როგორ ემზადებიან საკონდიტრო კომპანიები აღდგომის პერიოდისთვის, რამდენი სახეობის პასკას შესთავაზებენ მომხმარებელს და რა ეღირება სააღდგომო პასკა? ამ კითხვებზე საპასუხოდ ”ფორტუნა” რამდენიმე საკონდიტროს წარმომადგენელს ესაუბრა…
ევროპული საკონდიტრო “ლე გატო” მომხმარებელს წელს 3 სახეობის პასკას შესთავაზებს, ფასები კი 9.90 ლარიდან დაიწყება და 16.90 ლარამდე იმერყევებს. როგორც ”ფორტუნას” საკონდიტროს წარმოების მენეჯერმა თამუნა ტოკლიკიშვილმა განუცხადა, აღნიშნული პროდუქციის ცხობა ხვალიდან დაიწყება, რეალიზაცია კი ”ლე გატოს” ობიექტებზე და რამდენიმე მაღაზიაში განხორციელდება. ”გამოვაცხობთ სამი სახეობის პასკას – იქნება ეს” ქართული ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქიშმიშიანი პასკა, ევროპული პასკა ცუკატებით და შოკოლადის პასკა, რომელსაც მომხმარებელს მხოლოდ ჩვენ ვთავაზობთ”, – აღნიშნა ტოკლიკიშვილმა. მისივე ინფორმაციით, ”ლე გატო” პროდუქციას მხოლოდ ნატურალური პროდუქტით ამზადებს, ყოველგვარი დანამატების გარეშე.
სააღდგომო მზადება მიმდინარეობს ქართულ პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელ კომპანია ”იფქლშიც”. როგორც აქ განმარტეს, კომპანია პასკებს საკუთარი საფირმო რეცეპტით აცხობს.
„იფქლის“ ქიშმიშიანი პასკები უმაღლესი ხარისხის ფქვილით და სხვადასხვა სახის სანელებლებით მზადდება, რაც ხდის კიდეც მას ასეთ გემრიელს და განუმეორებელს. წელს მომხმარებლებს კომპანიის მიერ წარმოებული სამი ზომის პასკის ხელმისაწვდომ ფასად შეძენება შეეძლებათ. დიდი პასკის (650 გ) ფასი 4 ლარს შეადგენს, საშუალოსი (340 გ) – 2.50 ლარს, პატარა პასკა (240 გ) კი მხოლოდ 1.50 ლარი ეღირება”,-აღნიშნა ”იფქლის” წარმომადგენელმა მარიამ გოგიშვილმა.
მისივე თქმით, ”იფქლის” პასკების რეალიზაცია უკვე დაიწყო და მათი შეძენა მომხმარებელს შეუძლია “იფქლის” მაღაზიებში და დღეიდან კი თბილისის თითქმის ყველა მაღაზიაში გამოჩნდება.
პასკების წარმოება ჯერ არ დაუწყიათ, შპს ”გურმეში”, თუმცა მომხმარებელს დიდ არჩევანს ჰპირდებიან. როგორ კომპანიაში განაცხადეს, პასკის ცხობა აქ 19 აპრილიდან დაიწყება. რაც შეეხება რეალიზებას, ”გურმეს” პასკები მისსავე საკონდიტროში, ასევე თბილისის დიდ სავაჭრო ქსელებში გაიყიდება. ”გვექნება პასკის რამდენიმე სახეობა: ქართული ტრადიციული მეთოდით დამზადებული პასკა, ასევე შოკოლადის პასკა და ევროპული ცუკატებით დამზადებული პროდუქციაც.. ფასები კი 10-12 ლარის ფარგლებში იქნება”, – განაცხადეს ”გურმეში”.