LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ავირიდოთ თავიდან კონფლიქტი მძიმე ხასიათის კოლეგებთან

1353
conflict

მსხვილ კომპანიაში მუშაობას ბონუსებთან ერთად უამრავი სირთულეც ახლავს, რომელთა შორის უმთავრესი საკუთარი ადგილის დამკვიდრება და კოლეგებთან საერთო ენის მოძიებაა.

გთავაზობთ, რამდენიმე მარტივ რჩევას, რათა ყოველთვის მარტივად დააღწიოთ თავი მძიმე ხასიათის კოლეგებთან კონფლიქტს.

მეგობრები ახლოს გყავდეთ, მტრები კი, უფრო ახლოს – რა თქმა უნდა, ნაკლებად კეთილგანწყობილ კოლეგას მტრობას ვერ დააბრალებთ, მაგრამ არც დაკვირვება და მისი კარგად შესწავლა იქნება ზედმეტი, რადგან რაც მეტი იცით ადამიანზე, მით უფრო მარტივია მასთან საერთო ენის გამონახვა. ენდეთ ინტუიციას და საკუთარ გამოცდილებას, რადგან ბუდისტური სიბრძნის თანახმად, ის, ვინც სხვას აყენებს ტკივილს,  თვითონ უფრო მეტად იტანჯება, ასე რომ, გამორიცხული არაა, თქვენს „ოფისის ანტაგონისტს“ მძიმე პირადი ცხოვრება თრგუნავს და სწორედ ამიტომაა ზედმეტად აგრესიული.

ემოციების კონტროლი – ნებისმიერი ზრდასრული ადამიანი ტვირთად ზიდავს ფსიქოლოგიურ პრობლემებს, რისი მიზეზი ბავშვობაში გადატანილი ტრავმა, უიღბლო პირადი ცხოვრება ან ურთიერთობაა. რა თქმა უნდა, მუდმივი დაძაბულობის და შერყეული ნერვული სისტემის ფონზე ძალიან რთულია ემოციების მართვა, მაგრამ მაინც საჭიროა სიმშვიდის შენარჩუნება. პირველ რიგში ობიექტურად შეაფასეთ საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეები, სწორად განსაზღვრეთ რა გაღიზიანებთ და რა გაკარგინებთ მოთმინებას, გააცნობიერეთ, რომ სამსახური თქვენი ცხოვრების მხოლოდ მცირე ნაწილია და არ ღირს ყველაფრის გულთან ახლოს მიტანა. მიიღეთ კოლეგები ისეთებად, როგორებიც არიან და შეეგუეთ აზრს, რომ მცირე კონფლიქტს და უსიამოვნებას ვერასდროს დააღწევთ თავს.

თავდაცვის სტრატეგია – კოლეგებთან ნორმალურად ურთიერთობას პირველ რიგში სამსახურის სტრესული ატმოსფერო უშლის ხელს. თუ დაძაბულობის შემცირება გსურთ, პირველ რიგში საკუთარი თავით დაიწყეთ – ზუსტად გაარკვიეთ კომპანიის რეალური ამოცანები და საკუთარი ვალდებულებები. გაანალიზეთ მიმდინარე მოვლენები და კოლეგათა მოქმედება, რათა არ აჰყვეთ მათ პროვოკაციას. ნურასდროს იჭორავებთ და ეცადეთ შეინარჩუნოთ ნეიტრალური პოზიცია სხვათა კამათში, ნუ გამოავლენთ სისუსტეს და ნუ მისცემთ მანიპულატორებს თქვენი ემოციების მართვის უფლებას.

მრისხანების მართვა – მაქსიმალურად შეეცადეთ მართოთ საკუთარი მრისხანება, რადგან ბრაზი არავის უხდება, ჯანმრთელობას აზარალებს და ადამიანის არაპროფესიონალიზმს ამჟღავნებს. ამასთანავე, მუდმივი გაბრაზებით თავადაც შეიძლება აღმოჩნდეთ მძიმე ხასიათის კოლეგათა არასასიამოვნო ნუსხაში. თუ გრძნობთ, რომ მოთმინებას კარგავთ, სწრაფად განერიდეთ „კონფლიქტის ზონას“ და მხოლოდ დამშვიდებული დაუბრუნდით სამუშაოს.

სიტუაციის გარკვევა – რა თქმა უნდა, კოლეგებთან დაპირისპირება არასდროსაა სასიამოვნო, მაგრამ კონფლიქტისგან მუდმივად თავის არიდებაც ნაკლებად მომგებიანია,  რადგან სწორედ ასე გროვდება სტრესი. სერიოზული დისკომფორტის შემთხვევაში, უმჯობესია დროულად გაერკვეთ სიტუაციაში. გამონახეთ კოლეგასთან საუბრის დრო და ბრალდების, შენიშვნების ან პრეტენზიის გარეშე, მშვიდად აუხსენით საკუთარი წუხილის მიზეზი, ნორმალური საქმიანი ურთიერთობა შესთავაზეთ და სამუდამოდ ამოწურეთ კონფლიქტი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები