LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავიცვათ კორონავირუსისგან მგზავრები და უნდა აღდგეს თუ არა ტრანსპორტის მუშაობა

1335
Green bus Tbilisi

ყველას ახსოვს, რა ხდებოდა საზოგადოებრივ ტრანსპორტში პანდემიამდე. პიკის საათში შეუძლებელი იყო მეტროებსა და ავტობუსებში თავისუფლად დგომა და სუნთქვაც კი.

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზეა დამოკიდებული.

კალაძის თქმით, უკვე გადაწყვეტილია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის შემდეგ ავტობუსებში გარკვეული წესები იმოქმედებს. სპეციალურად დაქირავებული ადამიანები გააკონტროლებენ და მგზავრებს მიუთითებენ, როგორ უნდა დასხდნენ.

კალაძის რჩევა ხალხს: გაძვირებული ...

როგორ იმუშავებენ სამარშრუტო ტაქსები პანდემიის შემდეგ: ამაზე მერე იმსჯელებენ


საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი მიიჩნევს, რომ მერიაში მომუშავეებმა ფუფუნებაზე უარი უნდა თქვან და ყველა გაჩერებაზე სადეზინფექციო ხსნარების განთავსება უზრუნველყონ.

„ყველა გაჩერებაზე უნდა იყოს სადეზინფექციო ხსნარები და ყველა მგზავრს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ხელები დაიმუშაონ.  თბილისში სულ შვიდასამდე ავტობუსია, ზოგი ახალი და ზოგიც ძველი. ყველა მათგანში შესაძლებელია სადეზინფექციო ხსნარის დადგმა. მნიშვნელოვანია, რომ სოციალურ დისტანცირებას მოითხოვს ვიღაც და ის ვიღაც, სავარაუდოდ, იქნება კონდუქტორი. მერიამ ასევე უნდა უზრუნველყოს უფასო პირბადეებისა და ხელთათმანების დარიგება. იგივეს გაკეთება თავისუფლად შესაძლებელია მეტროებში. არაფერი რთულად გასაკეთებელი ამაში არაა. უბრალოდ პატარა ფუფუნებაზე თქვან უარი.
ამ შემთხვევაში მინიმალიზებული იქნება ინფექციის გავრცელების საფრთხე.

სოციალური დისტანცირების დაცვა, რა თქმა უნდა, გაჭირდება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სულ აკრძალული უნდა იყოს. მერიამ უნდა უზრუნველყოს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდეს.

სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ და ვაღიაროთ, რომ მერიამ ვერ უზრუნველყო პანდემიამდე ახალი ხაზების დამატება და ტრანსპორტის სრულად განახლება იმისთვის, რომ ბევრი მგზავრი არ ყოფილიყო ტრანსპორტში. მერია რომ ამას მომავალშიც ვერ უზრუნველყოფს, ეს ორჯერ ორია. რაც გვაქვს, იმით მაინც ხომ მოგვიწევს სარგებლობა. ამიტომ უნდა ვეცადოთ, უსაფრთხოება მაქსიმალურად დავიცვათ.

უაზროდ მიმაჩნია მერიის ინიციატივა, რომ შაბათ-კვირას მანქანებით გადაადგილება აიკრძალოს.
“სრული სიგიჟე და ბოდვაა, ინიციატივას არანაირი პერსპექტივა არ აქვს და არ მგონია, რომ ეს თემა სერიოზული განხილვის საგანი გახდეს“, – განუცხადა ლევან ხაბეიშვილმა „ფორტუნას“.

თბილისის ავტობუსები 2 - YouTube

 

დ.ვ. (მგზავრი): “საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხშირი მომხმარებელი ვარ, თანაც თითქმის ყველაფერს ვიყენებ – მარშუტკას, ავტობუსს, მეტროს. თუ უსაფრთხოებისთვის გარკვეული წესები შემოიღეს და მგზავრების რაოდენობა შეზღუდეს, მაშინ გადაადგილება ძალიან გაჭირდება. ვინც მგზავრობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ეცოდინება როგორი გადაჭედილია ყვითელი მარშუტკები, ავტობუსები და რამხელა ინტერვალით დადიან. თუ ყველა მგზავრი უბრალოდ არ აუშვეს, გამოვა, რომ ხალხი ვეღარ გადაადგილდება. მეორეს მხრივ, ცხადია, რომ უსაფრთხოებაც აუცილებლად უნდა დავიცვათ, განსაკუთრებით პირველ ეტაპზე. მართალია ეს პრობლემას შექმნის, მაგრამ ძალიან კარგი იქნება, თუ მარშუტკებში ფეხზე დგომა დროებით მაინც აიკრძალება. მოკლედ, გამოსავალი რთული მოსაძებნია, რადგან საკმარისი რაოდენობის ტრანსპორტი უბრალოდ არ არსებობს”.

 

მეტროში გადატვირთული - Metronome.Ge

 

„საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი ფიქრობს, რომ მერიამ შეცდომა დაუშვა, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გააჩერა.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ უნდა აკრძალულიყო. ტრანსპორტის აკრძალვით რეალურად სურათი არ იცვლება და რაც იცვლება, იცვლება უარესისკენ. სოციალურად შეჭირვებული ძალიან ბევრია საქართველოში. მათ შესაძლებლობა არ აქვთ, რომ ტაქსით გადაადგილდნენ. როგორც წესი, როდესაც ეპიდემიაა, სამედიცინო დაწესებულებში მიმართვიანობა იზრდება. უნდა უზრუნველყონ საზოგადოება, რომ საავადმყოფოებში დროულად მისვლა შეძლონ. როდესაც ეს გზა ჩაჭრილია, ძალიან ცუდია. საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირველ რიგში საგანგებო წესები უნდა იქნას დაცული.

პირველ რიგში, ეს წესი უნდა შეეხოს პირბადეებს.

  1. ავტობუსებში მინები გახსნილი უნდა იყოს, ჰაერი მუდმივად უნდა ნიავდებოდეს.
  2. მძღოლი დაახლოებთ ერთი მეტრით იზოლირებული უნდა იყოს მგზავრებისგან.
  3. მგზავრებს შორისაც დაშორება უნდა იყოს, ერთმანეთის გვერდიგვერდ არ უნდა ისხდნენ.

ეს ყველაფერი მარტივად მოსახერხებელია და არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ქართველი ხალხი დისციპლინას არ იცავს. თუ მიუთითებ და აუხსნი, ყველაფერს მარტივად შეასრულებენ.

ჯერჯერობით სამსახურები და სასწავლო დაწესებულება არ იხსნება და არ იქნება ტრანსპორტი ისე დატვირთული, როგორიც პანდემიამდე იყო.
დიდ დიღომში  ბევრი საავადმყოფოა თავმოყრილი და ჩემი აზრით, ამ მიმართულებით თბილისის ნებისმიერი ადგილიდან აუცილებლად უნდა დაუშვან საზოგადოებრივი ტრანსპორტი“, – განგვიცხადა დავით მესხიშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები