„რუსთავი 2“ მეგაშოუ „ნიჭიერისთვის“ ემზადება. კონკურსანტების შერჩევა თითქმის დასრულებულია. წლევანდელ შოუში ფორმატის თვალსაზრისით საკმაოდ დიდი ცვლილებები იქნება.
ცვლილებები შეეხება ჟიურისაც, თუ გახსოვთ, წინა სეზონზე ჟიურიში ხუთი წევრი იყო – ნიკა გვარამია, ნანუკა ჟორჟოლიანი, რუსკა მაყაშვილი, ლევან წულაძე და ია ფარულავა. ამ სეზონზე ჟიურიში მხოლოდ 4 წევრი იქნება, თუმცა შოუს შემქმნელები ჯერჯერობით არ ამხელენ, ვინ აღარ დაიკავებს „ნიჭიერის“ მთავარი შემფასებლების სავარძლებს.
წამყვანები ისევ ვანიკო თარხნიშვილი და გიორგი ყიფშიძე იქნებიან, მათმა დუეტმა ნამდვილად გაამართლა, თუმცა წაყვანის ფუნქციასთან ერთად, მათ კიდევ ერთი, საპასუხისმგებლო ფუნქცია დაემატებათ, რომელსაც „ნიჭიერის“ გუნდი ჯერჯერობით სიურპრიზად ინახავს.
ამ სეზონის ერთ-ერთი მთავარი კოზირი უცხოელი კონკურსანტების სიმრავლეა. როგორც გვპირდებიან, ისინი ხარისხის თვალსაზრისით ისეთ შოუს წარმოადგენენ, რომელიც ქართულ „ნიჭიერში“, გასული ექვსი სეზონის განმავლობაში, არასდროს გვინახავს. ქართულ „ნიჭიერს“, როგორც ჩანს, უცხოელი მაყურებელიც ჰყავს და კონკურსანტები თავადაც გამოთქვამენ მონაწილეობის სურვილს. ეფექტურ ნომრებს ვიხილავთ ქართველი კონკურსანტების მონაწილეობითაც.
არაორდინარული და მასშტაბური შოუ „რუსთავი 2“-ის ეთერში 21 ნოემბერს დაიწყება და იანვრის ბოლომდე გასტანს. ტრადიციულად, ჯერ კასტინგებს ვიხილავთ, შემდეგ ნახევარფინალურ ტურებს, ლაივებს და ბოლოს ფინალს.
ნინო მურღულია