ვის გაუგია, როდესაც ხალხი სულს ღაფავს შიმშილისგან, 133 მილიონი მუთაქაში იყოს შენახული? ჰკითხა პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისულ პრემიერს რომან გოცირიძემ.
„სად არის ივანიშვილის 100 მილიონი? არჩევნებისთვის ინახავთ? თქვენ თქვით, რეზერვებად გვინდა შევინახოთო. სად არის 33 მილიონი ამ ფონდიდან, რომელიც ბიზნესმა შეიტანა? ვის გაუგია, უმძიმეს მდგომარეობაში, როდესაც ხალხი სულს ღაფავს შიმშილისგან, 133 მილიონი მუთაქაში გქონდეთ გამოდებული და შენახული? რატომ არ გაეცით ეს ფული? თუ კვლავ გინდათ, როგორც 80 მილიონზე გააკეთა ივანიშვილმა სტიქიის დროს, უკან დაუბრუნოთ. თუ ვერ ბედავთ ივანიშვილის, ასე ვთქვათ, ფულის ხელის ხლებას? და საერთოდ არის კი ეს ფული? არსებობს კი ეს 100 მილიონი?“ – კითხულობს რომან გოცირიძე.
ოპოზიციამ გახარიას პასუხები დაუწუნა, გახარიამ კი საერთოდ ოპოზიცია დაიწუნა – პრემიერის მეორე მოხსენება პარლამენტში
უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პრემიერს დემაგოგიურ კითხვებზე უწევს პასუხების გაცემა.
„ხუთი წუთის განმავლობაში ისმებოდა კითხვა რომან გოცირიძის მხრიდან. ჩვენ დავთვალეთ და ამ ხუთი წუთის განმავლობაში მან მოასწრო 8 ტყუილის თქმა. შესაბამისად ნათელია, რომ აქ დემაგოგიის გარდა არაფერთან არ გვაქვს საქმე. რეგლამენტის თანახმად, ბუნებრივია, პრემიერ-მინისტრი პატივს სცემს პარლამენტს. ის პარლამენტში მობრძანდა და გასცა პასუხი თუნდაც ამ დემაგოგიურ შეკითხვებს, რომლებიც ტყუილებით იყო გაჯერებული. კიდევ ერთხელ ძალიან საკადრისი პასუხი მიიღეს ამ ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრის მხრიდან“, – განაცხადა კობახიძემ.
რვა ტყუილი თუ შუბლში მოხვედრილი რვა სიმართლე: პარლამენტში დაპირისპირებების დეტალები
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე კი აცხადებს:
„ოპოზიციის ფუნქცია არის ოპონირება და ის, რომ გამოწვევების წინაშე დააყენოს ხელისუფლება. ძლიერი ხელისუფლება არის ის, რომელიც ამას პასუხობს საქმითa და არგუმენტებით“.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების კითხვაზე, როდის დაიწყებს მთავრობა სოციალური დახმარებების გაცემას, იმისთვის, რომ ოპოზიციის ბრალდებები დამთავრდეს, პასუხობს:
„მომდევნო კვირიდან დაიწყება დახმარებების გაცემა. იდენტიფიცირების გარეშე დახმარების გაცემა შეუძლებელი იყო. სოციალურ დახმარებას სწორედ სტატისტიკის მიხედვით იღებენ ადამიანები. როდესაც საუბარია იმაზე, რომ რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი სოციალურ დახმარებას იღებს, ეს სტატისტიკაა სოციალური დახმარების საფუძველი, მუნიციპალიტეტები კი არ არჩევენ საკუთარი შეხედულებების მიხედვით. ამასაც კი სპეკულაციურად ლაპარაკობენ „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები და ასეთი ბინძური ტყუილი მეორე არ გამიგია, თითქოს, მუნიციპალიტეტებში მხარდამჭერებს არჩევენ. შეიძლება, ვინმეს ეს დააჯერო? მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მრავალშვილიან ოჯახებზე, 65 ათასიდან 100 ათას ქულამდე, ასეთი სტატისტიკა არის ხოლმე მოშველიებული და ვცდილობთ, თითოეულ ადამიანამდე მივიდეთ და დავეხმაროთ, ვისაც ეს დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება“, – განაცხადა მდინარაძემ.
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ კი “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის, ირმა ინაშვილის გამოსვლას უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ „ოცნებამ“ ხალხს სამართლიანობის დაბრუნების იმედი დაუკარგა.
„არასდროს ავყოლილვარ ცდუნებას, რომ მეპასუხა „პატრიოტთა ალიანსის“ გამოსვლებისთვის, რადგან ხშირ შემთხვევაში არის რაღაც ენერგია, რომელიც გათვლილია საზოგადოების გარკვეული ნაწილის ყურადღების მიქცევაზე. მე არ მახსოვს გამოსვლა, სადაც შეტევის მთავარი სამიზნე არ იყოს „ქართული ოცნება“, ხელისუფლება, პოლიტიკური ძალა და ერთი საკმაოდ მოუმზადებელი, სამართლებრივად გაუმართავი რეზოლუცია არის საფრიალო მთავარი დოკუმენტი, რომ შევაფასოთ სააკაშვილი-ბოკერიას ხელისუფლების პერიოდი. შეფასებულიც არის, უამრავი ხალხი გასამართლებულია, ბევრი გაქცეულია და ბევრი კიდევ იხდის სასჯელს. ამაში კარგი არაფერი არ არის, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ვთქვათ, დაუდგა ყველა თავდებში ბატონ მელიას. არც ეგ არის სასიამოვნო თემა მოსაგონებლად, მაგრამ რეალობა ხომ ეს არის.
ასეთი ბრტყელ-ბრტყელი განცხადებების გაკეთება, არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
პარლამენტში, დღეს პრემიერს ინტერპელაციის წესით მოუსმინეს, რომელის კამათის ფონზე მიმდინარეობდა.