აღდგომა ქრისტიანული რელიგიის უძველესი და უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია, რომლის აღნიშვნა დილით იწყება, გვიან ღამემდე გრძელდება და მომზადებაც შესაბამისი სჭირდება. გთავაზობთ სააღდგომო დეკორის რამდენიმე საინტერესო ვარიანტს, რომელიც ერთდროულად შეგიქმნით სადღესასწაულო და საგაზაფხულო განწყობას.
შეღებილი კვერცხი – აღდგომის მთავარი სიმბოლო – ფერადი კვერცხია, რომელიც არა მხოლოდ დღესასწაულის მთავარი სიმბოლო, არამედ სააღდგომო სუფრის მშვენებაცაა. კვერცხის შეღებვის რამდენიმე ვარიანტს შორის განსაკუთრებული პოპულარობით ბუნებრივი და ხელოვნური საღებავით შეღებვა ან დეკორატიული ნახჭით მოხატვაა.
ლამაზი სუფრა – სააღდგომო დღესასწაულს ნებისმიერი ღია ფერის სუფთა უხდება, წაუგებელი ვარიანტი კი – მწვანე ფერია, რომელიც გაზაფხულის მოსვლასთან ასოცირდება და ძალიან უხდება წითელი ფერის კვერცხს.
თემატური ჭურჭელი – ტრადიციულ კერძებთან ერთად სადღესასწაულო სუფრის ტრადიციულ სიმბოლოდ კურდღლის, ბატის და ქათმის კერამიკული ფიგურები ითვლება. ასე რომ, თამამად შეარჩიეთ სააღდგომო ილუსტრაციებით გაფორმებული ჭურჭელი და თემატური სუვენირები.
ბზის ტოტები და ჩალა – გააფორმეთ თეფშები, ჩადეთ ლარნაკში ჩალა და ბზის ტოტები ფერად კვერცხთან ერთად და შექმენით განახლების საგაზაფხულო ატმოსფერო.
სანთლები – სანთელი და სასანთლე კვერცხის და სადღესასწაულო სერვიზის ფერის მიხედვით შეარჩიეთ და შესძინეთ სააღდგომა სუფრასაც დახვეწილი სტილი.
ხელსახოცი – ტექსტილის ხელსახოცი დეკორის დამატებითი დეტალია, რომელიც საზეიმო ატმოსფეროს შეუქმნის თქვენს სრტუმრებს. შეგიძლიათ ხელსახოცი ფერადი ბაწრით შეკრათ, სპეციალურ რგოლში მოათავსოთ ან უბრალოდ ორად მოკეცილი დადოთ თეფშზე.
ყვავილების კომპოზიცია – ყვავილების თაიგული სააღდგომო დეკორის საუკეთესო დამატებაა. შეარჩიეთ გაზაფხულის ყვავილები – ტიტა, მიმოზა, სუმბული, კროკუსი, ნარგიზი და შემატეთ სიმსუბუქე სადღესასწაულო ვახშამს.
აღდგომის ხე – დეკორატიული ხის გაკეთება საკუთარი ხელითაც შეგიძლიათ გაკეთოთ. პასტელის ფერებში შეღებილი კვერცხი ფერადი ლენტებით დაკიდეთ ხის ტოტებზე, ხე კი, წყლით სავსე ლარნაკში მოათავსეთ. რამდენიმე დღეში ხე მწვანე ფოთლებით გაიხარებს და კომპოზიციაც დასრულებულ სახეს მიიღებს.
ბაფთები – შეარჩიეთ რამდენიმე ფერის ატლასის ბაფთა და გააფორმეთ თქვენი პასკა.
კალათი – პატარა კალათი შეღებილი კვერცხით სააღდგომო დეკორის ერთ-ერთი საუკეთესო ელემენტია, რომლითაც ჯერ სტუმრებს შეხვდებით, მერე კი, მაგიდის ცენტრში მოათავსებთ.