დასავლეთ საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად უკვე დაიწყო. ამის შესახებ „ფორტუნას“ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ განუცხადეს.
როგორც უწყებაში განგვიცხადეს, ტექნიკური სამსახური ამ წუთებშიც საგანგებო რეჟიმში მუშაობს და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ დღის ბოლომდე მოსახლეობას ელექტროენერგიის სრულად მიწოდება აღუდგეს.
„სტიქიის გამო გამოწვეულ დაზიანების ადგილებში არიან სხვა რეგიონებიდან წამოსული დამატებითი ტექნიკური ბრიგადები.
ქუთაისისა და წყალტუბოს აბონენტების უმრავლესობას უკვე აღუდგა ელექტროენერგიის მიწოდება. ელექტროენერგია მიეწოდება სამტრედიის აბონენტთა ნაწილსაც.
ელექტროენერგია ასევე მიეწოდება სამეგრელოს, ზუგდიდის, ხობის, სენაკის აბონენტების ნაწილს და ასევე გურიაში, ლანჩხუთის მოსახლეობის ნაწილს“, – აცხადებენ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“.
უწყების ინფორმაციით, „სარეაბილიტაციო სამუშაოები მანამდე გაგრძელდება, სანამ ბოლომდე არ აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება“.
„ბოლო სამი დღე სტიქია მძვინვარებდა დასავლეთ საქართველოში, ქარმა საკმაოდ დიდი ზომის ხეები მოგლიჯა. ხეები ელექტროგადამცემ ხაზებს დაეცა და ელექტროსადენები დაწყდა. ამან „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელის მწყობრიდან გამოსვლა გამოიწვია და სამეგრელოში, გურიასა და იმერეთში აბონენტებს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდებოდა.
სამწუხაროდ, შეზღუდვები ახლაც არის, თუმცა თუ ამინდმა ხელი არ შეგვიშალა, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აბონენტებს, ამ სამ რეგიონში, სრულად აღუდგეთ ელექტროენერგია“, – განუცხადეს „ფორტუნას“ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“.