გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში ,,მთავარი დიაგნოზი” მადის დაქვეითებისთვის 5 მარტივ მეთოდს გვიზიარებს. როგორც გიორგი აღნიშნავს, ძალიან ბევრი ადამიანისთვის მადის დაქვეითება ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს, რადგან საკვების ის ტიპი, რომელთაც ეს ადამიანები იღებენ, მათ მადას კიდევ უფრო ზრდის.
გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაციები ასე გამოიყურება:
მიიღეთ ცილებით მდიდარი საკვები. ასეთი საკვებია: ლობიო, ბარდა, კვერცხი, ხორცი. როდესაც ცილებით მდიდარ საკვებს იღებთ, თქვენი კუჭის უჯრედები აღარ გამოიმუშავებენ ისეთ ჰორმონს, როგორიცაა გრელინი. გრელინი ეს შიმშილის ჰორმონია და როდესაც ის გამოიყოფა, ადამიანის ჰიპოთალამუსი ტოვებს იმის განცდას, რომ თქვენ გშიათ. როდესაც ცილოვან საკვებს იღებთ, ორგანიზმში გრელინის რაოდენობა ძალიან დაბალია, ამიტომ თქვენ შეიძლება დღეში ერთხელ მიიღოთ საკვები და მთელი დღის განმავლობაში აღარც მოგშივდეთ.
მიიღეთ ცელულოზით მდიდარი საკვები. ცელულოზა განსაკუთრებით ბევრი გვხვდება ხილში, ბოსტნეულში, ასევე მარცვლეულში. როდესაც თქვენ ცელულოზით ანუ ბოჭკოებით მდიდარ საკვებს იღებთ, თქვენი სხეული მათ ნაკლებად ინელებს, რადგან ჩვენ არ გაგვაჩნია ფერმენტები, რომლებიც უშუალოდ ცელულოზას შლიან. სანამ ცელულოზა მსხვილ ნაწლავამდე არ მიაღწევს და იქ ბაქტერიები არ მოინელებენ, მანამდე პრაქტიკულად არ შეიწოვება ჩვენს ორგანიზმში, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ გექნებათ დანაყრების შეგრძნება, მაგრამ თქვენი სხეული ამის ხარჯზე წონაში არ მოიმატებს. გარდა ამისა, ცელულოზით მდიდარი საკვები ინსულინის რაოდენობას სისხლში მკვეთრად არ ზრდის, რაც კიდევ ერთი პლუსია, რადგან ინსულინი ეს არის ჰორმონი, რომლის წყალობითაც კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი ზომაში კიდევ უფრო მეტად იმატებს. ნაკლები ინსულინი, ნაკლები მიდრეკილება წონის მატებისკენ.
საკვები რაც შეიძლება ნელა მიიღეთ. როდესაც საკვებს ნელა და მცირე ულუფებით იღებთ, ეს საკვები ასწრებს წვრილ ნაწლავამდე მისვლას. წვრილ ნაწლავში კი არის ლეპტინი, დანაყრების ჰორმონი. თუ საკვებს ნელა იღებთ, მაშინ ლეპტინის რაოდენობა უფრო სწრაფად იმატებს. თუ საკვებს სწრაფად ჭამთ, სანამ გაიგებთ, რომ დანაყრებული ხართ, თქვენი სხეული უკვე კალორიებით იქნება გაჯერებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმს ამ ყველაფრის ათვისება მოუწევს და წონაშიც მარტივად მოიმატებთ.
მიიღეთ წყალი უშუალოდ საკვების წინ. თუ თქვენ საკვების მიღებამდე 15 წუთით ადრე დალევთ დაახლოებით 2 ჭიქა წყალს, თქვენი კუჭი საკმარისად შეივსება იმისთვის, რომ იქ საკვებისთვის ადგილი ნაკლებად დარჩეს. შესაბამისად, თქვენ მალევე დაგეუფლებათ დანაყრების განცდა და უფრო ნაკლებ საკვებს მიიღებთ. გაითვალისწინეთ, რომ თუ წყალს დიდი ხნით ადრე, ასე 30-40 წუთით ადრე დალევთ, ჭამის დროს წყალს უკვე დატოვებული ექნება თქვენი კუჭი და ამ მეთოდს აზრი აღარ ექნება.
თავად მოამზადეთ საკვები, რადგან საჭმლის მზადებისას თქვენი ცხვირი იღებს სხვადასხვა სუნს და თქვენ სუნის ხარჯზე ნაყრდებით.