საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) დისტანციურად დასაქმების მსურველებისთვის აცხადებს მიღებას ონლაინ ტრენინგკურსზე „როგორ გავხდე ფრილანსერი და დავსაქმდე დისტანციურად“.
CSRDG-ის ინფორმაციით, კურსი სრულად დაფინანსებულია და მისი მიზანია ქვემო ქართლში, კახეთსა და გურიაში მცხოვრებ დაინტერესებულ პირებს დისტანციური დასაქმებისა და ფრილანსერობის დღეს არსებული შესაძლებლობები გააცნოს და კონკრეტული პროფესიები წარუდგინოს, რომლებიც მაღალანაზღაურებადი და საინტერესოა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამსაქმებლებისთვის.
ტრენინგკურსი მოიცავს 10 შეხვედრას, ემსახურება პროფესიების შესახებ ინფორმაციის გაცნობასა და კარიერულ არჩევანში დახმარებას. 10 მენტორი კურსის მონაწილეებს გააცნობს: დისტანციური დასაქმებისა და ფრილანსერობის შესაძლებლობებს საქართველოსა და მსოფლიოში; პროგრამირებაში, გრაფიკულ დიზაინში, ქოფირაითინგში, ციფრულ მარკეტინგსა და სოციალური მედიის მენეჯმენტში დასაქმების გზებს და ამ პროფესიების შესწავლის საშუალებებს; საქმიან კომუნიკაციას და შემოსავლის მართვას.
მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც შემდეგ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს: არის 16 ან მეტი წლის; ცხოვრობს გურიაში, ქვემო ქართლში ან კახეთში; აქვს კომპიუტერი და ინტერნეტი; ფლობს ინგლისურ ენას მინიმუმ A2 დონეზე.
კურსის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცნობით აქ: https://cutt.ly/c9nhouz
ტრენინგკურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://cutt.ly/e21RPbf
ტრენინგკურსი იმართება პროექტის „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირსა (YPU) და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან (GCDA) ერთად ახორციელებს.
ინფორმაცია პროექტის შესახებ:
2020 წლიდან საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), ახორციელებს სამწლიან პროექტს – „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“, რომლის მიზანია ადგილობრივი ადამიანური კაპიტალის განვითარება გურიის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონში სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის.
პროექტის ფარგლებში საქართველოს 3 რეგიონში: ამოქმედდა სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის 6 ცენტრი. ცენტრები განთავსებულია ოზურგეთში, ჩოხატაურში, ლაგოდეხში, თელავში, თეთრიწყაროსა და ბოლნისში, სადაც 1000-მდე სამუშაოს მაძიებელი მიიღებს მისთვის საჭირო მომსახურებას – იქნება ეს სწავლება, გადამზადება თუ დასაქმებისათვის საჭირო სხვა უნარ-ჩვევების შეძენა;
28 პარტნიორ საჯარო სკოლაში შეიქმნა არაფორმალური განათლების ცენტრი „იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორია“, რომლის ფარგლებშიც მოზარდები განივითარებენ კარიერული მართვისა და მეწარმეობის უნარ-ჩვევებს;
დაფინანსდა შრომითი ინტეგრაციის მიზნის მქონე 6 სოციალური საწარმო;
რეგიონებში ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად ბიზნესსექტორთან განხორციელდა 2 პარტნიორული პროექტი;
ორგანიზაციული გაძლიერების მიზნით 5 პროფესიულ სასწავლებელთან მიმდინარეობს თანამშრომლობა.
ინფორმაცია განმახორციელებელი ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) 1995 წელს შეიქმნა და სამოქალაქო სექტორში წარმატებული მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ორგანიზაციის მისიაა საზოგადოების კეთილდღეობისათვის, კარგი მმართველობის, მდგრადი, ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობა.