შსს-ს ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის ამოქმედების თარიღი, რომელიც მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვასაც გულისხმობს, სავარაუდოდ, გადაიწევს, ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ნოდარ ებანოიძემ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ცვლილებების ასამოქმედებლად გონივრული თარიღი უნდა შეირჩეს.
”მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვა, მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა, ფარული პატრულირება და ასევე განბაჟებასთან დაკავშირებული ცვლილებები, სავარაუდოდ, წლის მეორე ნახევრიდან ამოქმედდება. თუმცა ზუსტი თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი” – განაცხადა ნოდარ ებანოიძემ.
როგორც ფრაქცია ”ქართული ოცნება – რესპუბლიკელების” წევრმა აღნიშნა, ცვლილებები, აუცილებლად, 2016 წელს უნდა ამოქმედდეს და საკანონმდებლო პაკეტზე მსჯელობა 2017 წლისთვის არ გადაიდება.
”საქართველოში მარჯვენასაჭიანი მანქანების რიცხვმა 30%-ს გადააჭარბა. დროის გასვლის შემდეგ, ეს ციფრი გაიზრდება. დღევანდელ შეხვედრაზე დაისვა საკითხი, ქულების ჩამოკლებასთან ერთად, უნდა დაჯარიმდეს თუ არა მძღოლი. იყო მსჯელობა, ხომ არ უნდა შევიდეს ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რათა ინტერპრეტაციების საშუალება არ დარჩეს” – განაცხადა ებანოიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ამბობს, რომ სამუშაო შეხვედრები, ფრაქციის ფორმატით, აუცილებლად გაგრძელდება, რათა ყველა შეკითხვასა და შენიშვნას პასუხი გაეცეს.