LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოაგვარა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ბაღებში გადატვირთულობის პრობლემა

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში სწავლის დაწყებიდან, თითქმის, ორი თვის შემდეგ, საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, თემურ თორდინავა, კვლავ ირწმუნება, რომ ბაგა-ბაღების გადატვირთულობის პრობლემის ამსახველი სურათი არაა ზუსტი. თუმცა, ამის მიუხედავად, ბავშვებს გადატვირთულ ჯგუფებში, საწოლების არასრული რაოდენობის გამო, ძილი კვლავ მორიგეობით ან უარეს შემთხვევაში პირდაპირ იატაკზე უწევთ, რადგან საწოლს მიღმა დარჩენილი პატარების ნაწილი მთელი დღეს ფხიზლად ვერ ძლებს და პირდაპირ თამაშისას, ხალიჩაზე ეძინებათ.

ამაზე ბაღის პედაგოგები უკმაყოფილებას პირად საუბრებში გამოთქვამენ, თუმცა, საჯაროდ საუბრისას თავს იკავებენ.

სააგენტოს ხელმძღვანელი კი ამბობს, რომ ყველა საჯარო ბაღს, სადაც ამის აუცილებლობა იყო, მიეცა დამატებითი თანხები საჭირო ინვენტარის შესაძენად და ამ მხრივ პრობლემა აღმოფხვრილია. 

რა თანხა გამოიყო და როგორ გადანაწილდა ფინანსები ბაღებში საჭირო ინვენტარის შესაძენად, „ფორტუნამ“ სააგენტოსგან ეს ინფორმაცია საჯარო წესით გამოითხოვა. დაგვიანებით მიღებულ პასუხში ამ კითხვაზე პასუხი არ იყო, შემდეგ კი თავად სააგენტოს ხელმძღვანელმა განგვიმარტა, რომ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღები ვაუჩერული სისტემით ფინანსდება. ისინი თავად წყვეტენ, თანხები სად და როგორ უნდა გაანაწილონ.

თორდინავას მტკიცების მიუხედავად, საპირისპირო სურათია თავად ბაღების ნაწილში, სადაც საჭირო ინვენტარის შეძენის შემთხვევაშიც, ამჯერად პრობლემა უშუალოდ ოთახების ფართების სიმცირესთანაცაა.

სააგენტო ბაღებში ფართების პრობლემას კი ახალი საჯარო ბაღების გახსნით პასუხობს.

დღეის მდგომარეობით თბილისში 171 ბაღი ფუნქციონირებს, სადაც ჯამში 61300 აღსაზრდელი ირიცხება.  2016-2017 სასწავლო წლის  მაჩვენებელთან შედარებით, წელს  5 ბაღით  მეტია, სადაც შარშან, ჯამში, 58 732 ბავშვი ირიცხებოდა.  

„ჩვენ მშობლებს სწავლის დასაწყისში ვუხსნიდით, რომ ჯგუფებში გადატვირთულობის პრობლემა იყო. იმის გამო, რომ საჯარო ბაღების ხარისხი აიწია, 1800-მდე ბავშვი მოვიდა წელს კერძო ბაღიდან ჩვენთან. მოთხოვნა მაღალია და ამ მოთხოვნას ჩვენ ვპასუხობთ ახალი ბაღების მშენებლობით. 2017 წლის განმავლობაში, ჯამურად, მოქმედ საბავშვო ბაღებში 105 -ზე მეტი ჯგუფი დაემატა, რაც რომ გაამრავლოთ, 10 საბავშვო ბაღის ტოლფასია,“ –  განუცხადა „ფორტუნას“ თორდინავამ.

რაც შეეხება იმას, დაემატა თუ არა გადატვირთულ  ჯგუფებში აღმზრდელები, ბაღების მართვის სააგენტოში საჯარო წესით გამოთხოვნილ ინფორმაციაზე „ფორტუნას“ უპასუხეს, რომ ბაღებში, სადაც  50-ზე  მეტი ბავშვია რეგისტრირებული, დაემატა ახალი კადრი – აღმზრდელის თანაშემწე  და თბილისის მასშტაბით სულ ასი  კადრია დამატებული.

მარიამს შვილი 213-ე საჯარო ბაღში დაჰყავს. ჯგუფში 54 ბავშვი ირიცხება, მიუხედავად ამისა, მათ კვლავ აღმზრდელი და აღმზრდელის თანაშემწე უვლიან. ბაღის დირექტორი, ნინო ლუმინეიშვილი, „ფორტუნასთან“ საუბრისას ამბობს, რომ მას დამატებითი შტატის მოთხოვნით სამინისტროსთვის არ მიუმართავს, რადგან ამის საჭიროება არ იყო. 

„უფრო მეტად მჭირდებოდა ტექნიკური პერსონალი და ამით დამაკმაყოფილეს.  ჯგუფში 50  ბვშვი მყავს და 40 -ზე მეტი  არ დადის.  მე არ მომითხოვია, ვინც მოითხოვა. იმას დაუმატეს. მე ჯგუფში მყავს აღმზრდელი და აღმზრდელის თანაშემწე. ორი ადამიანი ძალიან კარგად უვლის  ამ სიტუაციას და ზედმეტი კადრი ნამდვილად  არ მჭირდებოდა,“  –  განაცხადა     ნინო ლუმინეიშვილმა.

დამატებითი პერსონალი არ დაუმატებიათ 196-ე ბაღში, თუმცა, ამისგან განსხვავებით, ნინო ღონღაძე „ფორტუნასთან“ საუბრისას ამბობს, რომ  197-ე ბაღში, სადაც მისი შვილი სწავლობს, დაამატეს ერთი აღმზრდელი, რომელიც ბაღში 10:30-დან  15:00 საათამდე მუშაობს.

 

 

ქეთი გიგოლაშვილი