LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის გვჭირდება თორაკალური ქირურგის კონსულტაცია და რა სიმპტომები არ უნდა დაგვრჩეს უყურადღებოდ – ბექა ონიანის რეკომენდაციები

1274
ბექარ-ონიანი

რას ნიშნავს თორაკალური ქირურგია და რას მოიცავს მედიცინის ეს დარგი, როდის სჭირდება პაციენტს თორაკალური ქირურგის კონსულტაცია, როდის და რა შემთხვევებში ხდება აღნიშნული მეთოდით მკურნალობა და რამდენად ეფექტურია ის – ამ და სხვა საინტერესო თემებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ „ჯეო ჰოსპიტალსის“ თორაკალური ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კარდიო-თორაკალურმა ქირურგმა, ონკო-ქირურგმა – ბექარ ონიანმა ისაუბრა.

ბატონო ბექარ, რას ნიშნავს თორაკალური ქირურგია და რას მოიცავს მედიცინის ეს დარგი?

თორაკოქირურგია, იგივე გულ-მკერდის ქირურგია გულ-მკერდის ღრუს პათოლოგიებს ეხება. ჩვენს დარგში შედის გულ-მკერდის ღრუს ნებისმიერი პათოლოგია, ანუ ის მოიცავს სასუნთქ გზებს, ბრონქებს, ტრაქეას, ფილტვებს, პლევრის ღრუს, საყლაპავს, პერიკარდიუმის დაავადებებს…

რას გულისხმობს მინიმალურად ინვაზიური გულმკერდის ქირურგია?

მინი ინვაზიური ქირურგია უკვე ყველა სამედიცინო დარგში ინერგება, ვინაიდან ის ნაკლებ ტრავმულია და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, უფრო და უფრო ფართოდ გამოიყენება. იგივე ხდება გულ-მკერდის ქირურგიაშიც. მოგეხსენებათ, გულ-მკერდის ღრუ კარკასული ორგანოა და მას მუცლის ღრუსგან განსხვავებით, თავისი, სპეციფიკური სირთულეები აქვს, თუმცა ტექნოლოგიების განვითარების შედეგად, თითქმის ყველა პათოლოგიასთან შეგვიძლია გამოვიყენოთ აღნიშნული მეთოდი. რა თქმა უნდა, ინდივიდუალურად, კონკრეტული ქეისის მიხედვით, გარკვეულ შემთხვევაში, შეიძლება,  ღია ოპერაცია იყოს, გარკვეულში კი მინი ინვაზიური. მინი ინვაზიურში იგულისხმება როგორც სრულად ენდოსკოპიური ჩარევა, ისე ვიდეო ასისტირებით ოპერაციები. ჩვენ ოპტიკური ხელსაწყოების დახმარება საშუალებას გვაძლევს, განაკვეთის ზომა შევამციროთ და იგივე მასშტაბის ოპერაცია მინი თორაკოტომიური ინვაზიური ჩარევით გავაკეთოთ. ის შეიძლება მოიცავდეს ყველა დაავადებას და ყველა დაავადების დროს შეიძლება იქნას გამოყენებული, იქნება ეს ფილტვის სიმსივნეები, კეთილთვისებიანი დაავადებები, ინფექციური დაავადებები, პლევრის პათოლოგიები თუ კისტოზური დაავადებები, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დამოკიდებულია გავრცელებაზე, ზომებზე, ლოკალიზაციაზე. ამა თუ იმ შემთხვევაში, შეიძლება, შერჩეული იქნას როგორც ღია ოპერაცია, ისე მინი ინვაზიური ჩარევა.

როგორც აღნიშნეთ, თორაკალური ქირურგია პლევრის დაავადებებსაც მოიცავს. პლევრის დაავადებებს შორის რა დაავადებები გვხვდება ყველაზე ხშირად და რა ტიპის ჩარევა იგეგმება ხოლმე ამ დროს?

პლევრაში პათოლოგიური პროცესები შეიძლება გამოწვეული იყოს, უშუალოდ, სასუნთქი სისტემის და პლევრის დაავადებების მიზეზით, თუმცა ეს შეიძლება, იყოს სხვა სისტემების დაავადების სიმპტომური გამოვლინებაც. მაგალითისთვის, პლევრაში სითხე შეიძლება ჩადგეს, გულის უკმარისობის დროს, ღვიძლის უკმარისობის დროს, ლიმფური სისტემის დაავადებების დროს და ამ დროს პაციენტს შეიძლება უბრალოდ სიმპტომური დახმარება დასჭირდეს, სითხის ევაკუაციის თვალსაზრისით და შეიძლება დასჭირდეს ძირითადი დაავადების მკურნალობა, მაგრამ არის ცალკე პლევრის ან ფილტვის დაავადებები და ეს შეიძლება იყოს როგორც სიმსივნური დაავადებები, პლევრის მეზოთელიომა, ფილტვის დაავადებები, ტრავმები, კისტოზური დაავადება, რომელიც შეიძლება გასკდეს და ჰაერი დაგროვდეს ფილტვში.  ჩარევები, შესაბამისად, შეიძლება იყოს დრენირება ან ქირურგიული ჩარევა, ანუ ძირითადი კერის მოცილება, რაც ინდივიდუალურა და დაავადების ხასიათზე და გავრცელებაზეა დამოკიდებული.  

მაშინ, როდესაც უშუალოდ პლევრის დაავადებასთან გვაქვს საქმე, იძლევა თუ არა ის რაიმე ისეთ სიმპტომს, რომელიც პაციენტს მიანიშნებს და მიუთითებს იმას, რომ შეიძლება, სასწრაფოდ დასჭირდეს თორაკალური ქირურგის დახმარება?

პლევრაში სითხის დაგროვება იქნება თუ ჰაერის დაგროვება, ეს, პირველ რიგში, შეიძლება, გამოვლინდეს ტკივილით და ჰაერის უკმარისობით. ეს არის ის პირველი ჩივილი, რაც უშუალოდ პლევრის ღრუში პათოლოგიის მიმდინარეობის პროცესს ახასიათებს. თუ არის ასეთი სიმპტომები – ჰაერის უკმარისობა, ტკივილი გვერდებში, რა თქმა უნდა, ამ დროს პირველადი კვლევები რენტგენოლოგიური და ექოსკოპიური კვლევები შეიძლება იყოს, რაც უკვე გამოავლენს, თუ რა არის ამა თუ იმ სიმპტომის მიზეზი.

არსებობს უამრავი დაავადება და პათოლოგია, რომელიც ფილტვებს უკავშირდება და როგორც წესი, ყველაზე დიდი შიში სწორედ ამ ორგანოს უკავშირდება, რადგან მოსახლეობაში მუსირებს აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ ყველაზე რთულად აღდგენადი და განკურნებადია ფილტვები. სწორია ეს მოსაზრება, ფილტვები მართლაც რთულად ექვემდებარება მკურნალობას? რომ გვითხრათ, ფილტვის, რომელ პათოლოგიას სჭირდება ქირურგიული ჩარევა?

ფილტვის პათოლოგიები რომ დავყოთ, აქაც არსებობს ონკოლოგიური პათოლოგიები, კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი სიმსივნეები, ინფექციური დაავადებები, ფილტვის აბსცესი, პარაზიტული დაავადებები, მაგალითად, ექინოკოკია, ასევე ფილტვის ინტერსტიციული და ობსტრუქციული პრობლემები, დაავადებები, როდესაც ფილტვის ქსოვილის გადაგვარება ხდება, რაც შეიძლება გახდეს მიზეზი ქირურგიული ჩარევის და პაციენტს მკურნალობა დასჭირდეს. რა თქმა უნდა, ფილტვის ქსოვილის მდგომარეობა განსაზღვრავს შემდგომი ქირურგიული ჩარევის და რეაბილიტაციის პერიოდს. ესე ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ ქირურგიული ჩარევების შემდგომ, ფილტვი ძნელად აღდგენადია, მაგრამ ინდივიდუალურ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, თავისი რისკები და გართულებები ახასიათებს. კეთდება ყველა სახის ჩარევა, რეზექციები, ლობექტომია,  ამა თუ იმ დაავადებების დროს, ფილტვის სრული ამოღებაც შეიძლება მოხდეს ცალ მხარეს. შესაბამისად, ფილტვის ქირურგია ხშირად გამოიყენება და ესა თუ ის დაავადება, განაჩენი არ არის და არ შეიძლება, რომ შიშის მიზეზი იყოს.

რას გულისხმობს ფილტვის ქირურგიული მკურნალობა ფილტვის კიბოს დიაგნოზის შემთხვევაში და თქვენი გამოცდილებით, რამდენად კეთილსაიმედოა და რამდენად გვაძლევს შედეგს?

რა თქმა უნდა, შედეგს გვაძლევს, ეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როდის აღმოვაჩენთ ამ დაავადებას. ქირურგიაზე საკითხი დგება მაშინ, როდესაც ჩვენ კვლევებით ვადგენთ, რომ შეიძლება რადიკალურად, სრულად მოხდეს ამ პათოლოგის ამოღება. აქ ფილტვის პირველადი სიმსივნის ზომა შეიძლება იმდენად გადამწყვეტი არ იყოს, რამდენადაც მისი გავრცელება. ჩვენ თუ არ გვაქვს სიმსივნის გავრცელება რეგიონული ლიმფური კვანძების იქით, ანუ თუ არ გვაქვს შორეული მეტასტაზები, რა თქმა უნდა, ფილტვის სიმსივნეების ქირურგიული მკურნალობა ეფექტურია და არჩევის მეთოდია სხვა თანმხლებ მეთოდებთან, ქიმიოთერაპიასთან, სხივურ თერაპიასთან და ა.შ.

როგორც წესი, ადამიანებს ფილტვის დაავადებებზე ეჭვი, პირველ რიგში, ხანგრძლივი ხველის გამო მიაქვთ, მართლაც არის თუ არა ეს ისეთი სიმპტომი, რომელმაც უნდა დაგვაეჭვოს იმაზე, რომ ჩვენ შეიძლება, ფილტვის რომელიმე პათოლოგიასთან გვქონდეს საქმე თუ არის კიდევ რაიმე სხვა, დამახასიათებელი სიმპტომატიკა, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ?

ხველა ისეთი სიმპტომია, რომელიც ბევრ დაავადებას შეიძლება ახასიათებდეს, დაწყებული ბანალური ბრონქიტით, მაგრამ როგორც წესი, პირველი სიმპტომი მაინც ხველაა. ხშირად არის შემთხვევები, როდესაც ფილტვების ანთებით, პნევმონიით შენიღბული შეიძლება იყოს ფილტვის სიმსივნეები და აქ დიდი ყურადღებაა საჭირო. ამიტომ როდესაც საკონტროლო კვლევებში ანთებითი კერების დინამიკა არ გვაქვს, მაინც აუცილებელია და უფრო მიზანმიმართულია დამატებით ისეთი მაღალტექნოლოგიური კვლევების ჩატარება, როგორიცაა კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელიც ოქროს სტანდარტია გულ-მკერდის ქირურგიული დაავადებების დიაგნოსტიკაში.

ტრაქეის და საყლაპავი მილის რა პათოლოგიების დროს შეიძლება დაგვჭირდეს ქირურგის დახმარება?

რადგან თემას მოჰყვა, აქვე განვმარტოთ, თუ რა შუაში შეიძლება იყოს ხველასთან საყლაპავი, რომელიც საჭმლის მომნელებელ სისტემას მიეკუთვნება. თუ პაციენტს ანამნეზში აქვს რეფლუქსი-ეზოფაგიტი, ეს შეიძლება, ხველის მიზეზი იყოს. ამ პათოლოგიამ საყლაპავში კუჭის წვენის მოხვედრა შეიძლება გამოიწვიოს და ეს ქრონიკული ხველით გამოვლინდეს. კუჭის წვენი წვეთის სახით შეიძლება ხვდებოდეს სასუნთქ გზებში და თუ ეს პრობლემა მოგვარებული არ აქვს პაციენტს, შეიძლება, რომ მსგავსი სიმპტომატიკა აწუხებდეს.

ქირურგიული პათოლოგიები შეიძლება იყოს ისევ და ისევ საყლაპავის, ტრაქეის სიმსივნეები, რაც არც ისე იშვიათია, ასევე შეიძლება იყოს სასუნთქი გზების ნაწიბუროვანი სტენოზები.

რეანიმაცია, ინტუბაცია გამოვლილ პაციენტების გარკვეულ პროცენტში შეიძლება, ტრაქეაში ნაწიბუროვანი ცვლილებები განვითარდეს, რასაც შემდეგ ხშირად სჭირდება ქირურგიული მკურნალობა, ეს შეიძლება იყოს ნაწიბურის რეზექცია ან პლასტიკა, ამის სხვადასხვა მეთოდები არსებობს. მსგავს პაციენტებში ასევე არსებობს ტრაქეო ეზოფაგალური ფისტულების ჩამოყალიბების რისკი, რაც ერთ-ერთი ცოტა რთულად სამართავი პრობლემაა და აქ პრევენციას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან უმჯობესია, აქამდე არ მივიდეთ.

რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და რა არის ის მთავარი სადიაგნოსტიკო მეთოდები, რომელსაც იმ დაავადებებამდე გაჰყავხართ, რომლებზეც თქვენ მუშაობთ?

როგორც გითხარით, სიმპტომები შეიძლება მწირი იყოს და გამოვლინდეს, მაგალითად, მხოლოდ ხველით ან ტკივილით გულ-მკერდის არეში. დიაგნოსტიკისთვის, პირველი საწყისი ყოველთვის არის მიმოხილვითი რენტგენოლოგიური კვლევა, რომელიც დიაგნოზს თუ არ დაგვისვამს, მიმართულებას გვაძლევს, თუ რა მაღალტექნოლოგიური კვლევა ჩავატაროთ. როცა საქმე პლევრის დაავადებებს ეხება, პირველადი კვლევა შეიძლება იყოს ექოსკოპია. შემდგომი და უფრო მაღალი სტანდარტის კვლევაა გულ-მკერდის ტომოგრაფია. ფილტვის სიმსივნეების დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება PET სკანირება, რაც კიდევ უფრო თანამედროვე მეთოდია და რაც დღეს უკვე საქართველოშიც არის შესაძლებელი. რაც შეეხება ინვაზიურ კვლევებს, ეს შეიძლება იყოს ბრონქოსკოპია, რაც სასუნთქი გზების შიგნიდან დათვალიერების საშუალებას და ბრონქში, სასუნთქ გზებში პათოლოგიების, სიმსივნის ბიოფსიის, მასალის აღების და მორფოლოგიური დიაგნოზის დასმის საშუალებას გვაძლევს. მინი ინვაზიური კვლევებიდან ასევე შეგვიძლია განვიხილოთ თორაკოსკოპია, მედიასტინოსკოპია, რომელიც შუასაყარის ლიმფური კვანძების დაავადებების დროს გამოიყენება და ეს ერთ-ერთი თანამედროვე და საინტერესო მეთოდია, რადგან ის საშუალებას გვაძლევს მცირე განაკვეთით მივუდგეთ ისეთ რთულ ადგილებს, რომელიც გარშემო მოცულია სისხლძარღვებით და არის გულ-მკერდის ღრუს სასიცოცხლო ორგანოებით შემოფარგლული სივრცე. დიაგნოსტიკაში ბიოფსიის სახით შეგვიძლია განვიხილოთ ტრანსთორაკალური ბიოფსიები. როცა ფილტვის ან პლევრის ქსოვილზე პერიფერიული წარმონაქმნებია, იდეალური ვარიანტი და ყველაზე ინფორმატიულია თორაკოსკოპიური ჩარევები და დიაგნოსტიკა და შესაძლებელია როგორც რეზექციის ჩატარება ფილტვში, ისე რაიმე მასალის აღება პლევრის ღრუდან.

ზემოთ აღნიშნული ქირურგიული მეთოდების გარდა, კიდევ სხვა რა მეთოდებს იყენებთ თქვენს  პრაქტიკაში?

ქირურგიული მკურნალობის თვალსაზრისით, როგორც უკვე ვთქვით, ეს არის ღია ოპერაციები და მინი ინვაზიური ჩარევები. იმის მიხედვით თუ სად ვრცელდება პათოლოგია, დიაგნოსტიკის თვალსაზრისით, შეიძლება, გამოყენებული იქნას ბრონქოსკოპია, მედიასტინოსკოპია, თორაკოსკოპია, ენდოსკოპიური ჩარევები, გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება გამოყენებული იქნას სტენტირებებიც.

პაციენტები ხშირად აღნიშნავენ, რომ შიში აქვს პოსტოპერაციული პერიოდის, რომ ვერ მოხდეს მათი სათანადოდ მართვა და ა.შ. და სწორედ ამიტომ არჩევენ საზღვარგარეთ მკურნალობას. რამდენად სწორია მათი ეს მიდგომა და შეხედულება?

ჩემი აზრით, ნამდვილად მცდარია, რადგან თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ყველა ტიპის სირთულის ოპერაცია წარმატებით კეთდება ჩვენს ქვეყანაში. გვაქვს თანამედროვე ტექნოლოგიებიც და არც ამ კუთხით ჩამოვუვარდებით სხვა, წამყვან ქვეყნებს. ყველა სამედიცინო ჩარევას, რა თქმა უნდა, თეორიული რაღაც პროცენტით აქვს გართულების ალბათობა, როგორც საქართველოში, ისე ევროპაში, ა.შ.შ-ში… როდესაც ჩვენთან, საქართველოში ხდება გართულება, მენეჯმენტი უფრო ადვილია და პაციენტის მოვლა უფრო მაღალი ხარისხით ხდება, რადგან უცხოეთში ჩასულ პაციენტებს უფრო ურთულდებათ კონტაქტი უცხოელ ქირურგთან. ხშირად ყოფილა შემთხვევებიც, როცა ასეთი პაციენტებს გართულებების სამართავად ჩვენთვის მოუმართავთ, რადგან საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალიან რთულია ასე დისტანციურად უცხოეთში ექიმთან კონტაქტი, ეს დიდ ფინანსებთანაც არის დაკავშირებული. შესაბამისად, თამამად შემიძლია ვუთხრა პაციენტებს, რომ აქ სანდო ექიმის ხელში გაკეთებული ოპერაციის შემთხვევაში, უფრო დაზღვეულები იქნებიან და უფრო იმედიანად იქნებიან საკუთარ ქვეყანაში.

იმ პათოლოგიების შემთხვევაში, რომლებზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, მკურნალობის შემდგომ, ხშირია თუ არა სრულად გამოჯანმრთელების შემთხვევები?

რა თქმა უნდა, ძირითად შემთხვევაში ასეც ხდება. როცა ოპერაცია იგეგმება, ჩვენი მიზანი პაციენტის სრული გამოჯანმრთელებაა. რა თქმა უნდა, 100%-იანი არასდროს არაფერი არის, მაგრამ ოპერაციის დაგეგმვისას, ხდება რისკების, გართულებების შეფასება და ძირითადად, რა საკვირველია, ვაღწევთ ჩვენს მიზანს.

ნებისმიერი პათოლოგიის დროს ხდება წინასწარ გამოკვლევა, რისკების, თანმხლები დაავადებების შეფასება, ასევე ხდება იმის შეფასებაც, თუ რა პროცენტში შეიძლება ველოდოთ სრულ გამოჯანმრთელებას. ოპერაციაზე წასვლა გამოჯანმრთელებისკენ გადადგმული ნაბიჯია.

რა დროს შეიძლება დასჭირდეს ადამიანს თორაკალური ქირურგის კონსულტაცია?

თორაკოქირურგია, შეიძლება ვთქვათ, რომ ვიწრო სპეციალობაა. როგორც წესი, ზოგადი პროფილის ექიმები, თერაპევტები, ოჯახის ექიმები ახდენენ პირველად დიაგნოსტიკას და ისინი ამისამართებენ პაციენტებს ჩვენთან. იშვიათია, რომ პაციენტი პირდაპირ თორაკოქირურგთან მივიდეს. როცა სხვადასხვა კვლევების მეშვეობით ხდება საეჭვო წარმონაქმნის აღმოჩენა ან ფილტვის, გულ-მკერდის, პლევრის პათოლოგიის გამოვლენა, უკვე მიზნობრივად მოდის პაციენტი ჩვენთან და იქ უკვე კეთდება ისეთი ვიწრო კვლევები, როგორიცაა ბრონქოსკოპია, თორაკოსკოპია, მედიასტინოსკოპია და ხდება დიაგნოზის დაზუსტება და მკურნალობის ტაქტიკის არჩევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები