დაგროვებითი პენსიის მოდელი ერთ – ერთია იმ სამუშაო ვარიანტებს შორის, რომელზეც მთავრობა სპეციალისტებთან ერთად მუშაობს. საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით ძირითადი კონცეფცია მთავრობამ მარტში დაამტკიცა.
დაინერგება თუ არა საქართველოში დაგროვებითი პენსიის მოდელი და რას გულისხმობს კონკრეტულად ის, რადიო „ფორტუნასთან“ განმარტება ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის მკვლევარმა დავით ჯაიანმა გააკეთა, რომელიც რეფორმის პროექტის დამუშავებაში სხვა სპეციალისტებთან ერთად არის ჩართული.
დავით ჯაიანის განმარტებით, კონცეფცია არსებითად ორი მიმართულებით შეიძლება დავყოთ: 1. უკვე არსებული, სოციალური პენსიის ინდექსაციის მექანიზმის შემოღება, რაც ნიშნავს, რომ არსებული პენსია გაიზრდება ინფლაციის მაჩვენებლის მიხედვით. 2. მეორე მიმართულება არის ქვეყანაში დაგროვებითი საპენსიო სქემის შემოღება, 2+2+2 მოდელით.
პირველ ვერსიასთან დაკავშირებით, ჯაიანის თქმით, ერთიანი პოზიცია არ არსებობს. რაც შეეხება მეორე ვერსიას, განმარტა, რას ნიშნავს მოდელი 2+2+2. არსებული ხელფასიდან პირველი 2 % ჩამოეჭრება თავად დასაქმებულს საპენსიო ფონდის შესავსებად, მეორე 2%–ს იხდის თავად დამსაქმებელი და მესამე 2 %–ის გადახდა, ერთგვარი სუბსიდიის სახით, ეკისრება სახელმწიფოს. საბოლოო ჯამში, საპენსიო ფონდისთის მოქალაქეს გამოსდის ხელფასის 6%–ის ოდენობა ყოველთვიურად. ეს თანხა დაირიცხება სპეციალურად შექმნილ ფონდში, რომელიც, სავარაუდოდ, საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება; სწორედ სპეციალური ფონდი განახორციელებს აკუმულირებული თანხის მართვას.
დაგროვებითი პენსიის მოდელის დანერგვის შემთხვევაში, ნებისმიერი დასაქმებული, მუშაობს ის სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურაში, ავტომატურად ერთვება 2+2+2 მოდელში, შესაბამისად დამსაქმებელიცა და სახელმწიფოც, ავტომატურად ვალდებულნი ხდებიან, საპენსიო ფონდში თავისი წილი 2% გადარიცხონ. თუმცა დასაქმებულს აქვს უფლება, საპენსიო პროგრამაში ავტომატურად ჩართვის შემდეგ, სურვილის მიხედვით, გამოეთიშოს დაგროვებითი პენსიის მოდელს, ამ შემთხვევაში, დამსაქმებელიც და სახელმწიფოც ავტომატურად წყვეტენ თანამონაწილეობას საპენსიო თანხის დაგროვებაში.
ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან შემოთავაზებული ამ კონცეფციის განხილვაში, ამ ეტაპზე, სხდასხვა ორიგანიზაცია, სპეციალისტები, დონორები და დამოუკიდებელი ექსპერტები არიან ჩართული. მთავრობის მიერ დამტკიცებული კონცეფცია, მათივე განმარტებით, ეყრდნობა სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო გამოცდილებას.
თავად საპენსიო დანაზოგების მმართველი ფონდის მოდელი კი აღებულია დიდი ბრიტანეთის ფონდების გამოცდილებიდან. თუმცა, დავით ჯაიანის ინფორმაციით, მთავრობა გეგმავს, საზოგადოების ჩართულობით, უფრო ფართო დისკუსიის საგანი გახადოს ეს კონცეფცია. კონცეფციაში ხაზგასმით არის გათვალისწინებული საზოგადოების, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ინფორმირება რამდენიმე ეტაპიანი საინფორმაციო კამპანიით. კანონპროექტის პაკეტის ინიცირება, დავით ჯაიანის ინფორმაციით, ახალ პარლამენტში მოხდება.