LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დასხდებიან მოსწავლეები და სტუდენტები: ახალი სასწავლო წლის ახალი სტანდარტები

146
DSCN8001

დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ახალი სასწავლო წლისთვის განსხვავებული წესები და სტანდარტები შემუშავდება, რომელიც განსაზღვრავს აუდიტორიაში მოსწავლეთა რაოდენობასაც და განლაგებასაც. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა. მისი განმარტებით, თუ ერთ საკლასო ოთახში იქნება 20 მოსწავლე, სწავლის დაწყებისას აღნიშნული სტანდარტი შეიცვლება. გამყრელიძე აღნიშნავს, რომ მობილობის ზრდასთან ერთად იზრდება რისკიც, ამიტომ მისივე განმარტებით, სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ყველა რეგულაცია უნდა დაიგეგმოს სწორად, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია არ გაუარესდეს.

“დღეს რა ეპიდსიტუაციაც გვაქვს, ეს არ არის სწავლის დაწყების პრობლემა. როდესაც ათასობით ბავშვი და სტუდენტი დაიწყებს სწავლას, ეს ვერ იქნება ტრადიციულ სტილში და  ვერ დაჯდება 20 ადამიანი ერთ ოთახში. ამაზე ვმუშაობთ და იქნება შესაბამისი სტანდარტი, როგორ უნდა დასხდნენ ბავშვები სკოლებში, სტუდენტები აუდიტორიებში, როგორი უნდა იყოს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები. ხელების ხშირი დამუშავება, პირბადეების გამოყენება, ქცევა შესვენებისას.
გასათვალისწინებელია, რომ მცირეწლოვან ბავშვებში პირბადე არ არის რეკომენდირებული, ამაზეც მივცემთ რეკომენდაციას. მუშავდება ეს სტანდარტები როგორც სკოლებთან, ისე უმაღლეს სასწავლებლებთან მიმართებით. დარწმუნებული ვარ, აქაც შესაბამისი ეპიდსაწინააღმდეგო ღინისძიებების დაცვით იქნება ყველაფერი, დამყოლობა იქნება და ერთობლივად შევძლებთ, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია არ გავაუარესოთ. თუმცა, რა თქმა უნდა, რისკი, როცა ასეთი დიდი მობილობის ზრდა არის, არსებობს. ამიტომ სწორად უნდა დაიგეგმოს ყველაფერი“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

როდის და როგორ დაიწყება სწავლა: მინისტრის განმარტება

მან ასევე ეროვნულ გამოცდებზე დაწესებულ რეგულაციებსა და მის ეფექტიანობაზე ისაუბრა. ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ გამოცდების პერიოდში, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია არ გაუარესებულა.

„ეროვნული გამოცდები პანდემიის პირობებში იყო ახალგაზრდობის ყველაზე დიდი თავშეყრა. ძალიან კარგი პარტნიორობა შედგა განათლების და ჯანდაცვის სექტორების და ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრის. დიდი ხნით ადრე იყო სამუშაო ჯგუფი შექმნილი, რომელმაც განათლების ეროვნულ ცენტრთან ერთად დეტალურად გაწერა ყველა ეპიდსაწინააღმეგო ღონისძიება, თუ როგორ უნდა ჩატარებულიყო მშვიდ ვითარებაში ეროვნული გამოცდები, რომ მაქსიმალურად დაგვეზღვია ეპიდსიტუაციის გაუარესება და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენც ეს გამოცდა ერთობლივად ჩავაბარეთ“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

 

მისივე თქმით, საკოორდინაციო საბჭო მუშაობს ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნის გეგმაზე კორონავირუსის შემდეგი ტალღებისთვის.

„ახლა ჩვენ ვმუშაობთ სერიოზულ გეგმაზე, ეს არის ე.წ ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნის გეგმა მეორე, მესამე და შემდგომი ტალღებისთვის ანუ ძირითადად შემოდგომის და იქ გათვალისწინებულია ძალიან ბევრი ნიუანსი. იქ არის როგორც ეპიდზედამხედველობა, ტესტირება, ჰოსპიტლების მზადყოფნა, ასევე, ქვეყანაში დაახლოებით რამდენმა ადამიანმა გადაიტანა და რა არის დაახლოებით ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები