სასტუმრო „მამიდას” მფლობელი როენა ხუცურაული პროსტიტუციის მიზნით ფართის გადაცემის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
„პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით, თბილისში სამი პირია დაკავებული.
დაკავებულია: სასტუმრო „მამიდას“ მფლობელი, 1960 წელს დაბადებული რ. ხ. – მეტსახელად „მამიდა“, ამავე სასტუმროს მოიჯარე, 1972 წელს დაბადებული ზ. ქ. – მეტსახელად „სალომე“ და სასტუმრო „გოლდის“ მფლობელი, 1976 წელს დაბადებული ნ. დ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,” – წერია შსს-ს განცხადებაში.
დაკავებულები, თავიანთ კუთვნილ სასტუმროებში ფართს, პროსტიტუციის ხელშეწყობის მიზნით, სისტემატურად აქირავებდნენ.
გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე 254-ე მუხლით მიმდინარეობს.