LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ბავშვმა ქცევის პრობლემები დაძლიოს: ფსიქოლოგი ბაგა-ბაღში

2429

როგორია თბილისის ბაგა-ბაღებში ფსიქოლოგის სამუშაო პროცესი, რა სახის პრობლემებს აწყდებიან მოზარდები – ამ საკითხზე „ფორტუნა“ თბილისის 112-ე საჯარო ბაგა-ბაღის ფსიქოლოგიის სპეციალისტს გაესაუბრა.
გუბიანური თეო ამბობს, რომ თავდაპირველად საკმოდ რთული იყო არათუ ბავშვებთან, არამედ აღმზრდელებთან და მშობლებთანაც კომუნიკაცია, ვინაიდან მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია, რატომ არის საჭირო მოზარდისთვის ადრეულ ასაკში ფსიქოლოგთნ ურთიერთობა.

 

მშობელი კატეგორიული წინააღმდეგი იყო ბავშვს ფსიქოლოგთან კომუნიკაცია ჰქონოდა

„წელიწადნახევარია, რაც 112-ე საჯარო ბაგა-ბაღში ვმუშაობ. მოსვლის დროს დამხვდა შემდეგი ვითარება: საერთოდ არ იცოდნენ რას წარმოადგენდა ფსიქოლოგი და რისთვის იყო საჭირო. მეტიც, ექიმი ვეგონე მშობლებს და მათ შორის, თანამშრომლებსაც. ხშირ შემთხვევაში მშობელი კატეგორიულად წინააღმდეგიც იყო, რომ ბავშვს ფსიქოლოგთან კომუნიკაცია ჰქონოდა. ამბობდა, რომ ბავშვს არაფერი სჭირს. ასეთ დროს არც ვაძალებდით, ვინაიდან თავად მშობელიც ძალიან იძაბებოდა. მსგავსი შემთხვევები ახლაც ფიქსირდება და მშობელს ვუხსნით, რომ ქცევის პრობლემის მქონე ბავშვი გარშემომყოფებს არ აწუხებთ, უბრალოდ, უყურადღებობის შემთხვევაში თვითონ მოზარდი დაზიანდება, რისთვისაც მინიმალური დახმარება აუცილებელია. ახლა კი საერთოდ სხვა ვითარებაა – გაწეული მუშაობის შემდეგ მივაღწიეთ იმას, რომ მშობლები, აღმზრდელები და ბავშვებიც ფსიქოლოგთან კომუნიკაციას ითხოვენ.

 

ბაგა-ბაღებში ფსიქოლოგის მუშაობამ დადებითი შედეგი გამოიღო

ცნობიერების ასამაღლებლად ჯგუფური სამუშაოები ტარდება აღმზრდელებისთვის. მუშაობას ვიწყებ შემდეგი სტილით: დავდივარ ჯგუფებში, თუ ბავშვს შევამჩნიე, რომ ქცევის ან განვითარების პრობლემა აქვს, მივმართავ აღმზრდელს, რომლისგანაც პირველად ინფორმაციას ვიღებ, შემდეგ კი ვიბარებთ მშობელს. მას გავესაუბრები და დეტალურად ვეკითხები დაბადებიდან დღემდე, როგორ მიმდინარეობდა ბავშვის განვითარების ეტაპი. თუ დაფიქსირდა მოზარდის დიაგნოსტირების საჭიროება, მშობელს ვთხოვ, რომ აღსაზრდელი სპეციალურ ცენტრში მიიყვანოს. ბავშვები, რომლებიც დადიან დიაგნოსტიკურ ცენტრში, სპეციალურ თერაპიას გადიან. ხოლო ბავშვებს, რომლებსაც აღნიშნულ ცენტრში ვიზიტი არ სჭირდებათ და უბრალოდ, ქცევის პრობლემა აქვთ, მას ბაღში ვაგვარებთ, რომელშიც ჩართულები არიან მშობლები. ვუხსნით, რომ მოზარდს ოჯახშიც იგივე პირობები უნდა ჰქონდეს, როგორიც ბაღში აქვს. ერთობლივად ვგეგმავთ, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, იმისთვის რომ ბავშვმა ქცევის პრობლემები გარკვეული დროის განმავლობაში დაძლიოს. აქედან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, რომ ბაგა-ბაღებში ფსიქოლოგიის პედაგოგის მუშაობამ საკმაოდ დადებითი შედეგი გამოიღო“, – ამბობს თეო გუბიანური.
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო აგრძელებს პროფესიონალი კადრების შერჩევას ფსიქოლოგის, ლოგოპედისა და სპეც-პედაგოგის პოზიციის დასაკავებლად. როგორც „ფორტუნასთან“ სააგენტოს თავმჯდომარე თემურ თორდინავამ განცხადა, სპეციალური კვლევა ჩატარდა, რომლის საფუძველზეც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბაღებში ლოგოპედების, ფსიქოლოგების და სპეც-პედაგოგების მუშაობა საჭიროა.

„2016 წლის პირველი ნახევრიდან დავიწყეთ ფსიქოლოგებისა და ლოგოპედების შერჩევა, მაგრამ პარალელურ რეჟიმში, საბავშვო ბაღებში, სადაც გვყავდა ფსიქოლოგიც და ლოგოპედიც, დავიწყეთ მათი გადამზადების ეტაპი. საკმაოდ ხანგრძლივი სამუშაოები გატარდა, რათა ამ მიმართულებით პროფესიონალთა კადრები მოგვეზიდა. როგოც ცნობილია, წლების წინ გაუქმდა ბაგა-ბაღებში აღნიშნული შტატები, კვლევაც ჩავატარეთ, გავესაუბრეთ მშობლებსაც და რეალური მიზეზი ვერ დავადგინეთ, თუ რამ გამოიწვია ბაღებში ფსიქოლოგებისა და ლოგოპედების შტატების გაუქმება. სწორედ ამ კვლევის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა საბავშვო ბაღში შეგვექმნა ფსიქოლოგისა და ლოგოპედის შტატი, შესაბამისად ეტაპობრივად მოხდა კადრების გადამზადებაც, რომელიც წელსაც გრძელდება. რაც შეეხება შედეგს, ამაზე საუბარი შესაძლებელი იქნება 2017 წლის სექტემბერში, როდესაც ყველა ფსიქოლოგის და ლოგოპედის გადამზადების ეტაპი დასრულდება. ასევე, იმ ბაღებში, სადაც შშმ ბავშვები გვყავს, სპეციალური პედაგოგის შტატი დავუშვით. აქედან გამომდინარე, ბაღების მართვის სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ იმ ბაღებისთვის, სადაც კვალიფიციური ფსიქოლოგები და ლოგოპედები არ გვყავს, მოვიზიდოთ აღნიშნული სპეციალისტები და ასევ სპეც-პედაგოგები“, – განაცხადა „ფორტუნასთან“ საუბრისას თემურ თორდინავამ.

 

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა დოკუმენტაცია 2017 წლის 28 თებერვლამდე ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს საკადრო სამსახურს უნდა წარუდგინონ. გასაუბრება 6 და 7 მარტს არის დაგეგმილი. გასაუბრების ზუსტი დროის შესახებ აპლიკანტებს ეცნობებათ სმს-შეტყობინების სახით.

 

სალომე კვარაცხელია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები