LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის, როგორ და რა დოზით უნდა მივიღოთ ელემენტები და ვიტამინები – რკინა, კალციუმი, D, C, E ვიტამინები, ფოლიუმის მჟავა – გიორგი ღოღობერიძის რჩევები

513
page

დღის რომელ მონაკვეთში, საკვებთან ერთად თუ საკვების გარეშე და რა დოზებით უნდა მივიღოთ ვიტამინები და ელემენტები, რათა მათი შეწოვა უფრო ეფექტიანი იყოს – მნიშვნელოვან რჩევებზე ექიმი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს გადაცემაში „მთავარი დიაგნოზი“.

რკინა – როგორც წესი, ყველაზე კარგად შეიწოვება მაშინ, როდესაც ხართ მშიერი, ანუ საკვების მიღებამდე 1 საათით ადრე, ან საკვების მიღებიდან 2 საათის შემდეგ, მაგრამ ერთი მწვავე პრობლემაა – რკინა აღიზიანებს კუჭ-ნაწლავის სისტემას, იწვევს ღებინებას, მუცლის ტკივილს, შეუძლია გამოიწვიოს შეკრულობა, ზოგჯერ ფაღარათიც კი, ამის გამო ადამიანების დიდ ნაწილს ურჩევნია, რკინა საკვებთან ერთად მიიღოს. არც ეს არის პრობლემა – როგორც წესი, რკინა ძალიან კარგად შეიწოვება ხილთან ერთად, ხილში C ვიტამინია და ის რკინას შეწოვაში ეხმარება.

რკინა უნდა მივიღოთ, რა თქმა უნდა, დილით, რადგან თუ საღამოს მიიღებთ, მთელი ღამის განმავლობაში კუჭ-ნაწლავს ცუდ დღეში ჩააგდებს.

როდესაც რკინის მედიკამენტებს მიიღებთ, ეცადეთ არ იყოს ყავასთან, ჩაისთან და რძესთან ერთად, რადგან მათში ისეთი რამეა, რაც რკინის შეწოვას აქვეითებს.

კალციუმი – ყველაზე გონივრულია, ყოველ ჯერზე მიიღოთ 500 მილიგრამის დოზით. ეცადეთ კალციუმთან ერთად არ მიიღოთ სხვა მედიკამენტები, ზოგიერთი ანტიბიოტიკი, რადგან კალციუმი ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკების შეწოვას აქვეითებს.

კალციუმი არ მიიღოთ ფარისებრი ჯირკვლის მედიკამენტებთან ერთად, (მაგ. ეუთიროქსინი) რადგან ისინი კალციუმის შეწოვას აქვეითებს.

ძალიან ცუდი იდეაა კალციუმის მიღება შარდმდეთან ერთად, რადგან აღმოჩნდა, რომ თირკმლის კენჭების განვითარების რისკი მკვეთრად იზრდება.

D ვიტამინი – მისი მიღება ყველაზე გონივრულია საკვებთან ერთად, (თუ ვიტამინი ცხიმში ხსნადია, ეცადეთ საკვებთან ერთად მიიღოთ, ხოლო თუ წყალში ხსნადია, ყველაზე გონივრულია მისი მიღება მშიერზე.

D ვიტამინის მიღება გონივრულია ავოკადოსთან, ზეთისხილთან, მიწის თხილთან.

D ვიტამინს, როგორც წესი, დილის საათებში ვნიშნავ. ზოგ ადამიანში მისი მიღება საღამოს, ძილიანობას იწვევს და ეს ურჩევნია, რაც ძილსაც უგვარებს, ზოგ შემთხვევაში კი, პირიქით, უძილობას იწვევს და ძილს უფრთხობს.

C ვიტამინი – წყალში იხსნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მიღება მშიერზე ყველაზე გონივრულია, მაგრამ იმის გამო, რომ მას რკინის მსგავსად კუჭ-ნაწლავის მკვეთრი გაღიზიანება შეუძლია, გვირჩევნია ის საკვებთან ერთად მიიღოთ.

ეცადეთ, საკვები, რომელთან ერთადაც C ვიტამინს მიიღებთ, ცხელი არ იყოს. C  ვიტამინი სითბოზე მგრძნობიარეა, საკმარისია, ტემპერატურა +25 გრადუსზე მეტი იყოს, C ვიტამინი დაშლას იწყებს, ამიტომ ეცადეთ, საკვები იყოს ცივი და C ვიტამინი არ დაიშალოს.

ეცადეთ, მთელი დღის დოზა C ვიტამინი ერთ ჯერზე არ მიიღოთ.

ფოლიუმის მჟავა – ყველაზე უპრობლემო ვიტამინია – შეგიძლიათ მიიღოთ: დილით, შუადღეს, საღამოს, საკვებთან ერთად, მშიერზე – მნიშვნელობა არ აქვს, ყოველთვის ეფექტიანად შეიწოვება. თუ მშიერზე მიიღებთ – შეწოვა 100 %-ია, თუ საკვებთან ერთად მიიღებთ, შეწოვა 85 %-ზე ჩამოდის.

E ვიტამინი – იხსნება ცხიმში, მისი მიღება გონივრულია საკვებთან ერთად, დილის საათებში, რადგან კიდევ უფრო ეფექტიანად შეიწოვება.

ეცადეთ, მაინცდამაინც არ მიიღოთ ძალიან მშიერზე ან ძალიან ჭარბ საკვებთან ერთად.

ასევე ეცადეთ, E ვიტამინი არ მიიღოთ ხანგრძლივი დროის განმავლობაში და არ მიიღოთ თვითნებურად დიდი დოზებით, რადგან ის D ვიტამინთან შედარებით ბევრად უფრო ტოქსიკურია და ექიმის კონტროლი აუცილებელია.

 

როდის და როგორ მივიღოთ ელემენტები და ვიტამინები | გიორგი ღოღობერიძის რჩევები

როდის და როგორ მივიღოთ ელემენტები და ვიტამინები | გიორგი ღოღობერიძის რჩევები

Posted by მთავარი დიაგნოზი on კვირა, 07 მაისი, 2023

 

ვიდეო: “გაციების საწინააღმდეგო ეს წამალი არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ!” – ღოღობერიძის გაფრთხილება 

საზიანოა თუ არა ბავშვისთვის სახლში ფეხშიშველი სიარული – გიორგი ღოღობერიძის რჩევები 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები