LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის გამყარდება ლარი?

127

ლარის გაუფასურებაზე გავლენას, შიდა ფაქტორებთან ერთად, მეზობელ ქვეყნებში არსებული ვითარებაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, ამის შესახებ ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში, გიგა ბედინეიშვილმა, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ნავთობზე ფასის შემცირება რუსეთსა და აზერბაიჯანში ეკონომიკურ მდგომარეობას ართულებს, რაც, საქართველოზეც აისახება.

”ძნელია დაგისახელოთ ციფრი ან გითხრათ დრო, როდის დაფიქსირდება ლარის გაუფასურების პიკი, მაგრამ, ფაქტია, კარგი პირი არ უჩანს. რეგიონში არსებული სიტუაციის გარდა, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკაც არ იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს. ხელისუფლებისგან საჭიროა რადიკალური ნაბიჯები, რაც არ იდგმება” – განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, არ გამორიცხავს, რომ შიდა და გარე ფაქტორების გამო, დოლარის ღირებულება 2.5-ს ან 2.6-ს გაუტოლდეს. ბედინეიშვილი ფიქრობს, რომ ამ სიტუაციაში, ეროვნულმა ბანკმა მაქსიმალური გააკეთა და დარჩენილი რეზერვების ხარჯვა არასწორი იქნება, ვინაიდან არავინ იცის, კიდევ რამდენად გაუფასურდება ლარი.

”მთავრობამ სწრაფად უნდა იმოქმედოს. აუცილებელია გადასახადების მკვეთრი შემცირება, მკვეთრი დერეგულაცია, ბიუჯეტის დეფიციტის ნულამდე დაყვანა. ეროვნულ ბანკს რაც ეხება, თუ მონეტარულ პოლიტიკას გაამკაცრებს და საპროცენტო განაკვეთს ასწევს, ეს უფრო მძიმე იქნება ეკონომიკისთვის” – განაცხადა ბედინეიშვილმა რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, მიიჩნევს, რომ მთავრობის ეკონომიკურ  პოლიტიკას სერიოზული პრობლემები აქვს. თუმცა ბედინეიშვილი აქვე ამბობს, რომ პრემიერმინისტრად გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნის შემდეგ, გაჩნდა იმედი, რომ მთავრობის ახალი მეთაური კრიზისების მართვის რეჟიმზე გადავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები