LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა მივხვდეთ, რომ მოზარდს ტერფის პრობლემა აქვს – ტერფის სპეციალისტის,  თამარ კოტარიას რჩევები

5738
თამარ კოტარია

როგორ უნდა გავიგოთ, გვაქვს თუ არა ტერფის პრობლემები და რა დამახასიათებელი სიმპტომებით ვლინდება ის მოზარდთა ასაკში. ამ თემაზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“, ტერფის სპეციალისტმა, თამარ კოტარიამ ისაუბრა:

„ტერფის პრობლემას კონკრეტული, დამახასიათებელი ჩივილები აქვს, მაგალითად, ტკივილი ქუსლის არეში, თაღის მიდამოში, ასევე წვივის, მუხლის, ბარძაყის, წელის, ზურგის, კისრის მიდამოებში. ტერფი იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ძვალსახსროვანი სისტემისთვის და იმდენად ბევრი რამ არის მასზე დამოკიდებული, რომ ბრტყელტერფიანობის დროს, ხშირად თავის ტკივილებიც კი არსებობს, განსაკუთრებით მოზარდებში. ასეთ დროს, ადამიანები პრობლემის დიაგნოსტირებას თავად, რა თქმა უნდა, ვერ ახერხებენ, ისინი აკითხავენ ბევრ სხვადასხვა სპეციალისტს და ბოლოს აღმოაჩენენ, რომ ამ თავისტკივილების მიზეზი ბრტყელტერფიანობაა. ტერფში არსებული დატვირთვა ტერფში არ ქრება, ის ყველა მასზე დაყრდნობილი სახსრის საშუალებით ყველა სხვა სახსარს გადაეცემა და თავის ქალამდეც საკმაოდ დიდი დატვირთვა აღწევს. შესაბამისად, ხანდახან, პრობლემა შეიძლება მოშორებული იყოს ტერფს, მაგრამ მიზეზი ტერფი იყოს. 

ტერფის პრობლემები ხშირად ძალიან მალევე, მოზარდობის ასაკში ვლინდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ 5-7 წლის ბავშვი აქტიურ სპორტში აღმოჩნდება, რადგან როდესაც დატვირთვა მიადგება ტერფს, პრობლემა მაშინვე გამოვლინდება. ამ შემთხვევაში, ბრტყელტერფიანობას ვგულისხმობ. ბრტყელტერფიანობის შემთხვევაში არის ისეთი სიტუაციები, როდესაც ბავშვი ხშირად ვარდება, ხშირად უბრუნდება ფეხი, აქვს სიმძიმის შეგრძნება. ასეთი ბავშვები ხშირად ითხოვენ ხელში აყვანას, დაჯდომას და ხშირად მათ ამას სიზარმაცეში უთვლიან, მაგრამ ეს ასე არ არის, ეს პრობლემა მათ აწუხებთ და ეს აუცილებლად ყურადღება მისაქცევია“ – განაცხადა თამარ კოტარიამ.

რა სიმპტომები მიანიშნებს ტერფის პრობლემებზე და რაში გვეხმარება სუპინატორი – ტერფის სპეციალისტის თამარ კოტარიას რეკომენდაციები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები