LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გავარჩიოთ გრიპი კოვიდ 19-სგან – ინფექციონისტ მეგი კობახიძის რჩევები

1578
BeFunky-collage (4)

ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბების ზრდასთან ერთად, სულ უფრო ხშირად გვესმის მისი შედარება სეზონურ გრიპთან. ბუნებრივია, ბევრს აინტერესებს, რით განსხვავდება COVID-19 ბევრად უფრო ნაცნობი დაავადების, გრიპისგან.

პანდემიის ფონზე მუდმივად აქტუალურ საკითხზე „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციონისტმა, მეგი კობახიძემ ისაუბრა.

მეგი კობახიძე ბოჭორიშვილის კლინიკის მაგალითზე აღნიშნავს, რომ მათთან შესულ პაციენტებს ამ ეტაპზე, ძირითადად მხოლოდ კოვიდ ინფექცია უდასტურდებათ, თუმცა ინფექციონისტი აქვე ადამიანებს აძლევს რამდენიმე რეკომენდაციას, რათა გრიპის კოვიდ 19-სგან დიფერენცირება შეძლონ.

„როგორც ცნობილია გრიპს ახასიათებს სეზონურობა და შემოდგომა-ზამთარი არის ის პერიოდი, როდესაც ხდება მისი აქტივაცია და ფართოდ გავრცელება მოსახლეობაში. საკმაოდ, არასასურველი შედეგი დადგება თუ მოხდება გრიპით ინფიცირებული მკვეთრი მატება და ეს დაემატება ჩვენს კოვიდსტატისტიკას. თუ ამ ორი ვირუსის თანხვედრა მოხდება საკმაოდ რთული იქნება არა მარტო პაციენტებისთვის, არამედ სამედიცინო სფეროსთვის, ჰოსპიტალური სექტორისთვისა და მედპერსონალისთვის, რადგან ორმაგად ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით.

ამ ეტაპზე, ჩვენთან შემოსულ პაციენტებს მხოლოდ კოვიდ ინფექცია უდასტურდებათ. გრიპისა და სხვა რესპირატორული ვირუსის გარჩევა კოვიდისგან ძალიან ძნელია.

თუ ჩვენ კლინიკურად და სიმპტომურად გამოვკითხავთ პაციენტებს, იმის დიფერენცირება, რომ ამ ადამიანს აუცილებლად აქვს კონკრეტული ინფექცია ან გრიპი ან კოვიდ 19, ლაბორატორიული მეთოდით გამოკვლევის გარეშე ძალიან ძნელია.

თუმცა, გრიპს მაინც ახასიათებს აგრესიული დასაწყისი, ინტოქსიკაციის მომენტი, ტემპერატურული რეაქცია ანუ რესპირატორული სიმპტომები თავიდანვე აქტიურად არის გამოხატული. შესაბამისად, უკვე მეორე დღეს პაციენტი არის მძიმე სიმპტომური მიმდინარეობით.

რაც შეეხება კოვიდ 19-ს, მას დასაწყისში აქვს უფრო დუნე, მსუბუქი მიმდინარეობა და მე-8, მე-10 აქვს კლინიკურად უფრო აქტიური მანიფესტაცია. “დელტა შტამს” ახასიათებს სურდო, ყელის ტკივილი და აქტიურად წამოვიდა დიარეას მომენტიც.

ამით შეიძლება რაღაც დიფერენცირება მოვახდინოთ, მაგრამ საბოლოოდ, ლაბორატორიულად უნდა მოხდეს დიფერენცირება იმისა, გვაქვს თუ არა კოვიდ 19“,- განაცხადა მეგი კობახიძემ.

წამყვანის კითხვაზე, დაიფიცირებიდან რამდენ ხანშია გრიპის ვირუსით ვაქცინაცია შესაძლებელი, ინფექციონისტმა აღნიშნა, რომ „ნებისმიერი ვაქცინაციის პროცესის ჩასატარებლად, პირველ რიგში, აუცილებელია ადამიანი იყოს ჯანმრთელად“.

„შეიძლება ადამიანი იყოს ქრონიკული დაავადების მქონე, მაგრამ ეს არ უნდა იყოს გამწვავების ფაზაში. იგივე შეგვიძლია ვთქვათ, გრიპის ვაქცინის შემთხვევაში.

ზოგადად, ითვლება, რომ კოვიდ 19-ის მწვავე პერიოდი არის 4 კვირა, როდესაც ეს პერიოდი გავა დაინფიცირებიდან, უკვე შესაძლებელია, თუნდაც გრიპის ვაქცინაცია.

უსაფუძვლოა ხალხის შიში, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა სწრაფად შეიქმნა, გრიპის ვაქცინაც არანაირად არ არის სიცოცხლისთვის საფრთხისშემცველი.

მთავარი რეკომენდაცია არის – ჰიგიენის დაცვა, ნიღბის გამოყენება, სივრცის ხშირად განიავება, თავშეყრის ადგილებისგან თავშეკავება.

„თუ სიმპტომურად ჩვენს თავს ან ოჯახის წევრს რაიმეს შევატყობთ, უმჯობესია დროულად მივმართოთ ექიმს. დროულად მოხდეს დიაგნოსტირება, რაც დაიცავს ჩვენს გარშემომყოფებს დაინფიცირებისგან.

იგივე შემიძლია ვთქვა გრიპთან ან სხვა რესპირატორულ დაავადებებთან მიმართებაში, რადგან ისინი ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება“,- განაცხადა მეგი კობახიძემ „ფორტუნას“ ეთერში.