ხშირად ფსიქოლოგებს მშობლები ბავშვის სიმორცხვის თაობაზე მიმართავენ. ისინი, ძირითადად აღნიშნავენ სოციალურ გარემოში ბავშვის შეუსაბამო ქცევას, მაგ: ,,ხმას ვერ ამოაღებინებ“, ,,არავის არ ესალმება“. ბავშვის ასეთი რეაქცია ძირითადად ვლინდება საბავშვო ბაღში, სკოლაში, დაბადების დღეზე და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში.
გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარია ნეიროფსიქოლოგი მაია მაჭავარიანი.
როგორ ვლინდება სიმორცხვე?
ხშირად ბავშვის სიმორცხვეს მიიჩნევენ უარყოფით თვისებად, განსაკუთრებით ისეთ კულტურებში, სადაც მიღებულია ინტენსიური სოციალური ინტერაქცია, ღირებულია კომუნიკაბელობა და აქტიურობა. ასეთი კულტურული ნორმების ფონზე, მორცხვი ბავშვი გვევლინება ,,პრობლემურ“ ადამიანად. თუმცა, უნდა ითქვას, რომ სიმორცხვეს გააჩნია თავისი ბუნებრივი საფუძველი. სიმორცხვე არის ბუნებრივი მექანიზმი, რომელიც ეხმარება ბავშვს სწორი და ჯანსაღი მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებაში. კერძოდ, იდეალური განვითარების პირობებში სიმორცხვე ჩნდება 5-6 თვის ასაკში, როდესაც ჩვილი იწყებს უცხოობას, რაც გამოიხატება უცხო ადამიანების (არა ოჯახის წევრების) მიმართ შიშის რეაქციაში. მაგ; თუ უცხო ადამიანი აიყვანს ხელში, ამ ასაკის ბავშვის ბუნებრივი რეაქციაა ტირილი და დედასთან დაბრუნების მცდელობა. მისთვის მნიშვნელოვანია იყოს ახლობელი ადამიანების გარემოცვაში. მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება იწვევს ბავშვის სამყაროს მკაფიო დაყოფას: ერთ მხარეს არიან ადამიანები, რომლებთანაც მიისწრაფის – მათთან ჩვილი მშვიდად და დაცულად გრძნობს თავს, ხოლო მეორე მხარეს კი ის ადამიანები, რომლებთანაც ურთიერთობას გაურბის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სიმორცხვე არის ბუნებრივი მექანიზმი, რომელიც, ერთის მხრივ, უზრუნველყოფს ბავშვის სიახლოვეს იმ ადამინებთან ვინც ზრუნავს და პასუხისმგებელია მასზე, ხოლო მეორეს მხრივ, იცავს ბავშვს უცხო ადამიანების ზეგავლენისგან.
არის თუ არა სიმორხცვე კომუნიკაციისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი?
ხშირად სიმორცხვეს აიგივებენ კომუნიკაციის შიშთან ან სოციალურ შფოთვასთან. როდესაც ადამიანს აქვს სოციალური ურთიერთობის დამყარების შიში და გაურბის სხვა ადამიანებთან ურთიერთობას, ადგილი აქვს ძალიან მაღალ, ინტენსიური ხასიათის შფოთვას, ეს მდგომარეობა უნდა გრძელდებოდეს სულ მცირე 6 თვე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანების მხოლოდ ნახევარი აღნიშნავს, რომ მორცხვია. ეს არსებითად განსხვავებული ფენომენებია და სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია განვასხვავოთ ერთი მეორისგან.
აკრძალვა, შენიშვნები თუ შეიძლება გახდეს ჩაკეტილობის და უკონტაქტობის მიზეზი?
სიმორცხვის შემთხვევაში, ზედმეტი ზეწოლა მშობლების მხრიდან შეიძლება გახდეს შფოთვის წყარო. ხშირად მოზრდილისათვის ჩვეული სიტუაცია და სოციალური გარემოცვა ბავშვისათვის სრულიად უცხო და ახალია. ასეთ სიტუაციაში ბავშვის ქცევა შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს: ბავშვი შეიძლება გაჩუმდეს, არ ჩაერთოს საერთო აქტივობაში ან გაუბრაზდეს უცხო ადამიანს, რასაც ხშირად მოსდევს მშობლის მხრიდან შერცხვენა, გაღიზიანება ან უკმაყოფილება და შენიშვნები: ,,ასე ვინ იქცევა?“ ,,რა დაგემართა?“ ,,უნდა ჩამოართვა ხელი“ ,,ნუ ტირი, სირცხვილია“. შედეგად ბავშვი იღებს გზავნილს: ,,შენ გამანაწყენე“, ,,იმედი გამიცრუვდა“, ,,უვარგისი ხარ“. ასეთი უკუკავშირის შემთხვევაში, ბავშვს უყალიბდება დაბალი თვითშეფასება: ,,მე ცუდი ვარ“ და შფოთვაც მსგავსი სიტუაციების მიმართ. შემდგომში ბავშვი უკვე წინასწარ ნერვიულობს, თუ რა მოხდება და ეცდება თავიდან აიცილოს მისთვის უსიამოვნო გამოცდილება. ზოგჯერ შფოთვა იმდენად მაღალია, რომ შეიძლება ადგილი ჰქონდეს შფოთვის სომატიზაციას, ანუ შფოთვის ნიადაგზე შეიძლება ბავშვმა იავადოს, ასტკივდეს თავი ან მუცელი, აუწიოს სიცხემ, ჰქონდეს გულისრევა და ა.შ.
ასევე, განსაკუთრებული ზეგავლენა აქვს კრიტიკის და უკუკავშირის ფორმას მშობლის მხრიდან. განსაკუთრებით ეს ეხება შენიშვნებს და შვილის შერცხვენას სხვა ადამიანების თანდასწრებით. თუ ბავშვს ხშირად ეუბნებიან ,,ნუ შეაწუხე ყველა“, ,,შენ არ გეკითხებიან, პატარა ხარ“, ,,რანაირად ჭამ!“. ბავშვს ესმის: ,,გაჩუმდი!“, ,,შენ ხმის ამოღების უფლება არ გაქვს!“, ,,ემოცია არ უნდა გამოხატო!“ ,,ჭამა სირცხვილია!“. შესაბამისად, ადრე თუ გვიან დაისწავლის, რომ ,, სახლის გარეთ“ უნდა ჩუმად იჯდეს, არ უნდა ირბინოს, იცელქოს, რადგან ხალხი წუხდება.
მშობლების ფაქტორი რა როლს თამაშობს ბავშვების კომუნიკაბელურობაზე?
ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, პირველ რიგში იმიტომ, რომ ბავშვები სწავლობენ მოდელირებით. ყველაზე კარგად სწავლობენ მშობლის მაგალითზე. თუ მშობელი თავს კომფორტულად არ გრძნობს სხვა ადამიანების გარემოცვაში, შფოთავს როდესაც ექცევა ყურადღების ცენტრში და ცდილობს თავი აარიდოს მსგავს სიტუაციას, ბავშვი მშობლის დაძაბულობას იგრძნობს და ,,დაისწავლის“ , რომ ასეთი სიტუაციები ,,საშიშია“ . თუმცა, სოციალურად აქტიურ და კომუნიკაბელურ მშობელს შეიძლება ჰყავდეს მორცხვი შვილი და პირიქით, არაკომუნიკაბელურ მშობელს შეიძლება ჰყავდეს აქტიური შვილი, ლიდერის გამოხატული თვისებებით. აქ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ადამიანის ტემპერამენტი. სხვადასხვა ტემპერამენტი განპირობებულია ნერვული სისტემის თავისებურებებით. ეს ადამიანის თანდაყოლილი თვისებებია და ამდენად, არიან ადამიანები ვისაც ,,ჰაერივით“ სჭირდება, საზოგადოება, ყურადღების ცენტრში ყოფნა, ხალისი, ხმაური და ბევრი მეგობარი, თუმცა არიან ადამიანები, ვინც ყველაზე კომფორტულად თავს საკუთარ თავთან გრძნობენ. მეგობარი სჭირდება 1 ან 2, ისიც არა ყოველდღე, რადგან ინტენსიური ურთიერთობა, ხმაური ღლის, ყურადღების ცენტრში ყოფნა მისთვის ისეთივე უსიამოვნოა, როგორც აქტიური ტემპერამენტის მქონე ადამიანისთვის სრული სიწყნარე. ამიტომ უნდა დავფიქრდეთ რამდენად კომფორტულია კონკრეტული ინდივიდისთვის ის მოთხოვნები, რასაც ხშირად ვუყენებთ ბავშვებს: ,,აბა, ლექსი მოყევი“, ,,მიდი აკოცე დეიდას“ და მისთ. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ბუნებრივია მიდგომაც ინდივიდუალური გვმართებს.
7 რჩევა მაია მაჭავარიანისგან:
გადაცემის ჩანაწერი: