LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დაანგრევს პანდემია საქართველოს ეკონომიკას: 5 რეკომენდაცია მთავრობას

196
35

მოძრაობა kar.ge იმ ნეგატიურ გავლენებზე წერს, რაც პანდემიას საქართველოს ეკონომიკაზე ექნება და მთავრობას 5 რეკომენდაციას აძლევს.

“დღეს ზოგს მართლა ჰგონია, რომ კორონავირუსის თემა 2-3 თვეში მოკვდება, ტურიზმი საქართველოში მალე დაუბრუნდება ძველ ნიშნულებს და ჩვენც “გადავრჩებით”. მე ამის არ მჯერა! მე (ტარიელ ზივზივაძე) ვფიქრობ, რომ 12-18 თვე საქართველოში ტურიზმი (რასაც ტურიზმი ჰქვია და არა ვიზიტორები) იქნება ნულთან ახლოს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება ზრდა!

რატომ ვფიქრობ ასე? ჯერ იყო ჩინეთი. ვირუსი გაჯეჯილდა, დაკეტეს ქვეყანა, აკონტროლებენ, უკვე იმარჯვებენ. ახლა იტალიაა დაკეტილი. ესპანეთი დაიკეტა. შემდეგ სხვა ქვეყნის რიგი დადგება და ყველა საფუძველი მაქვს ვივარაუდო რომ ეს არ დასრულდება, რიგ-რიგობით მოხდება იგივე სხვადასხვა ქვეყანაში. გაეროს კი 200-მდე წევრი ქვეყანა ჰყავს. ეს კი დროში გაიწელება, ვირუსი მუდმივად იქნება აქტუალური და გიჟი თუ გაბედავს ამ დროს ტურისტულ მოგზაურობაში წასვლას.

ვაქცინა ჯერ არ არის! ვაქცინის შექმნას კი უკეთეს შემთხვევაში 12-18 თვეში პროგნოზირებენ. მაშინაც კი, როცა ვაქცინა იარსებებს და ადამიანს არსად კარანტინში გამოკეტვა არ დაემუქრება, ბევრი მაინც თავს შეიკავებს ტურისტული მგზავრობისგან. სწორედ ამას ვამბობ: სანამ კორონავირუსის თემა კაპიტალურად არ “მოკვდება” ტურისტები მგზავრობას არ დაიწყებენ და ჩვენი ტურიზმის სექტორი იქნება ცუდ დღეში.

და კიდევ ერთი … კრიტიკულად მნიშვნელოვანია მკვეთრად განვასხვავოთ ინფექციის გავრცელების პრობლემა და ეკონომიკური პრობლემა. რაც არ უნდა იდეალურად მართოს საქართველოს მთავრობამ (და ამ მომენტამდე აქ აუგს ვერ ვიტყვი, მადლობა პირველ რიგში ექიმებს და თითოეულ იმ ადამიანს, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს ამ საქმეში), ეკონომიკური სფერო სულ სხვა განზომილებაა.

ახლა მთავარი …

desperate times require desperate measures … ამ სტატიის მიზანი ერთადერთია: მთავრობამ რიგიანი ყურადღება მიაქციოს იმას, რაც სასწრაფოდ გასაკეთებელია. სწორედ ამიტომ ეს წერილი თავისი ფორმატით აშკარად ცდება ტიპიური “ღია წერილი”-ს ფორმატს.

კორონავირუსული ინფექციის მსოფლიო მასშტაბით გავრცელების გამო საქართველოს ეკონომიკა უმძაფრესად “მოიმკის” 1) მთავრობის მიერ ყველა “კვერცხის” ტურიზმის სექტორში ჩადების, 2) მთავრობის მიერ პრიორიტეტულად ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოო სექტორის მხარდაჭერის და 3) საწარმოო სექტორისთვის შიდა ბაზრის დაბრუნებისადმი მთავრობის უყურადღებო დამოკიდებულების შედეგებს! პროცესი სამწუხაროდ უკვე დაიწყო.

მივყვეთ ეტაპობრივად …

საქართველოს ტურიზმის სექტორი გაიყინება და ეს მინიმუმ ვაქცინის შექმნამდე გაგრძელდება. ტურიზმმა 2019 წელს თითქმის 3.5 მილიარდი USD შემოიტანა. 2020 წელს ჩემი ვარაუდით 2,5 მილიარდ USD ვერ მივიღებთ. ისიც ფაქტია, რომ ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც ქვეყნიდან ეგრევე გარეთ გავიდოდა, ვინაიდან ტურისტები დიდწილად იმპორტირებულ საკვებს ჭამენ, იმპორტირებული საწვავით დადიან და იმპორტირებულ ნაწარმს ყიდულობენ და ა.შ., ამიტომაც რეალური დანაკლისი 1-1,5 მლრდ USD იქნება. მოსახლეობის მიერ ხარჯების შემცირების გამო ალბათ 1 მლრდ USD გვექნება როგორმე ამოსაქოქი 2020-ში. მომავალ წელს რა იქნება ღმერთმა იცის.

შიდა ტურიზმის წახალისებით ამ დანაკლისის დაბალანსება ვერ მოხდება. ხალხს სახლებში დარჩენას ურჩევენ მასიურად. ასე რომ დაივიწყეთ შიდა ტურიზმი (თუ არ ჩავთვლით სოფლებში ხალხის მასიურად გასვლას). ერთადერთი, რისი იმედიც შეიძლება აქ გვქონდეს არის ის, რომ გამსვლელი ტურისტები (რომლებიც ასობით მილიონ USD ხარჯავენ ყოველწლიურად), ვერ გავლენ და ფული არ გავა ქვეყნიდან.

ტურიზმზე საქართველოში 250,000-მდე ადამიანია მიბმული. ამ ადამიანების დიდი ნაწილი შემოსავალს ვერ მიიღებს, ნაწილს კი მნიშვნელოვნად შეუმცირდება შემოსავალი. ეს კი ნიშნავს, რომ 250 ათასი ოჯახი ნაკლებს დახარჯავს ეკონომიკაში.

სასტუმრო სექტორი ძალიან ცუდ დღეში ჩავარდება. უკვე ჩავარდა. ყველა ინვესტიციითაა გაკეთებული და უმრავლესობას სესხი აქვთ გადასახდელი ყოველთვიურად. უკვე დაიწყეს დახურვები.

ტრანსპორტირებაზე მოთხოვნა ქვეყნის შიგნით შემცირდება. ერთი რომ ტურიზმის მხრიდან მოთხოვნა თითქმის განულდება, მეორე რომ ხალხს სახლში დარჩენას ურჩევენ. ვისაც მანქანა ჰქონდა ნაყიდი ტურიზმში გამოსაყენებლად და სესხს იხდის, ალბათ ცუდ დღეში ჩავარდება.

რესტორანები და კაფეები სერიოზულად დაზარალდებიან. ღონისძიებები (ნებისმიერი: ქორწილი, გასვენება, კორპორატიული, პრეზენტაცია და ა.შ.) ან არ ჩატარდება ან ძალიან ვიწრო წრეში ჩატარდება, ასევე შემცირდება გიდების, თარჯიმნების და ა.შ. ტურისტების სხვა მომსახურებზე მოთხოვნა.

ეს ყველაფერი მწარედ დაარტყამს გლეხებს / ფერმერებს. ფერმერული ნაწარმი, რომელიც იყიდება რესტორნებში და სასტუმროებში ჩაწვება და ათიათასობით მეურნეობას შემოსავალი შეუმცირდება. ეს კრიტიკული წერტილია. დიდი შანსია შემოდგომაზე ხილი და ბოსტნეულიც კი ვერ გავიდეს ექსპორტზე საკმარისი რაოდენობით, ვინაიდან ჯამური მოთხოვნა შემცირდება ყველა ქვეყნიდან (ანდა რა ხელითაა მოკრეფილი, რატომ უნდა ენდოს ვინმე?).

დომინოს ეფექტი …

ეკონომიკაში 3 ძირითადი სექტორია: ვაჭრობა, მომსახურებები და წარმოება. ეკონომიკური რეცესიის რისკების გამო მომსახურების სექტორი ყველაზე მეტად შემცირდება, ვაჭრობა ძალიან დაეცემა, თუმცა 5 მლრდ USD სავაჭრო დეფიციტი დარჩება და სწორედ ეს გამოგვფატრავს. წარმოების სექტორი კი ყველაზე ნაკლებად შემცირდება (განსაკუთრებით პირველადი მოხმარების პროდუქციას ვინც აწარმოებს)

ფაქტობრივად განულდება ღონისძიებების ჩატარებაზე ორიენტირებული ბიზნესების საქმიანობა. თითქმის საერთოდ გაუქმდება სპორტული შეჯიბრებები, მატჩები და ა.შ.

ძალიან შემცირდება სპეციალიზებული ბრენდული მაღაზიების გაყიდვები. მათი ზრდა ბუნებრივად ეყრდნობოდა ტურიზმის ზრდას, თუმცა ახლა დარჩათ ადგილობრივი მყიდველი, რომელიც ძალიან ნაკლებს დახარჯავს

სავაჭრო ქსელებს ცუდი დღე დაუდგებათ, თუმცა სურსათის მაღაზიებზე ეს ნაკლებად გავრცელდება. ეგაა, რომ შესყიდვების სტრუქტურა შეიცვლება. ადამიანები პირველადი მოხმარების (კალათის) ნაწარმზე გააკეთებენ მეტ აქცენტს. უკვე იყო ე.წ. “აჟიოტაჟური” შესყიდვების პრეცედენტები. ჯოგური მენტალიტეტი მაინც თავისას შვება. თან ეს იმ დროს, როცა საქართველოში დახლზე პროდუქტის გამოლევის შანსი უბრალოდ არაა (და არა იმიტომ, რომ პრემიერმა დაუქნია თითი ქსელების უფროსებს).

2020 წელს შემცირდება თანამემამულეების გადმორიცხვები, ექსპორტი, ინვესტიციები და ეს შემცირება ტურიზმის მიწასთან გასწორებასთან ერთად სერიოზულად დაარტყამს საქართველოს ეკონომიკას. გაიზრდება უმუშევრობა, შემცირდება ბიზნესსექტორი, რეალურად შემცირდება ეკონომიკა. რიცხვების თქმა რთულია, ასობით მილიონ USD-ზეა საუბარი.

ველოდები, რომ გაიზრდება: სპეციალური დანიშნულების სამედიცინო პროდუქტების და მომსახურებების გაყიდვები; ვირტუალურ სივრცესთან დაკავშირებული ბიზნესების მოხმარება: ინტერნეტი, ტელეფონი, სერვისები; ონლაინ მარკეტების დრო დგება; კურიერული სერვისები უფრო განვითარდება; სამშენებლო სექტორს არაფერი დააკლდება. პირიქით, მოსალოდნელია მეტი განვითარებაც კი, თუ ეროვნული ბანკი რეგულაციებს შეარბილებს და მთავრობა ხარჯებს გაზრდის ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით; საქართველოში ყოველწლიურად გამავალი ტურიზმი მრავალასეულმილიონიანია. ეს ფული არ გავა ქვეყნიდან; სოფლის მეურნეობა ცოტა მეტად დაფასდება, ვინაიდან ადგილობრივი ნაწარმი გახდება პრიორიტეტი. სოფლის პროდუქცია გაძვირდება. თუმცა, ამ ნაზრდებისგან არ ველი, რომ რამე მნიშვნელოვანი ცვლილება მოახდინოს კალკულაციაში.

რას ეცდება მთავრობა ეკონომიკის კუთხით? პრობლემის სიმწვავის ხელოვნური “შერბილება” ნარატივებით “არ ვიცით ჯერ”, “სიტუაციას ვაფასებთ”, “სავარაუდოდ ორ თვეში ყველაფერი დალაგდება”. სასტუმროების გადარჩენა პირველ რიგში მოუვიდათ აზრად, ვინაიდან შარშან სცადეს უკვე. ჩემი აზრით სასტუმროები არ იმსახურებენ ჩემი და თქვენი ფულის დახარჯვას. კეთილი ინებონ ბიზნესები არიან და თავად გადარჩნენ, ან გაკოტრდნენ. ვინც გაკოტრებულს იყიდის, ის აამუშავებს შემდეგ … შენობას ვერავინ გადადგამს!

დაგვტოვებს, თუ არა კორონავირუსი საჭირო პროდუქციის გარეშე - პასუხები ყველაზე აქტუალურ კითხვაზე

რას აცხადებენ სუპერმარკეტების მენეჯერები სურსათის მარაგებზე და რას ფიქრობს ხელისუფლება?

ეროვნული ბანკი ეცდება ლარს ამოსდოს ლაგამი. სადამდე? ეს ისტორიული გამოწვევაა. მარტო ეროვნული ბანკი ვერაფერს შეძლებს. მთავრობის შეცდომებს “ლატკავდა” აქამდე, და საგარეო შოკებს აბრალებდა ლარის ფლუქტუაციებს. აგერ ბატონო საგარეო შოკიც და შოკუნიაც გასამკლავებლად …

რა უნდა გააკეთოს მთავრობამ რეალურად?

გადარჩენის “გასაღები” წარმოების სექტორშია, უფრო სწორად რაც მისგან დარჩა იმაში. სწორედ საქართველოში წარმოებულ პროდუქციას აქვს შანსი დოვლათი დატოვოს ქვეყანაში (და არ გაუშვას საზღვარს გარეთ), შეინარჩუნოს სამუშაო ადგილები ქვეყნის შიგნით და შეინარჩუნოს არსებული ეკონომიკის მდგრადობა. ოღონდ ისე არა, საბჭოური აზროვნების ხალხს რომ წარმოუდგენიათ, სხვანაირად. საყრდენი წერტილი უნდა გახდეს მყიდველი ადგილობრივ ბაზარზე (და არა წარმოება)!

მყისიერი ღონისძიებებიდან (ცენტრში მყიდველის ჩაყენებით) საჭიროა შემდეგი:

  1. 5 მილიარდ ლარზე მეტი იხარჯება სახელმწიფო შესყიდვებში ყოველწლიურად. დროა მიანიჭოთ უპირატესობა საქართველოში წარმოებულ პროდუქციას … ახლა მაინც! ან კანონის შეცვლით, ან “სათანადო გადაჩურჩულებებით”. ის ადგილობრივი წარმოების პროდუქცია, რომელსაც ტურისტები ვერ მოიხმარენ წელს თუ არ გასაღდა მწარმოებლებს / ფერმერებს დაუდგებათ ცუდი დღე.

  2. ასობით მილიონი იხარჯება საექსპორტო მიზნებისათვის წარმოების სტიმულირებაში ყოველწლიურად, მაგრამ 0 ყურადღება ეთმობა მრავალათეულმილიარდიან შიდა ბაზარს. საჭიროა მწარმოებლებისთვის კომერციული რისკის ნაწილში შეხიდება, თორემ ტურიზმის სექტორში დაზარალებულ 250,000-მდე დასაქმებულს 750,000-მდე საწარმოო & ფერმერულ სექტორში დასაქმებული და თვითდასაქმებული დაზარალებული მიემატება.

  3. სავაჭრო ქსელები მწარმოებლებს ახრჩობენ 1) ქსელში შესვლის მაღალი ფასით, 2) დრაკონული 35 %-მდე ფასნამატით, და რაც ყველაზე სავალალო პრაქტიკაა 3) დამატებით დაწესებული 25%-მდე არაოფიციალური პროგრესული გადასახადით (მთლიანი ბრუნვიდან) სახელად “ქეშბექი”. ეს უნდა შეწყდეს! ამ პრობლემის მოგვარება ზუსტად ისევე შეუძლია მთავრობას, როგორც შეძლო და დღეს თითქმის ყველა სავაჭრო ქსელი დროულად უხდის მწარმოებლებს კუთვნილ ფულს.

  4. უსერიოზულესი კამპანიაა გასაშლელი ქართული ნაწარმის ყიდვის პოპულარიზების კუთხით მე-2 და მე-3 პუნქტთან ტანდემში. თქვენ ეს არ იცით! მე კი ვიცი როგორც უნდა გაკეთდეს, ამას წლებია ვაკეთებ, მაგრამ ამ საქმეში ყველა უნდა ჩაერთოს უკვე. არავითარი პროტექციონიზმი! მხოლოდ საზოგადოებრივი კამპანია, რომელიც სათანადო წინაპირობების შემთხვევაში იმუშავებს! მოინდომეთ და გავაკეთოთ.

  5. საჭიროა წარმოებების მხარდაჭერის ისეთი გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება, რომელიც მწარმოებელს მიეხმარება ადგილობრივ მრავალათეულმილიარდიან ბაზარზე მოიმაგროს ფეხი!“, – აცხადებს მოძრაობა kar.ge-ის დამფუძნებელი ტარიელ ზივზივაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები