LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ემზადება საქართველოს ჯანდაცვა შესაძლო მეორე ტალღისთვის – თამარ გაბუნიას განმარტება

252
1585649564-თამარ-გაბუნია23

საქართველოს ჯანდაცვა კორონავირუსის მეორე ტალღის შესაძლო შემთხვევისთვის ემზადება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მეორე ტალღა სავარაუდოდ შემოდგომის პერიოდი იქნება, როდესაც ვირუსული ინფექციების ბუნებრივი ზრდა ხდება. მისი განმარტებით, მთელი გლობალური საზოგადოება ამისთვის ემზადება და მათ შორის საქართველოს ჯანდაცვაც, რისთვისაც მთელი ზაფხულის პერიოდს გამოიყენებენ. გაბუნიამ ამის შესახებ “პირველ არხთან” ისაუბრა.

„სავარაუდოდ, იქნება შემოდგომის პერიოდი, როდესაც ისედაც ბუნებრივად იზრდება ვირუსული ინფექციების გავრცელება, როცა იხურება ფანჯარა და ადამიანები შედარებით დახურულ სივრცეებში გადადიან. ეს არის სექტემბრის ბოლო, ოქტომბერი და ნოემბერი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ზაფხულის პერიოდში გვექნება ძალიან სერიოზული მობილიზაცია იმ რესურსის, რაც უნდა დავახვედროთ შესაძლო მეორე ტალღას და ამისთვის მიმდინარეობს მუშაობა როგორც ტესტების მარაგების შევსებაზე, ასევე პირადი დაცვის საშუალებების მარაგების შევსებაზე, რა თქმა უნდა, ჰოსპიტალური სექტორის კიდევ უფრო მეტად გაძლიერების კუთხით”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ღმერთის გარდა არავინ იცის, მეორე ტალღა იქნება თუ არა – თენგიზ ცერცვაძე

მინისტრის მოადგილემ სისტემაში ახალ მექანიზმებსა და მის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ საჭიროების შემთხვევაში შემოდგომაზე ამუშავდება ამბოლატორიულ დონეზე ტესტირების შესაძლებლობაც. გაბუნია ამბობს, რომ 25-მდე კლინიკა ადგილზევე მოახდენს საეჭვო პაციენტის პისიარ ტესტირებას. გადამზადდება სამედიცინო პერსონალი.

“ახალი მექანიზმები, რომლებიც ზაფხულიდან იქნება მზად და შემოდგომაზე ამუშავდება, თუ ამის საჭიროება იქნება, ეხება ამბოლატორიულ დონეზე ტესტირების შესაძლებლობას. ასეთი კლინიკა, რომელიც ახლა ცხელებიან პაციენტს იღებს, იქნება 25 და მოხდება საეჭვო პაციენტების ადგილზე ტესტირება, „პისიარ“ ტექნოლოგიით გამოკვლევა. ეს იქნება ერთ-ერთი ქმედითი ნაბიჯი. ასევე, სერიოზული მობილიზება ხდება სასუნთქი აპარატების კუთხით, გაძლიერდება მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, როგორც რუხის, ასევე ბათუმის ახალგახსნილი კლინიკის. იგეგმება კადრების გადამზადება და ეს არის ოთხი ძირითადი ჯგუფი – ეპიდემიოლოგები, პირველად ჯანდაცვაში, რომელიც ფოკუსის მთავარი ჯგუფი იქნება. ერთი ჯგუფი ასევე იქნება კრიტიკული მედიცინის სპეციალისტები, ანუ ის ჯგუფი, რომელთა ნაწილიც უკვე იყო კოვიდის მართვაში ჩართული. ასევე ბუნებრივი გადამზადება შეეხება ინფექციონისტებს და იმ ექიმებს, რომლებიც მიყვებიან ფეხდაფეხ იმ სიახლეებს, რაც დღეს სამედიცინო სფეროს აქვს”, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

კორონავირუსის მეორე ტალღა შესაძლოა უფრო გამანადგურებელი იყოს – ჯანმო მსოფლიოს აფრთხილებს

მომდევნო ორი თვის განმავლობაში შემოწმდება საქართველოში არსებული ყველა კლინიკა და ჩატარდება შესაბამისი ტრენინგები მედპერსონალისთვის.

„ჩვენ გვექნება აქტიური კომუნიკაცია კლინიკებთან, რომ მოემზადონ მეორე ტალღისთვის და ეს ტალღა იქნება თუ არა, ჩვენ უნდა გვქონდეს მაქსიმალური მზაობა, როგორც აქამდე გვქონდა. დღეს, რა თქმა უნდა, რთულია პროგნოზირება, რამდენად მასშტაბური იქნება და როგორ შეგვეხება, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები