LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ განვასხვაოთ უხასიათო ბავშვი ქცევითი პრობლემის მქონე ბავშვისგან? – ფსიქოლოგ ნათია ზაბახიძის განმარტება

136
ნათია ზაბახიძე (1)

ყოველთვის საყურადღებოა თუ არა ბავშვის რთული ქცევა. როდის შეიძლება ეს მივაწეროთ გენეტიკას, ხასიათს და როდის გვმართებს სპეციალისტთან ვიზიტი. ამ კითხვას  გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ქცევის ანალიტიკოსმა, განვითარების ფსიქოლოგმა, ნათია ზაბახიძემ უპასუხა:

„ამ შემთხვევაში, ალბათ, მნიშვნელოვანი იქნება, განვითარების ფსიქოლოგიის ჭრილში განვიხილოთ, ასაკისთვის რა არის შესაბამისი, ასაკისთვის რა არის ნორმა და ასაკისთვის რა შეიძლება იყოს ისეთი ქცევითი გამოვლინებები, რამაც შეიძლება, რომ მას ხელი შეუშალოს. მაგალითად, 2-3 წლის ასაკში წინააღმდეგობა, პროტესტი, ოპოზიციური ქცევები ასაკისთვის დამახასიათებელია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ასაკობრივი კრიზისია, თუმცა ეს იმას, არ ნიშნავს, რომ ამაზე სწორი რეაგირება არ უნდა გვქონდეს და ბავშვს არ დავეხმაროთ, რომ გაუმკლავდეს იმ კრიზისებს, რაც მას ასაკობრივად აქვს. განვითარების ფსიქოლოგიას თუ მოვიშველიებთ, 2-3 წლის ასაკში ასაკობრივ ნორმად რაც შეიძლება მივიჩნიოთ, 6 წლის ასაკში ის ასაკობრივი ნორმა არ არის. შესაბამისად, ისეთი კრიზისები, რაც 2-3 წლისთვის არის დამახასიათებელი, თუ გვხვდება 6 წლის ასაკში, ეს ყველაფერი სპეციალისტმა უნდა შეაფასოს და განსაზღვროს. მშობელს, რომელიც ამ სფეროში კარგად ჩახედული არ არის, შეიძლება, ამის იდენტიფიცირება გაუჭირდეს. მშობელმა რაც შეიძლება იგრძნოს, არის ის, რომ მას უჭირს ბავშვის მართვა, მასთან კომუნიკაცია, შეთანხმებების მიღწევა და ა.შ. როცა ეს პროცესი იმდენად რთული ხდება, რომ ვხვდებით, რაღაცები ჩვენს ძალებს აღემატება, ამ შემთხვევაში, აუცილებელია სპეციალისტთან კონსულტაციის გავლა. შესაძლებელია, სპეციალისტმა ისეთი რჩევები გასცეს, რომ მშობელმა აბსოლუტურად თავისი ძალებით, სწორი სტრატეგიებით შეძლოს შვილთან თანამშრომლობა, მაგრამ ასევე შესაძლებელია, რომ სპეციალისტმა გარკვეული დროით, მაგალითად, თერაპიაში ჩართოს ბავშვი“ – განაცხადა ნათია ზაბახიძემ.

როგორ ვმართოთ ბავშვის რთული ქცევა და ტანტრუმი – ფსიქოლოგ ნათია ზაბახიძის რჩევები მშობლებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები