გაეროს საგზაო უსაფრთხოების გლობალურ კვირეულს საქართველოც უერთდება. ჩვენს ქვეყანაში 8-დან 14 მაისამდე ამ პროექტის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი.
კვირეულის ფარგლებში ყოველდღიური აქციები იგეგმება – მათი მიზანია მძღოლებს მთავარი მესიჯი გაუგზავნონ – “გაუფრთხილდი სიცოცხლეს, შეანელე!”.
როგორც “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილმა „ფორტუნასთან“ განაცხადა, მათი სურვილია თითოეულმა მძღოლმა გაიგოს აქციის შესახებ და გაიაზროს კამპანიის არსი.
„კვირეულის ძირითადი მიზანია ცნობიერების ამაღლება და მძღოლის ქცევის შეცვლა“, – აღნიშნა ეკა ლალიაშვილმა „ფორტუნასთან“.
კვირეულის ფარგლებში იგეგმება კონფერენცია გაეროს ადგილობრივ წარმომადგენლობასთან ერთად, სადაც მოწვეულები იქნებიან როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ასევე, ხელისუფლების წარმომადგენლები.
კონფერენციაზე განიხილავენ ახალ კანონპროექტს, რომელიც ძალაში პირველი ივნისიდან უნდა შევიდეს.
„საუბარია საჯარიმო სისტემის ქულებზე გადასვლაზე – კანონპროექტს ამ კვირაში პარლამენტში მესამე მოსმენით განიხილავენ. ჩვენი აზრით, ეს არის უსაფრთხოებისაკენ გადადგმული ნაბიჯი. კანონპროექტი ჩვენი ვარაუდით ავტოავარიებს 20–30%–ით შეამცირებს“, – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.
გაეროს საგზაო უსაფრთხოების დეკადის მთავარი მიზანი 2020 წლისთვის ავტოსაგზაო შემთხვევების დროს დაღუპულთა რაოდენობის 50%–ით შემცირებაა. ეს კამპანია გაერომ 2010 წლიდან დაიწყო და უკვე გარკვეული შედეგებიც აქვს.
ავტოავარიების მსხვერპლი გლობალური პრობლემაა – ავარიების შედეგად დაღუპულთა რიცხვის შემცირებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცდილობენ.
გაერომ მოუწოდა ქვეყნებს რომ ამ მიზნის მიღწევისთვის გარკვეული ღონისძიებები განახორციელონ.
გაეროს მოწოდებას ევროკავშირის ყველა ქვეყანა შეუერთდა. ევროკავშირმა 2015 წელს გამოაქვეყნა ანგარიში სადაც აღნიშნულია, რომ 2011 წლიდან 15–მდე ავტოავარიებში დაღუპულთა რაოდენობა, ყველა ქვეყანაში დაახლოებით, 17–დან 20%–მდე შემცირდა.
საქართველოს საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიაც აქვს და სამოქმედო გეგმაც, თუმცა ამ ეტაპზე არ არის დასახული კონკრეტული მიზანი, რამდენი პროცენტით უნდა შემცირდეს აღნიშნული მაჩვენებელი.
კვირეულის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებაზე ამ საკითხზეც გამახვილდება ყურადღება.
„სახელმწიფომ უნდა დადოს მიზანი და ჩამოწეროს აქტივობები თუ რა მიიყვანს ქვეყანას ამ მიზნამდე. აი მაშინ შეგვეძლება ვთქვათ, რომ საქართველო საგზაო უსაფრთხოების საკითხს სერიოზულად ეკიდება“, – განაცხადა ლალიაშვილმა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლის, საგზაო უსაფრთხოების სამუშაო წევრის თაკო ჩაჩავას განცხადებით, საგზაო უსაფრთხოების სამოქმედო გეგმა დეკემბრის ბოლოს დამტკიცდა ის ერთწლიანია.
გეგმის მიზანია გაუმჯობესდეს მონაცემებთა ბაზა და შეფასდეს რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში.
„ეს გეგმა მრავალუწყებრივია. ჩვენი უწყება ჩვენი კომპეტენციის ფარგლებშია ჩართული. ამაში იგულისხმება ეპიდზედამხედველობის გაუმჯობესება და საკითხის პოპულარიზაცია. ჩვენ ვებ–გვერდზე და სოცილურ ქსელში საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო მასალებს ვავრცელებთ, ასევე ვგეგმავთ პრესკონფერენციის ჩატარებას“, – განაცხადა თაკო ჩაჩავამ.
მისივე თქმით, აუცილებელია მძღოლების ქცევით ცვლილებებზე ორიენტაცია, რადგან კვლევებმა დაადასტურა, რომ ძალიან ხშირად საგზაო შემთხვევა დაკავშირებულია სწორედ ქცევასთან.
გარდა კონფერენციისა, კვირეულის ფარგლებში „გაუსთან“და სხვადასხვა ორგანიზაციებთან ერთად ქუჩის აქციაც იგეგმება. აქტივობების მიზანია, ყველა მძღოლამდე გაეროს გზავნილი მიიტანოს.
არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ცნობად სახეებს ჩაერთონ აღნიშნულ კამპანიაში, რათა ცნობადობა უფრო მეტად გაიზარდოს.
ორგანიზაცია ხელისუფლებას გარდა კონკრეტული მიზნის დასახვისა, ურჩევს რომ სიჩქარის ლიმიტი შეამციროს.
„ჩვენს ქვეყანაში დასახლებულ პუნქტებში დასაშვები სიჩქარე 60 კმ/სთ–ია. კანონი გვაძლევს +15 კმ/სთ–ით მოძრაობის საშუალებას, რაც დასახლებული პუნქტისთვის ძალიან მაღალია. ევროკავშირში დასახლებულ პუნქტებში დასაშვები სიჩქარის მაქსიმუმი 50კმ/სთ–ია. სიჩქარეს დაჯახების დროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. როცა მაღალი სიჩქარით ხდება შეჯახება გადარჩენის შანსი ფაქტობრივად, არ არსებობს. სწორედ ამიტომ მოგვიწოდებს გაეროს მსოფლიო ორგანიზაცია – „შეანელე“, – განაცხადა ლალიაშვილმა.
მისივე თქმით, ავარიის თავიდან აცილება ძალიან რთულია, თუმცა შესაძლებელია, რომ თავიდან აცილებულ იქნას მსხვერპლი.
საგზაო უსაფრთხოების კვირეული 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება და მისი მიზანია მძღოლების ინფორმირება, რომ მაღალი სიჩქარით გადაადგილება განსაკუთრებულ რისკს წარმოადგენს ყველა საგზაო მოძრაობის მონაწილისთვის და ზრდის როგორც ავტოავარიის, ასევე მძიმე დაზიანებებისა და დაღუპვის რისკს.
აქციაში ჩაბმა ყველას შეუძლია: კვირეულის ოფიციალურ ტრაფარეტზე გზავნილის განთავსებით და ფოტოს სოციალურ ქსელში ატვირთვით (ჰეშთეგით #შეანელე #SlowDown ) კვირეულის მიმართ მხარდაჭერა გამოიხატება.
საქართველოში სიჩქარის გადაჭარბება ავტოავარიების ერთ-ერთ წამყვან მიზეზს წარმოადგენს. 2016 წელს სიჩქარის გადაჭარბებით 1 434 შემთხვევა დაფიქსირდა, რის შედეგადაც 102 ადამიანი დაიღუპა და 2 025-მა პირმა მიიღო დაზიანება. ამავე წელს სიჩქარის გადაჭარბების გამო 200 ათასი ადმინისტრაციული ჯარიმა დაფიქსირდა.
თამთა უთურგაშვილი