LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის არის საშიში კრაზანის ნაკბენი და როგორ უნდა მოვიქცეთ კბენის შემდეგ – ექიმის რჩევები

77344
88888

საქართველოში კრაზანები მომრავლდნენ. რეგიონებში განსაკუთრებით აწუხებთ ეს პრობლემა. მით უმეტეს, რომ ამ სეზონზე, იმერეთში კრაზანის ნაკბენისგან ორი ადამიანი გარდაიცვალა.

საზოგადოების ნაწილმა, არ იცის როგორ დაიცვას თავი ფატალური შედეგისგან და რა არის კრაზანის ნაკბენის შემთხვევაში საუკეთესო პირველადი დახმარება. ისინი ითხოვენ მეტ ინფორმაციას და თავდაცვის საშუალებებს.

კრაზანის, ფუტკრისა და ბზიკის ნაკბენის საშიშ და საყურადღებო რეაქციებზე, „ფორტუნასთან“ ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმმა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, მედიცინის დოქტორმა ნინო ლომიძემ ისაუბრა.

 

რა იწვევს ალერგიულ რეაქციას

ნესტრიან მწერებს როგორიცაა ფუტკარი, კრაზანა და ბზიკი ალერგიული რეაქციის გამოწვევის უნარი აქვთ, რასაც ინსექტურ ალერგიას უწოდებენ, რომელზეც ხშირად მსუბუქი ლოკალური, ხოლო იშვიათად ძალიან მძიმე სისტემური რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი შეიძლება განვითარდეს.

 

კბენის დროს ფუტკარი თუ კრაზანა გადასცემს თავის შხამს ადამიანის ორგანიზს, რის შემდეგაც ვითარდება იმუნური სისტემის პასუხი ორგანიზმში მოხვედრილ უცხო ნივთიერებაზე რაც ვიზულაურად სხვადასხვა სიმძიმის ალერგიული რეაქციით გამოვლინდება.

 

როდის არ უნდა ვიღელვოთ 

თუ კბენის შემდეგ კანზე აღენიშნება ლოკალური სიწითლე, ქავილი და შეშუპება რომელიც  არ სცილდება 5 სანტიმეტრს, ეს არ განიხილება რთულ ალერგიულ რეაქციად. ეს არის ფიზიოლოგიური რეაქცია კონკრეტულად მწერის ნაკბენზე.

 

! ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს !

საყურადღებოდ ითვლება, როდესაც ნაკბენის ადგილზე კანის სიწითლე და შეშუპება 10 სმ და მეტ დიამეტრის აღწევს, მას დიდ ლოკალურ რეაქციას უწოდებენ. ზოგჯერ შესაძლებელია ნაკბენი იდაყვზე იყოს და მთელი წინამხარი მოიცვას, ან მუხლზე აღინიშნოს და წვივის შეშუპებაც გამოიწვიოს.

შეშუპებამ შესაძლებელია 24-48 საათის ფარგლებში მოიმატოს და რამდენიმე დღე გაგრძელდეს.

საყურადღებოა როდესაც კბენის შემდეგ ლოკალური რეაქციის გარდა სისტემური რეაქცია ვითარდება, როგორიცაა ჭინჭრის ნასუსხის მაგვარი გამონაყარი მთელს სხეულზე, ქუთუთოების, ტუჩის, ენის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, ბრონქოსპაზმი.

ფატალურ რეაქციებს იწვევს ანაფილაქსიური შოკი, რომელიც ყველაზე ძლიერი და საშიში ალერგიული რეაქციაა.

ანაფილაქსიურ შოკს ახასიათებს: ჭინჭრის ნასუსხისმაგვარი გამონაყარი მთელს სხეულზე, შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, ბრონქოსპაზმი, მუცლის ტკივილი, უნებლიე შარდვა ან დიარეა, ღებინება… ბოლოს უკვე წნევის ვარდნის გამო ვითარდება შოკი.

ანაფილაქსიური შოკი არის სწრაფი ტიპის ალერგიული რეაქცია,  ვითარდება ყველაზე ხშირად კბენიდან რამდენიმე წუთიდან დაახლოებით 1 საათამდე. კბენიდან მეორე დღეს ანაფილაქსიის განვითარების რისკი არ არსებობს.

 

ანაფილაქსიური შოკი ვითარდება იშვიათად და ხშირი არ არის!

რისკ ჯგუფებში არიან:

  • ადამიანები, რომლებსაც წარსულში ჰქონდათ ალერგიული რეაქცია მწერის ნაკბენზე
  • ალერგიული კუთხით დატვირთული სამედიცინო ანამნეზის მქონე ადამიანები

რეკომენდებულია ასეთმა ადამიანებმა წინასწარ გაიარონ ალერგოლოგის კონსულტაცია სეზონის დადგომამდე პროფილატიკური და სამკურნალო რეკომენდაციების მისაღებად.

 

მიუხედავად რისკ ჯგუფებისა, ანაფილაქსიური შოკისგან დაზღვეული არავინ არის!

შესაძლებელია მწერების მიმართ ალერგია აღენიშნოს არაალერგიულ ადამიანსაც.

 

ანაფილაქსიური შოკის დროს პირველი დახმარება ადრენალინის ავტოინექტორია, რომელიც ექიმის მიერ ინიშნება.

თუ პაციენტს აღენიშნება ანაფილაქსიური შოკისთვის დამახასიათებელი სიმპტომები დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სასწრაფო დახმარებას და არ დასჯერდეს კონკრეტულ მედიკამენტებს თუ ახლობლების დახმარებას.

 

პირველადი დახმარება კბენის შემდეგ

პირველ რიგში სასურველია დატოვებული ნესტრის ამოღება – ნესტარი ძალიან ფრთხილად, დანის წვერით ისე უნდა ამოვიღოთ, რომ არ მოხდეს დარჩენილი შხამის ჩაწურვა კანში.

ჩამოვიბანოთ საპნიანი წყლით ნაკბენი ადგილი – იმისთვის, რომ არ მოხდეს კანის ინფიცირება ქავილის ან ნესტრის ამოღების დროს.

სასურველია ყინული ნაკბენის ადგილზე 20 წუთის განმავლობაში დავიდოთ.

 

სამკურნალო საშუალებების გამოყენება ნაკბენის ადგილზე

თუ მსუბუქი ლოკალური რეაქციაა (არ სცილდება 5 სმ-ს), შესაძლებელია, ალერგიის საწინააღმდეგო გელის გამოყენება, იმისთვის რომ სიწითლე, ქავილი და დისკომფორტი შემცირდეს. ამის გაკეთება შესაძლოა ექიმთან ვიზიტის გარეშე.

თუ ნაკბენის ადგილზე დიდი ლოკალური რეაქცია განვითარდა (10 სმ და მეტი დიამეტრის), ან აღენიშნება ჭინჭრის ნასუსხის მაგვარი გამონაყარი და შეშუპება.

ექიმის მიერ ალერგიული რეაქციის სიმძიმის გათვალისწინებით ინიშნება ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტების კომბინაცია, ადგილობრივი ან სისტემური გამოყენების სტეროიდული საშუალებები (პრედნიზოლინი, დექსამეტაზონი).

 

ბავშვები და ორსულები

ორსულისთვის ყველა წამალი არ არის რეკომენდებული, ამიტომ განსაკუთრებით მათ უნდა მიმართონ ექიმს დასასვენებლად წასვლის წინ, იმისთვის რომ შერჩეულ იქნეს ის წამლების ჯგუფი, რომლებიც დასაშვებია ორსულობის დროს. სასურველია სანამ ორსული წავა დასასვენებლად ან ბუნებაში, წინასწარ მიმართოს ექიმს და მიიღოს რეკომენდაციები.

 

ბავშვებთან მიდგომა თითქმის ისეთივეა, როგორც მოზრდილებთან, თუმცა წამლის დოზირება და სამკურნალო კრემების გამოყენება და შერჩევა უმჯობესია ექიმის მიერ მოხდეს.

 

რეკომენდაციები ექიმისგან

  • მოერიდეთ ფეხშიშველი ან ღია ფეხსაცმლით ბალახში სიარულს.
  • მწერის დანახვისას შეინარჩუნეთ სიმშვიდე: არ აუკრათ ხელი, მოერიდეთ მძაფრ მოძრაობებს.
  • არ გამოიყენოთ მძაფრი სუნები, სპეციფიკური სურნელის მქონდე დეოდორანტები, რადგან ამ სუნით იზიდავთ მწერებს.
  • მოერიდეთ ფერადი ტანსაცმლის ჩაცმას – განსაკუთრებით არ არის რეკომენდირებული წითელი ფერი.
  • ბუნებაში საკვების მიღების დასრულებისას ყველა კონტეინერი დახურეთ, რომ სუნმა მწერი არ მოიზოდოს

 

გაითვალისწინეთ!

კოღოების საწინაღმდეგო სპრეი არ იცავს ფუტკრისა და  ბზიკის კბენისგან.

მწერებისგან თავის დასაცავად სახლსა და აგარაკზე გამოიყენეთ დამცავი ბადე.