LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავიცვათ თინეიჯერები სახიფათო ინტერნეტთამაშებისგან?

საქართველოში სულ უფრო აქტუალური ხდება საშიში ინტერნეტთამაშები, რომლებიც მოზარდების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიან.

“ფორტუნამ” მოიპოვა ვიდეომასალა, სადაც თბილისის ერთერთი სკოლის მოსწავლე მაკრატლით იზიანებს თავს. ბავშვმა ვიდეო თანაკლასელებს გაუგზავნა და უთხრა, რომ ამ დავალების შესრულება თამაშის მეათე საფეხური იყო.

ვიდეო ბავშვებმა მშობლებს აჩვენეს და მსხვერპლი დროულად იდენტიფიცირდა.

თუმცა, ეს პირველი შემთხვევა არ არის და მსგავსი თამაშები ხშირად იდენტიფიცირების გარეშე თვითმკვლელობით სრულდება.

ამიტომ “ფორტუნა” გთავაზობთ რჩევებს ფსიქოლოგებისა და სპეციალისტებისგან, როგორ შეიძლება მშობლებმა ამოიცნონ, რომ ბავშვი სახიფათო თამაშშია ჩართული და შემდეგ, როგორ უნდა მოხდეს მისი თამაშისგან დახსნა.

ფსიქოლოგები რამდენიმე ნიშანს გამოყოფენ, რითაც მოზარდის თამაშში ჩართულობაზე შეიძლება მიიტანოს მშობელმა ეჭვი:

  • მუდმივად მალავს თავის ელექტრონულ მოწყობილობას (პლანშეტი, მობილური, ლეპტოპი);
  • იკეტება ოთახში, აცდენს გაკვეთილებს, შეამცირა ან შეწყვიტა მეგობრებთან – ოჯახის წევრებთან კონტაქტი;
  • აცვია სეზონისთვის შეუფერებლად (მალავს თვითდაზიანებებს);
  • გაიზარდა ინტერნეტთან ყოფნის პერიოდი, მათ შორის ღამის საათებში (ასრულებს ღამის დავალებებს);
  • წერს არადამახასიათებელ სტატუსებს სოციალურ ქსელში;
  • გახდა აგრესიული.

მაქსიმალური ყურადღება მოზარდთან და ინტერნეტთან გატარებული დროის კონტროლი – პრევენციის მთავარ მექანიზმად ამ ორ ფაქტორს ასახლებს ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა „ფორტუნასთან“ საუბარში.

„ყველაფერი იწყება მარტივი,  სახალისო დავალებებით, ბავშვი ხალისობს, აზარტში შედის, ამ დროს ხდება მისი ნდობის მოპოვება და  ზემოქმედების ქვეშ მოქცევა. ამის შემდეგ იწყება მთავარი გზავნილების მიწოდება. მოზარდისთვის ეს ყველაფერი განსაკუთრებით სახიფათოა, ის ირეალურ სამყაროში იმყოფება და ქვეცნობიერის დონეზე, გაუაზრებლად ასრულებს მიცემულ დავალებებს.

„მოხარშულს ვიცნობ ჩემს შვილს” – გამონათქვამი, როცა საქმე მოზარდებს ეხება, არასწორია, მშობელი მუდმივად უნდა იყოს საქმის კურსში, რას საქმიანიბს მოზარდი სკოლაში, თანატოლებთან, სოციალურ ქსელში და ამავდროულად, ეს არ უნდა იყოს მისი ღირსების შემლახველი“, – ამბობს „ფორტუნასთან“ ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა.

 

პრობლემა სხვადასხვა ქვეყნებშიც დგას. უმეტესობაში მოქმედებს სუიციდის პრევენციის პრობლემები და ცხელი ხაზი, სადაც მშობელს მსგავს სიტუაციებში დაუყოვნებლივ ეხმარებიან.

საქართველოში, მსგავსი პროგრამები არ არსებობს. ასე რომ, მშობელს საკუთარი ძალებით მოუწევს, სახიფათო თამაშთან ბრძოლა.

აუცილებელია, რომ ბავშვებს ინტერნეთთამაშების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდეს, თუ ის იდენტიფიცირდა როგორც მსხვერპლი, საჭიროა თანადგომა, ამის მზაობა კი ოჯახსა და მეგობრებში უნდა იყოს. დღეისათვის ცნობილია, რომ მხარდაჭერას თინეიჯერები ძირითადად “ონლაინში” ეძებენ, რაც პრობლემას უფრო ართულებს.

დიდ ბრიტანეთში მედია აქტიურად აშუქებს მსგავს პრობლემებს და მშობლებს აძლევს რჩევებს, თუ როგორ შეიძლება ზეწოლასთან ბრძოლა. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, მშობლებმა თავად ასწავლონ შვილებს, როგორ შეიძლება თამაშის ლიდერის საშიშ ბრძანებებსა და დავალებებს არ დაემორჩილონ, მიუხედავად ძლიერი ფსიქოლოგიური ზეწოლისა.

ბრაზილიაში მოხალისეები ქმნიან კამპანიებს, როგორიცაა “ვარდისფერი ვეშაპი”, რომლის ფარგლებში დეპრესიასთან ბრძოლას და პოზიტიური ღირებულებების წამოწევას ცდილობენ.

ეს ნათელი მაგალითია იმისა, როგორ რეაგირებს საზოგადოება ონლაინთამაშის გამოწვევებზე და სად არის პრობლემა. მსგავსი თამაშები დაკავშირებულია თინეიჯერებში ისედაც ცნობილ მწვავე პრობლემებთან, როგორიცაა კიბერბულინგი, დეპრესია და დაბალი თვითშეფასება.

მოკლედ რომ ვთქვათ, ასეთი თამაშები, რეალურად არა თამაში, არამედ შექმნილი პროგრამაა, რომლის შემქმნელები ახალგაზრდების ე.წ. ტვინის გამორეცხვით, მათ ნებისმიერ ბრძანებაზე იყოლიებენ.

სპეციალისტები ამბობენ, რომ აუცილებელია მშობელმა ყურადღება მიაქციოს ნებისმიერ “ანომალიურ ქცევას”. ჭრილობებს სხეულზე, საშინელებათა ფილმების უეცარ ინტერესს, ახალ ამბებში მკვლელობისა და ძალადობის შესახებ ინფორმაციისადმი დიდ ინტერესს, მოულოდნელ ცვლილებებს, ინტერნეტზე მიჯაჭვას და ინტერნეტში სუიციდის შესახებ ინფორმაციის მოძიებას.

თუ დაადგენთ, რომ ბავშვი თამაშში ჩართულია, პირველ რიგში უნდა კითხოთ, რამდენი ხნის განმავლობაში ასრულებდა ის ბრძანებებს და რის გაკეთებას სთხოვდნენ მას. ამ ყველაფერს მშვიდად უნდა მოუსმინოთ, განსჯის, გაბრაზების და დატუქსვის გარეშე.

ამის შემდეგ მას ფსიქოლოგიური დახმარება და თამაშის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიწოდება სჭირდება. თუ ამის შემდეგაც არ დაანება მან თავი თამაშს, აუცილებელია სპეციალისტების ჩართვა.

ასეთი სუიციდური თამაშები, საზოგადოებისთვის განგაშის ზარი უნდა იყოს და არსებულ გლობალურ პრობლემებზე დაგვაფიქროს.

 

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები