LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდიდან და რამდენი თეთრით გაიაფდება საწვავი – ეკონომიკის მინისტრის პროგზონი

152
ბენზინი

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მიმდინარე კვირის ბოლომდე, საწვავი კიდევ 10 თეთრით გაიაფდება. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, კლების ტენდენცია თვის ბოლომდე გაგრძელდება.

„დიალოგი როგორც საწვავის იმპორტიორებთან, ისე სურსათის იმპორტიორებთანაც გვქონდა. საწვავთან დაკავშირებით ბაზარზე კლების ტენდენცია უკვე დავინახეთ. „რეგულარის“ ფასი დღეს ზოგიერთ ბრენდირებულ ქსელში უკვე 2 ლარი და 39 თეთრია. ასევე, როგორც იცით, კომპანიებს მარკეტინგული სტრატეგიები გააჩნიათ, რაც დაახლოებით 15 თეთრამდე დამატებით შეღავათს გულისხმობს. პროპორციულად „პრემიუმისა“ და სხვა კატეგორიის საწვავის ფასიც იკლებს. ჩვენი მოლოდინით, მიმდინარე კვირის ბოლომდე, საწვავი კიდევ 10 თეთრით გაიაფდება. თვის ბოლომდე, საწვავის მნიშვნელოვანი გაიაფების ტენდენცია იარსებებს. საწვავის იმპორტიორებთან ძალიან პროდუქტიული დიალოგი გვქონდა. მარჟები და ტენდენციები გავაანალიზეთ და ვფიქრობთ, რომ ყველაზე მოთხოვნად საწვავის კატეგორიებზე, როგორებიცაა „ევრო-რეგულარი“ და „რეგულარი“, საწვავის მარჟები ლოგიკური იქნება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, საწვავის ფასი საერთაშორისო ტენდენციებზეა დამოკიდებული, თუმცა არსებობს მოლოდინი, რომ ის 2 ლარს მიუახლოვდება.

„ბევრი რამ საერთაშორისო ფასებზეა დამოკიდებული, ხოლო მათი განჭვრეტა საკმაოდ რთულია. მიუხედავად ამისა, ჩვენი მოლოდინია, რომ ფასი 2 ლარს მიუახლოვდება. კლების ტენდენცია უნდა გაგრძელდეს. ეს ასევე ძველ და ძვირ ნაშთებთანაც არის დაკავშირებული, ამიტომ ფასები მყისიერად, ერთ დღეში ვერ შეიცვლება. ის შეთანხმება, რომელიც კომპანიებსა და მთავრობას შორის არსებობს, გონივრულ მარჟას გულისხმობს და არა მხოლოდ ერთი მხარის ინტერესების გათვალისწინებას“, – აღნიშნა დავითაშვილმა.