რაიმე სახის გამონაყარი არ ქრება სტანდარტული თერაპიით, ადამიანმა უნდა მიმართოს დერმატოლოგს.

კანის პიგმენტაციის დარღვევა და დაავადებები, რომლებმაც შეიძლება კანის პიგმენტაციის დარღვევა გამოიწვიოს…

კანის პიგმენტაციის დარვევა შეილება იყოს სხვადასხვანაირი. ჰიპოპიგმენტაცია – ვიტილიგო, ანუ თეთრი ლაქები კანზე, რომლის ყველაზე ცნობილი მაგალითია მაიკლ ჯექსონი. დაავადება ძირითადად ესთეტიკურ პრობლემას წარმოადგენს და ის განკურნებადია, თუმცა თუ პაციენტი ექიმს დროულად მიმართავს. მნიშვნელობა აქვს ლოკალიზაციას და თანამედროვე თერაპიით მისი ეფექტურობა 70%-ს აღწევს.

რა დაავადებებს იწვევს ისეთ ხშირ ჩივილებს, როგორიცაა, თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევა და კანის ქავილი?

ფრჩხილი და თმა არის კანის დანამატები და ესეც კანის დაავადებებს განეკუთვნება. თმას აქვს განვითარების სამი ფაზა: ანაგენი, კატაგენი და ტელოგენი. ზრდა ყოველთვის იწყება თმის ბუდიდან, ზოგიერთი თმა არის ზრდის ეტაპზე, ზოგი ცვენის სტადიაზე და ზოგიც ჩამოვარდნის სტადიაში. დღის განმავლობაში ადამიანს ას ღერამდე თმა ცვივა. ეს რაოდენობა ქერა თმიანებში უფრო მეტია. ქალებში, ორსულობის შემდეგ დროებითი თმის ცვენა იწყება და არანაირი მკურნალობა არ სჭირდებათ. რაც შეეხება ფრჩხილების დაზიანებას, ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს ქიმიურ ნივთიერებებთან შეხებით, რომლებიც ფრჩხილის სტრუქტურის დაზიანებას იწვევს. ქართველ ქალბატონებს არ უყვართ ხოლმე ხელთათმანის ხმარება. ერთ თეფშს გარეცხავთ თუ 200-ს, ის მაინც აზიანებს ფრჩხილს. რაც შეეხება თმას, თუ ადამიანი ცვენას უჩივის, მიკროსკოპულად უნდა დავითვალოთ კანის გარკვეულ ნაწილზე რამდენი თმაა, რა ფაზაშია და დავადგინოთ რასთან გვაქვს საქმე, დროებითი მოვლენაა, თუ მკურნალობაა საჭირო.

არის თუ არა ეფექტური თმის ცვენისას ძვირადღირებული შამპუნები და ნიღბები?

თუკი ვყიდულობთ შამპუნს და მას აწერია, რომ ის არის თმის ცვენის საწინააღმდეგო, ჩვენ უბრალოდ კარგ ხასიათზე ვდგებით. შამპუნი არის დასაბანი საშუალება და ნუ მოსთხოვს, რომ სამკურნალო ეფექტი ჰქონდეს. ამბობენ, რომ თმის ცვენისთვის კარგია ცხენის შამპუნი, ის არის ცხენისთვის, ბავშვის შამპუნი არის ბავშვისთვის, სარეცხის საპონი არის სარეცხისთვის – რატომ ვიგონებთ ამ მითებს. არსებობს დანამატებიანი შამპუნები, როგორ არა, მაგრამ ორი წუთი მაინც უნდა გავიჩეროთ თავზე, ის წამებში არ შეიწოვება. გავრცელებულია თმის საშრობების გამოყენება. 600-800 გრადუსი ტემპერატურაა მათში, ერთი და იგივე ნაჭერი ხშირად რომ გააშროთ, ნახეთ რა მოუვა, ასევე მოსდის ჩვენს თმასა და კანს, ამიტომ მაქსიმალურად ეცადეთ, თუ ”ფენი”აუცილებელია, შორიდან გააშროთ თმა.

ზაფხულში ყველაზე აქტუალური საკითხია რუჯის თემა და ამ დროს ძალიან რთულია ზომიერების დაცვა… ალბათ არსებობს რაიმე რეკომენდაციები, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ…

პირველ რიგში, რუჯი არის კანის დაცვითი რეაქცია, როდესაც კანს ხელს დაარტყავთ, ის წითლდება, ასევეა რუჯიც. არანაირი ჯანსაღი რუჯი არ არსებობს. მაგრამ, რადგან ადამიანებს ასე ძალიან უნდათ, უნდა დავიცვათ რაღაც წესები. სოლარიუმი არ არის რეკომენდირებული ევროპული სტანდარტებით 18 წლამდე.

რაც შეეხება მზის სხივების მიღებას, არ არის რეკომენდებული მათი მაშინ მიღება, როდესაც მზე არის ზენიტში. ამ დროს მეტია ულტრაიისფერი სხივების გამოსხივება.

შესაძლებელია, რუჯი ზომიერად და აუცილებელია მზისგან დამცავი კრემების გამოყენება. ყველას თავისი ნომერი აქვს. არსებობს კანის ოთხი ტიპი: ეს არის წითური, ქერა – ცისფერი თვალებით, ყავისფერი – ყავისფერი თვალებით და შავი თმა შავი თვალებით. პირველ ტიპს, ასევე ბავშვებს, მინიმუმ 50 ნომრით დაცვა სჭირდებათ. თუ კრემის გარეშე მზეზე ხუთი წუთი შეგვიძლია გაჩერება, №50 ხმარების შემთხვევაში ხუთზე უნდა გავამრავლოთ და მზეზე 250 წუთი შეგვიძლია დავყოთ. კრემებს აწერიათ, რომ წყალგამძლეა, მაგრამ ტესტირებებმა ჩვენა, რომ ასე არ არის და რამდენჯერაც ჩახვალთ წყალში, იმდენჯერ უნდა წაისვათ.

არ არის სასურველი 12:00 საათიდან 15:00 საათამდე მზეზე ყოფნა, სველ კანი ლუპის პრინციპს ქმნის და შეიძლება მზემ დამწვრობა წარმოქმნას.

არ არის ასევე სასურველი გაზიანი წყლის მიღება. ულტრაიისფერი გამოსხივება ქოლგის ქვეშაც აღწევს. რაც შეეხება სოლარიუმს, უნდა მოხდეს კანის ტიპის განსაზღვრა, ხომ არ არის რაიმე წარმონაქმნი და ა.შ.

რამდენად რეალურია მოსაზრება, რომ წყალი კარგად მოქმედებს კანზე?

რასაკვირველია. ადამიანის 90%-ზე მეტი წყალია და მისმა დაკარგვამ შეიძლება მძიმე შედეგი გამოიწვიოს. გაუწყლოება იწვევს კანის აქერცვლას, ქავილს და საბოლოოდ ტრამვას. საშუალოდ, ადამიანმა წონის მიხედვით 2-2,5 ლიტრი წყალი უნდა მიიღოს. თუ ის ფიზიკუარდ აქტიურია და სითხეს კარგავს, შესაბამისად უფრო მეტი წყალი უნდა მიიღოს.

რას იტყვით შემთხვევებზე, როცა ლაზერულ ეპილაციასა და სახის წმენდას აქვს უკუჩვენება და ის სახის კანის გაღიაიზნებას იწვევს?

ლაზერი არის ხელოვნური სხივი, არსებობს სხვადასხანაირი ლაზერები, რომლებიც განსაზღვრული თმისთვის განსაზვრულად გამოიყენება. როდესაც მიდიხართ ასეთ პროცედურაზე, მოითხოვოთ სერტიფიკატი, რომელიც გარკვეულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. უნდა განისაზღვროს კანის ტიპი, სასურველია სილამაზის ცენტრებში იყოს დერმატოლოგი და განსაზღვროს სად შეიძლება ლაზერის გამოყენება და სად არა და ა.შ. რაც შეეხება წმენდას, ის დასაშვებია, თუმცა ზაფხულში მისაღები არ არის, ღრმა წმენდის შემდეგ გარეთ გასვლამ შეიძლება ლაქები გამოიწვიოს. ესეც დროებითი ეფექტია, ამიტომ უმჯობესია მოზარდს სპეციალისტან ერთად ავუხსნათ როგორ არის უმჯობესი.

არსებობს თუ არა კანის დაავადებები, რომლებიც განსაკუთრებით ზაფხულში მწვავდება?

კანის მოვლა ყოველთვის აუცილებელია, განსაკუთრებით კი მაშინ როდესაც ზღვარზე მიემგზავრებით, ან საერთო სარგებლობის აუზებით სარგებლობთ. წყალთან შეხებისას კანი ტენიანდება  და მცირდება მისი ბარიერული ფუნქცია, შესაბამისად, შესაძლებელია მოხდეს სხვადასხვა ინფექციების შეღწევა. ზღვაზე როდესაც წახვალთ, ცურვის შემდეგ გადაივლეთ ხოლმე წყალი, მიიღეთ სითხეები და ჰიგიენის წესები მაქსიმალურად დაიცავით. ყოველთვის ატარეთ დამატენიანებელი კრემები. მოსაზრება, რომ წყლით რაიმე გადაგვედო, ასე არ ხდება. ასევე, არ ვიცი დაავადება, როდესაც არ შეიძლება დაბანა, იგივე ჩუტყვავილაზე. უბრალოდ შეიძლება გავითვალისწინოთ სხვადასხვა წესები, მაგალითად არ გამოვიყენოთ უხეში ღრუბელი, გამშრალებისას არ გავხეხოთ სხეული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები