თბილისში ახალი ავტობუსები სექტემბრის ბოლოდან გამოჩნდება, ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი განმარტებით, ახალი სატრანსპორტო საშუალებები ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის და სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს.
“პირველ ეტაპზე, 150-მდე ახალი, ევროპული სტანდარტების, ავტობუსი შემოვა, რომლებიც ახალ ეკოლოგიურ საწვავზე იმუშავებს. რაც ეხება ავტოპარკის სრულად განახლებას, ეს ეტაპობრივად მოხდება და პროცესი, დაახლოებით, 6 თვეში დასრულდება” – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ
თბილისის მერის განმარტებით, პროექტის მთლიანი ღირებულება 34 მილიონი ევროა, საიდანაც 27 მილიონი არის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი სესხი, ხოლო 7 მილიონი არის გრანტის კომპონენტი. როგორც ლექვინაძემ აღნიშნა, სესხის პირობები არის მოგებიანი, კერძოდ, 1%-იანი და 10 წელზე გათვლილი.
თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, დღეს საკრებულოში გაფორმდა გადმოსესხების ხელშეკრულება ფინანსთა სამინისტროდან, რაც არის ნაწილი იმ დიდი ხელშეკრულებისა, რომელიც საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და EBRD-ს შორის გაფორმდა. ტენდერში გამარჯვებული კომპანია სამშაბათს ოფიციალურად დასახელდება.