LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის უჩივიან „ზოგად თმის ცვენას“ – სილამაზის აკადემია

12
ხათუნა-კუდავა

როდის უჩივიან „ზოგად თმის ცვენას“ – ამ თემაზე გადაცემაში ‘სილამაზის აკადემია“ დერმატოლოგმა ხათუნა კუდავამ ისაუბრა.

რა უნდა ვიცოდეთ თმის შესახებ?

თმის განვითარება დინამიკური პროცესია და სამ მნიშვნელოვან ფაზას მოიცავს. ნორმაში,  აქტიური ზრდის ფაზაში (ანაგენის ფაზა) მყოფი თმის ღერების რაოდენობა დაახლოებით ცხრაჯერ აღემატება დაცვენის ფაზაში  მყოფ  თმის ღერებს. თავის თმიანი საფარველის   85-90% არის ანაგენის ფაზაში და  ის  დაახლოებით 3 წელი გრძელდება. გარდამავალი ფაზა (კატაგენი) ხანმოკლე ფაზაა. თმის ღერების 5-10% კი იმყოფება მოსვენების, დაცვენის (ტელოგენის) ფაზაში. როცა ეს თანაფარდობა ირღვევა, იწყება თმის ცვენის პრობლემები.

თმის დაცვენის დღიური ნორმა დაახლოებით 100 თმის ღერია.

როდის უჩივიან ,,ზოგად თმის ცვენას“?

,,ზოგადი თმის ცვენა“ დიფუზური თმის ცვენაა, რომელიც მნიშვნელოვან დისკომფორტს უქმნის ყველა ასაკის ადამიანს. მიუხედავად იმისა, რომ სხვებისთვის ის ხშირად შეუმჩნეველიც კი არის, პაციენტი აღნიშნავს დიდი რაოდენობით თმის დაცვენას დავარცხნის ან შხაპის მიღების დროს. ამ ტიპის თმის ცვენა ხშირად უკავშირდება სხვადასხვა სახის სტრესს. შესაძლოა განვითარდეს ქირურგიული ჩარევების, მშობიარობის, ცხელებით მიმდინარე ინფექციური დაავადებების გადატანის ან გარკვეული პრეპარატების მიღების შემდეგ. თუმცა თმის ცვენის პრობლემა სტრესთან დროში არ ასოცირდება.  ის დაახლოებით სამი თვის შემდეგ იჩენს თავს და შესაძლოა ერთი წელი და მეტიც გაგრძელდეს.

რა სახის პათოლოგიური თმის ცვენა არსებობს?

პათოლოგიური თმის ცვენა შესაძლოა  იყოს დაკავშირებული ჰორმონულ ცვლილებებთან (ანდროგენეტიკული ალოპეცია გენეტიკურად წინასწარგანწყობილ პირებში), აუტოიმუნური გენეზის (ბუდობრივი ალოპეცია, რომელიც ხშირად გვხვდება ბავშვებსა და ახალგაზრდა პირებში, ვითარდება სწრაფად). მნიშვნელოვანია კანის ანთებით დაავადებებთან დაკავშირებული ნაწიბუროვანი და არანაწიბუროვანი ალოპეციები (თავის თმიანი არის სოკოვანი ინფექციები, წითელი მგლურა, ბრტყელი ლიქენი და სხვ).

განსაზღვრავს თუ არა კვება ჯანსაღ თმას?

თმიანი საფარველის გათხელებისა და არაჯანსაღი თმის  მიზეზი შესაძლოა იყოს დაუბალანსებელი დიეტაც.  ჯანსაღი თმა ასოცირდება სრულფასოვან კვებასთან. განსაკუთრებით საჭიროა რკინის, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებისა და ცილების საკმარისი რაოდენობით მიღება. ასევე მნიშვნელოვანია ბიოტინის, თუთიის, სელენისა და სილიციუმის საკმარისი რაოდენობით მიღება.

რომელი საკვები პროდუქტები მივიღოთ?

რკინით მდიდარი საკვები მოიცავს მჭლე საქონლის ხორცს, ლობიოს, მწვანე ფოთლოვან ბოსტნეულს, მარცვლეულსა და კვერცხს. საჭირო რაოდენობის ცილის მისაღებად უნდა მიირთვათ კვერცხი, უცხიმო ხორცი და ზღვის პროდუქტები.  ბიოტინის შესავსებად მიიღეთ თხილი, ტკბილი კარტოფილი კვერცხი, ხახვი, შვრია.

თხილეული განსაკუთრებით მდიდარია სასარგებლო მიკროელემენტებით.

როგორ შეგვიძლია ვიზრუნოთ ჯანსაღ თმაზე სახლის პირობებში?

დღესდღეობით შამპუნების მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს, მნიშვნელოვანია მათი სწორად გამოყენება. ჯანსაღი თმებისთვის ასევე სასარგებლოა ადგილობრივად ბუნებრივი ზეთების გამოყენება, სკალპის მასაჟის პროცედურით.  Ზეითუნის ზეთი, ყველაზე მარტივი და სასარგებლო პროდუქტი, მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც იცავს და ატენიანებს თმას. აბუსალათინის ზეთი მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით, ვიტამინით E შემცველობითა და მინერალებით. მას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებები. განსაკუთრებით სასარგებლოა  თავის კანის სიმშრალის დროს. როზმარინის ზეთის გამოყენება სასარგებლოა თმის ცვენის პრობლემების არსებობის შემთხვევაში. ქოქოსის ზეთი განსაკუთრებით მდიდარია ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით.

რომელი  პროცედურების ჩატარებაა სასარგებლო თმის ცვენის დროს და ჯანსაღი თმებისთვის?

პლაზმოთერაპიის და მეზოთერაპიის პროცედურების არჩევა ხდება ინდივიდუალურად. პლაზმოთერაპია – PRP- თერაპია განსაკუთრებით მოსწონთ პაციენტებს, რადგან ბიოლოგიური კომპონენტები პრაქტიკულად არ იწვევს გვერდით ეფექტებს. პაციენტის სისხლის სპეციფიური დამუშავების შემდეგ თრომბოციტებით მდიდარი პლაზმა შეჰყავთ კონკრეტულ კერებში. ეს პროცესი მნიშვნელოვნად ასტიმულირებს თმის ზრდის ფაზას და ხელს უწყობს ადგილობრივი მიკროცირკულაციის გაუმჯობესებას.

მეზოთერაპიის პროცედურები ასევე გამოიყენება თმის სტრუქტურის გასაუმჯობესებლად. ამ შემთხვევაში შერჩეული პრეპარატები ( ვიტამინების, ამინომჟავების, მცენარეული ექსტრაქტების შემცველობით) შეჰყავთ კანქვეშ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები