LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გვართმევს შფოთვა ცხოვრებას – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

904
თამარ-გოგოლაძე

როგორ გვართმევს შფოთვა ცხოვრებას – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა თამარ გოგოლაძემ ისაუბრა.

რა არის შფოთვა?

შფოთვა ცოცხალი არსებების ნაწილისთვის დამახასიათებელი სხეულებრივი რეაქციაა აღქმულ საფრთხეზე.

როგორც კი თავის ტვინი საფრთხეს აღიქვამს, ჩვენს სხეულში იცვლება გულისცემის სიხშირე, სისხლის მიმოქცევა, სუნთქვის სიხშირე. თავის ტვინი ჰორმონების საშუალებით კარნახობს ჩვენს სხეულს ამ ცვლილებებს და ამზადებს მას, იმისთვის რომ შეებრძოლოს საფრთხეს ან გაექცეს მას.

გამოდის, რომ შფოთვის მექანიზმი უკიდურესად საჭიროა ჩვენი გადარჩენისთვის.

თუმცა, თუ ადამიანს ადრე ეს მექანიზმი კვირაში ერთხელ ან თვეში ერთხელ ჩაერთვებოდა ტყეში მტაცებლის გადაყრისას ან სხვა სერიოზული საფრთხისას, თანამედროვე ადამიანების დიდი ნაწილი 24/7-ზე შფოთვის მდგომარეობაშია და ამის მიზეზი შეიძლება იყოს ისეთი უმნიშვნელო რამ, როგორიცაა ფორმალური მეილის გაგზავნა ან წვეულებისთვის შესაბამისი ტანსაცმლის შერჩევა.

სხეულისთვის მნიშვნელოვანია, რომ შფოთვის მდგომარეობას მოჰყვეს დამშვიდების, მოსვენების მდგომარეობა, სიმპათიკური ნერვული სისტემა გადაერთოს პარასიმპათიკურ ნერვულ სისტემაზე. გამუდმებული შფოთვის მდგომარეობაში ყოფნა და სისხლის მიმოქცევის გამუდმებულად შეცვლილი მდგომარეობა კი აზიანებს სისხლძარღვებსა და სხვადასხვა ორგანოებს.

რატომ ვშფოთავთ გამუდმებით?

ადამიანს ბუნებრივად, ადვილად ეუფლება ნერვიულობისა და შიშის შეგრძნება, რადგან ეს ინსტინქტური მექანიზმი ჩვენს გაფრთხილებასა და საფრთხისგან გადარჩენას ემსახურება. თან თანამედროვე ადამიანის ნერვული სისტემა უკვე მიეჩვია მუდმივად მაღალი აგზნების მდგომარეობაში ყოფნას, თუნდაც ეს ისეთი ნეგატიური განცდები იყოს, როგორიცაა შფოთვა, შიში, წუხილი, ბრაზი.

შეუზღუდავად მიწოდებული გასართობი გადაცემები, ახალი ამბები, სოციალური მედიის სიახლეებიც ხელს უწყობს ჩვენი ტვინის მუდმივად მაღალი აღგზნების მდგომარეობაში ყოფნას, ჩვენი მოთხოვნილებაც სიახლისადმი იზრდება, მეტი და მეტი გვსურს და მუდმივად შიმშილის მდგომარეობაში ვართ. სიმშვიდის მდგომარეობას ჩვენი ფსიქიკა უკვე მოსაწყენ რუტინად აღიქვამს.

ხშირად აღქმული საფრთხე უფრო დიდ ზიანს აყენებს ადამიანს, ვიდრე რეალური საფრთხე. შესაძლოა ადამიანმა ცხოვრება გაიუბედუროს ისეთი რამეების შიშში, რაც არასდროს დაემართება. ხშირად უნდა შევახსენოთ ჩვენს თავს, რომ სადღაც გაგონილი უბედურების ალბათობა იშვიათია და სულაც არაა აუცილებელი ჩვენ ან ჩვენს ახლობლებს დაგვემართოს.

ასევე ხშირად უნდა შევახსენოთ ჩვენს თავს, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უსაფრთხოება, არამედ ცხოვრების ხარისხიც. ადამიანები უსაფრთხოების სახელით იზოლაციაში ექცევიან და აქცევენ შვილებსაც, უარს ამბობენ ცხოვრების მრავალ საინტერესო მხარეზე.

უნდა გვესმოდეს, რომ სიფრთხილის ყველა ზომის მიღებაც შესაძლოა არ იყოს საკმარისი ტოტალური უსაფრთხოებისთვის, ჩვენ არ გვაქვს ცხოვრებაზე სრული კონტროლი. ეს ფაქტი ძალიან დიდ შფოთვას იწვევს ადამიანებში, თუმცა მისი მიღება მნიშვნელოვანია სრულფასოვანი ცხოვრებისთვის.

რატომ შფოთავენ ადამიანები ძირითადად?

ადამიანთა ნაწილის მუდმივი შფოთვის მიზეზია უამრავი მოსასწრები საქმე და ე.წ. გადარბენაზე ყოფნა.

თანამედროვე ცხოვრება უამრავ მოთხოვნას უყენებს ადამიანს: კარიერული წინსვლა, ფინანსური კეთილდღეობა, უწყვეტი განათლება და თვით-განვითარება, იდეალური ოჯახის ყოლა, ფიზიკური ფორმის მოვლა და შენარჩუნება, ლამაზი სახლის შეძენა, მოწყობა და მოვლა. იმის ფონზე, რომ ახლა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება საჯაროა სოციალური ქსელების გავლით, ადამიანები არაცნობიერად თუ ცნობიერად მეტ ძალისხმევას დებენ იმაში, რომ საკუთარი ყოველდღიური ცხოვრება შემოთავაზებულ მზარდ სტანდარტებს მოარგონ. იდეალურობისკენ სწრაფვა ალბათ არასდროს ყოფილა ასეთი ინტენსიური.

სოციალური შედარება, ანუ სხვებთან საკუთარი თავის შედარება, ადამიანებს ოდითგანვე ეხმარებოდა სცოდნოდათ რას მოელის მათგან საზოგადოება, რა თვისებებია მისაღები და რა მიუღებელი. მაგრამ ახლა ადამიანებს თვალი და ყური მიუწვდებათ ათასობით სხვა ადამიანის ცხოვრებაზე, ძირითადად კი სხვა ადამიანების ცხოვრების მხოლოდ წარმოსაჩენ, კარგ მხარეებზე. სოციალური შედარება ადამიანების ფსიქიკაში უკვე დიდ ადგილს იკავებს, ხშირად დათრგუნვილობისა და მოტივაციის დაკარგვის მიზეზიც ხდება.

რა უნდა გავაცნობიეროთ?

ჩვენი ცხოვრება არ უნდა გახდეს ერთი საქმის მოსწრებიდან მეორე საქმის მოსწრებაზე მიმართული პროცესი. ხშირად გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ადამიანები უკან მოიხედავენ და გული სწყდებათ წარსულ დროზე, ხვდებიან რომ ბევრი კარგი მომენტი ისე იცხოვრეს, რომ გემოც ვერ ჩაატანეს საკმარისად.

მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანებს შესასრულებელი საქმეები უფრო მნიშვნელოვნად ესახებათ, ვიდრე ის, თუ როგორ გრძნობენ თავს, რამდენად შეიგრძნობენ ცხოვრებისეულ მოვლენებს და მათგან მოგვრილ მრავალფეროვან განცდებს. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კი ამ ადამიანებმა შესაძლოა გადააფასონ ძველი შფოთვა და მიხვდნენ, რომ ბევრი რამ, რაზეც დარდობდნენ ნაკლებმნიშვნელოვანი ან თითქმის უმნიშვნელო იყო. კარგია მსგავს გადაფასებას აწმყო დროშიც თუ მივმართავთ, ნამდვილად ასე მნიშვნელოვანია ის, რაზეც გამუდმებით ვღელავთ?

თანამედროვე ადამიანის უდიდესი ილუზიაა, რომ შეუძლია სრული კონტროლი ჰქონდეს საკუთარ ცხოვრებაზე. საკუთარ თავს ხშირად უნდა შევახსენოთ, რომ ბევრი რამ ჩვენგან დაუგეგმავად მოხდება და მათი მყისიერად ცუდ ან კარგ მოვლენად შეფასება ნაჩქარევია. კონტროლიორი ადამიანები მუდმივად დაძაბულები და დაჭიმულები არიან, მოდუნება და ხანდახან დინების მიყოლა მნიშვნელოვანია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები