LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მასწავლებელს თქვენი შვილი არ მოსწონს

1147
apr29-part05-14-798x418

მასწავლებლობა მარტივი არ არის, მითუმეტეს თუ პედაგოგს მრავალრიცხოვან კლასთან უწევს მუშაობა. მშობლები აცნობიერებენ, რომ შვილების სასწავლო პროცესში პრობლემები ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება წარმოიშვას.

რა ხდება მაშინ, თუ მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ურთიერთგაგება არ არის? თუ მშობლებს მიაჩნია, რომ ბავშვი კარგად სწავლობს ან სანიმუშოდ იქცევა, მასწავლებელს კი საპირისპირო მოსაზრება აქვს?

ასეთ შემთხვევაში დამნაშავედ ვერც მოსწავლეს და ვერც მასწავლებელს ვერ მოვიაზრებთ.

ფაქტია, რომ მოსწავლე-მასწავლებლის კონფლიქტი არცერთი მხარისთვის კარგის მომტანი არ არის. ორივე მხარე უნდა ეცადოს მათ შორის ურთიერთგაგების ჩამოყალიბებას.

თუ თქვენს შვილსა და მასწავლებელს შორის გაუცხოებაა, ამას ბევრი სუბიექტური და ობიექტური მიზეზი განაპირობებს.

პირველი რჩევა – ნუ განეწყობით ნეგატიურად მასწავლებლის მიმართ და სიტუაცია ორივე მხრიდან შეაფასეთ

ნუ დაანახებთ თქვენს უარყოფით დამოკიდებულებას შვილს. ყველაფერი, რასაც ბავშვი მოისმენს სახლში, სკოლაში მიიტანს, რამაც სიტუაცია შესაძლოა უფრო მეტად გაამძაფროს. ბავშვმა სკოლის ასაკიდანვე უნდა ისწავლოს, რომ ცხოვრებაში ვისაც შეხვდება ყველას ვერ მოეწონება.

ასწავლეთ ბავშვებს დიპლომატიურობა. მას უნდა შეეძლოს პრეტენზიის სწორი ფორმით გამოხატვა – ,,თუ შეიძლება ასეთი ტონით არ მესაუბროთ”; ,,შეგიძლიათ უფრო გასაგებად ამიხსნათ” და ა.შ.

მაქსიმალურად ღიად ისაუბრეთ უშუალოდ საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის შესახებ. რა აქტივობებშია ჩართული? აძლევს თუ არა მასწავლებელი ფიქრის,
განსჯის და განსხვავებული ინტერპრეტირების საშუალებას? ეცადეთ, შვილისგან მიიღოთ მაქსიმალური ინფორმაცია, სწავლის პროცესში რა არის მისთვის დანახული ძირითადი პრობლემა. არ ჰკითხოთ ბავშვს რა ნიშანი მიიღო, უმჯობესია თუ დაინტერესდებით – რა გაიგო ახალი.

ნებისმიერ მშობელს შვილის დაცვის ბუნებრივი ინსტიქტი აქვს, მაგრამ თქვენ უნდა ხვდებოდეთ, რომ თუკი რაიმე კონფლიქტი წარმოიშვა, ყველა მხარეა პასუხისმგებელი.

შეხვდით მასწავლებელს

ყოველგვარი განსჯის გარეშე, დაგეგმეთ შეხვედრა მასწავლებელთან და ეცადეთ, იყოთ მაქსიმალურად მიუკერძოებელი. დაიცავით ეთიკა და იყავით კორექტული . ნუ დაიწყებთ საუბარს პირდაპირ პრობლემით, ჰკითხეთ ბავშვის მოსწრების და ქცევის შესახებ. მასწავლებელმა უნდა იგრძნოს, რომ თქვენ მზად ხართ თანამშრომლობისთვის. პედაგოგის აზრის მოსმენის შემდეგ, თქვენი შეხედულება მშვიდად დააფიქსირეთ.

დაუსვით კითხვები, როგორ ეხმარება ის საკუთარ მოსწავლეს აზროვნების პროცესის გაცნობიერებასა და ამოქმედებაში? რა უნდა გამოასწოროს და კონკრეტულად, რა მასშტაბის პრობლემა იკვეთება სწავლის პროცესში?

ჩამოაყალიბეთ სტრატეგია

ალბათ, გაგიგიათ გამოთქმა შვილი მშობლის სარკეაო. გამოსავლის საპოვნელად, პირველ რიგში, შვილს უნდა აჩვენოთ პატივისცემის მაგალითი. შვილს უნდა დაანახოთ, რომ მასწავლებელიც ადამიანი, რომ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება შეცდომა მოუვიდეს და ყველა სიტუაცია სამართლიანად ვერ განსაჯოს. შეიძლება, მოხდეს პირიქითაც.

ბავშვს უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ მასწავლებელი არის ადამიანი, რომლისგან ის ყოველდღე ახალ რამეს ისწავლის. ბავშვმა არ უნდა იგრძნოს, რომ მშობელი მუდამ მის მხარეს იქნება, ამიტომ შეუძლია მოიქცეს ისე, როგორც მოისურვებს.

თუკი, კონსტრუქციული დიალოგით პრობლემას ვერ აგვარებთ ჩართეთ მესამე პირი, მაგალითად, ფსიქოლოგი. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია ჯერ გაარკვიოთ საკუთარ თავთან, რა უფრო გაინტერესებთ, ქულები თუ ბავშვის თავისუფალ პიროვნებად აღზრდა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები