LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შევარჩიოთ ყველაზე კარგი სმარტფონი

44

კარგი სმარტფონის შერჩევა ხშირად ბევრ წვრილმანზეა დამოკიდებული. კარგი კამერა, მისაღები დიზაინი, მეხსიერების ბარათის მხარდაჭერა, პროცესორის სიჩქარე, გრაფიკული ამაჩქარებელი, დისფლეის გაფართოება, ოპერაციული სისტემა – ეს ის ძირითადი დეტალებია, რომელზეც გამოცდილი მყიდველი აუცილებლად ორიენტირდება.

ყოველწლიურად, მწარმოებლები ცდილობენ ამ სფეროში არსებულ ტენდენციებს არ ჩამორჩნენ. ლოგიკურია, ბაზარზე მოწინავე პოზიციას გაყიდული პროდუქტის რაოდენობა განსაზღვრავს, რაც პირდაპირ კავშირშია კლასებისა და ფასების მრავალფეროვნებასთან.

კომპანია Apple-ის მაგალითზე, ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ამერიკული ბრენდის წარმომადგენლობა ამ ლოგიკით არ ხელმძღვანელობს. სწორედ ამიტომაა მსოფლიოს მასშტაბით Google-ის ოპერაციულ სისტემაზე – Android-ზე მომუშავე სმარტფონების გაყიდვების მაჩვენებელი გაცილებით მაღალი.

აღნიშნულ პლათფორმაზე უამრავი ტიპის მოწყობილობაა წარმოდგენილი:

იაფი სმარტფონები, რომელიც გრაფიკულად დატვირთული თამაშების გაშვებას ვერ ახერხებს, თუმცა საბაზისო, საკომუნიკაციო აპლიკაციების გამოყენება სავსებით შესაძლებელია;

• ბიუჯეტური სმარტფონები, რომელიც თამაშებსა და სხვადასხვა სირთულის მქონე აპლიკაციებს მეტ-ნაკლებად უმკლავდება;

ფლაგმანური მოდელები, რომელიც ყოველთვის ძვირი ღირს, რადგან იმ მომენტისთვის არსებულ აპლიკაციებს უპრობლემოდ უმკლავდება.

ახლოვდება წლის ბოლო, შესაბამისად, ანალიტიკურმა საიტმა pocket-lint-მა შემაჯამებელი პოსტი გამოაქვეყნა. სტატიაში წარმოდგენილია 2016 წლის ყველაზე საუკეთესო სმარტფონების ჩამონათვალი, რომლის ყიდვაც ამ ეტაპზეა შესაძლებელი. მოწყობილობები ფლაგმანური კლასისაა:

Huawei Nexus 6P

სმარტფონი Google-ის საავტორო ხაზის – Nexus-ების ბოლო წარმომადგენელია. ამერიკულმა გიგანტმა იგი ჩინურ მწარმოებელთან – Huawei-სთან თანამშრომლობით გამოუშვა. გაჯეტი სისტემის უკანასკნელი ვერსიითაა წარმოდგენილი და სავარაუდოდ, განახლებებს კიდევ რამდენიმე წელი მიიღებს. 32 GB-იანი ვერსიის შეძენა Amazon-ზე სულ რაღაც 499$-ადაა შესაძლებელი. საქართველოს ბაზარზე მოწყობილობა 1299 ლარიდან 1499 ლარამდე ფასებში მერყეობს. (დამოკიდებულია ოპერატორის თუ ინტერნაციონალურ ვერსიაზე)

Apple iPhone 6S

Apple-ის ფლაგმანი, რომელიც მიუხედავად მისი ფასისა და ტექნიკური მახასიათებლების სისუსტისა (კონკურენტ გაჯეტებთან შედარებით), ბრენდის პოპულარობის გამო, ბაზარზე წლის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მოდელია. დივაისი აღჭურვილია Apple-ის საფირმო სერვისებით და 12 მეგაპიქსელიანი კამერით. განბლოკილი მოდელის საერთაშორისო ფასი 649 აშშ დოლარია. საქართველოს ბაზარზე გაჯეტი 1849 ლარია. სმარტფონი ამავე წელს ჩანაცვლდა მომდევნო თაობით – iPhone 7-ით, რომელიც ასევე ამ ტოპშია განთავსებული.

Samsung Galaxy S7

Samsung-ის წლის ფლაგმანი, რომელიც საოცრად სწრაფი პროცესორით, 4 GB -იანი ოპერატიულითა და Android-ის ფინალური ვერსიითაა წარმოდგენილი. მწარმოებლის მტკიცებით, გაჯეტი ბაზარზე საუკეთესოა არამხოლოდ მისი ტექნიკური მახასიათებლებით, არამედ სტილური და პრემიუმ დიზაინით. მოწყობილობა პოპულარულია ამერიკის ბაზარზე, ასევე ევროპაში. მისი საბაზრო ღირებულება Amazon-ზე 527 აშშ დოლარია, ხოლო საქართველოს ბაზარზე მისი შეძენა 1500 ლარადაა შესაძლებელი.

 Google Pixel XL

Google-ის საავტორო მოდელი. სმარტფონი, რომელიც ამ ეტაპზე უპირობო ლიდერია. Pixel-ის კლასი, ამერიკულმა გიგანტმა, სპეციალურად Android-ის სუფთა სისტემის მოყვარულებისთვის შექმნა. არამოდიფიცირებული, ორიგინალი OS-ი, რომელიც საკმაოდ ძლიერ ტექნიკურ მახასიათებლებთან ერთად მუშაობს. MKBHD-ის (YouTube high-tech-ბლოგერის) აზრით, ამ ეტაპზე Android-ის სისტემაზე Pixel-ი ნომერ პირველი სმარტფონია. მოწყობილობის ფასი ამერიკულ მარკეტში 659 $-ია, საქართველოში მისი საბაზრო ღირებულება 2199 $-ს შეადგენს.

Sony Xperia Z5 Premium

Sony-ის ფლაგმანი, რომელმაც Z სერია დახურა. პირველი სმარტფონი, რომელიც 4K დისფლეითაა აღჭურვილი. გაჯეტი Snapdragon 810-ის პროცესორზე მუშაობს. 23 მეგაპიქსელიანი კამერა, წყალგაუმტარი კორპუსი და საოცრად ოპტიმირებული სისტემა, რომელიც სწრაფად მუშაობას განაპირობებს – მოწყობილობის მთავარი ღირსებებია. საერთაშორისო საბაზრო ღირებულება 539 $-ს შეადგენს. ქართულ ბაზარზე მისი საცალო ღირებულება 1455 ლარია.

Apple iPhone 7 Plus

და ბოლოს, Apple iPhone 7 Plus – მოწყობილობა, რომელიც წლის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სმარტფონია. იგი Apple-ის უკანასკნელ ჩიპსეტზე მუშაობს და ორმაგი კამერითაა წარმოდგენილი. სმარტფონის საბაზრო ღირებულება ამერიკაში 924 $-ს ხოლო საქართველოში 2700 ლარს შეადგენს.