რამდენიმე დღის წინ დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული და ეს მას შემდეგ მოხდება, რაც მედიცინის სპეციალისტები ამის რეკომენდაციას გასცემენ.
კახა კალაძეს თქმით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ავტობუსებში გარკვეული წესები იმოქმედებს, რომელთაც სპეციალურად დაქირავებული ადამიანები გააკონტროლებენ და მგზავრებს მიუთითებენ როგორ უნდა დასხდნენ.
“მაშინ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როდესაც დარგის სპეციალისტების მხრიდან მითითებები გაკეთდება. რა თქმა უნდა, ადამიანებზე, რიგით მოქალაქეებზე ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული. საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჩვენ გვეყოლება ადამიანები, რომლებიც მიუთითებენ, თუ როგორ უნდა დასხდნენ და როგორ უნდა დადგნენ, მაგრამ საზოგადოების გონიერება და სიფხიზლე მაინც მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით”, – განაცხადა კალაძემ.
თუმცა თბილისის მერს არ უსაუბრია სამარშრუტო ტაქსებზე, განხორციელდება თუ არა მსგავსი ცვლილებები აქაც, ამის გასარკვევად “ფორტუნა” მერიას დაუკავშირდა.
როგორც მერიაში გვითხრეს, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს ჯერჯერობით არ მიუღია, ამ საკითხზე მას შემდეგ იმსჯელებენ, რაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გამოსწორდება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის დრო მოახლოვდება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტში კი მიაჩნიათ, რომ ჰიგიენის ნორმების, დისტანციის დაცვა და ტრანსპორტის მუდმივი დამუშავება კორონავირუსული პანდემიის ჩავლის შემდეგაც აუცილებელი იქნება.