LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდესაც პოლიტიკოსები პარლამენტში წარდგებიან ხოლმე, ხშირად ავიწყდებათ, რომ მოქალაქეებს ესაუბრებიან… ღარიბაშვილის გამოსვლა გაურკვეველი პოლიტიკური კინკლაობა იყო: ანა ბუჩუკური

88
ანა ბუჩუკური

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარმოდგენილ ანგარიშს პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი ანა ბუჩუკური რადიო „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ გამოეხმაურა და პრემიერის გამოსვლას „პოლიტიკური კინკლაობა“ უწოდა. ბუჩუკურის თქმით, პარლამენტის წინაშე, როდესაც ანგარიშვალდებულების ნაწილში პოლიტიკოსები გამოდიან, ხშირად ავიწყდებათ, რომ ისინი საზოგადოებას ესაუბრებიან და ძირითად აქცენტს მათ პრობლემებზე არ აკეთებენ.

ბუჩუკურის თქმით, პარტიას „საქართველოსთვის“ დღეს ისეთი პრობლემატური საკითხები აინტერესებდა, როგორიც ანტიკრიზისული ღონისძიებების საჭიროება და გაჩერებული რეფორმებია.

ბუჩუკური პარტია „საქართველოსთვის“ გუნდის წევრებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ისინი სრულად იზიარებენ იმ პასუხისმგებლობას, იმ წარმატებებსა და წარუმატებლობაზე, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ მათი ყოფნის დროს იყო.

ჩვენმა გუნდმა დღეს პრემიერ-მინისტრს არაერთი კითხვა დავუსვით, რომელიც რეალურად აწუხებს მოსახლეობას.

პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულების ნაწილში, როდესაც თანამდებობის პირები წარდგებიან ხოლმე, ხშირად ავიწყდებათ, რომ ისინი რეალურად მოქალაქეებს ესაუბრებიან და უნდა ისაუბრონ იმ საკითხებზე, რომელიც მოქალაქეებს ყველაზე მეტად აწუხებთ, ნაცვლად ამ გაურკვეველი პოლიტიკური კინკლაობისა, რაც სამწუხაროდ დღეს პარლამენტში ხდება, ბოლო თვეების განმავლობაში კი განსაკუთრებით. 

ჩვენმა გუნდმა ყურადღება რამდენიმე მიმართულებით გავამახვილეთ, ერთი მიმართულება იყო – ანტიკრიზისული ღონისძიებების საჭიროება. იცით თქვენ, რომ როდესაც პანდემიის პირველი ტალღა დაიწყო, მაშინდელი პრემიერის გიორგი გახარიას ინიციატივით განხორციელდა არაერთი ანტიკრიზისული ღონისძიება, ვგულისხმობ მოქალაქეების დახმარებას, თუმცა სამწუხაროდ, დღეის მდგომარეობით, ამ დახმარებებს ვერ იღებენ მაშინ, როდესაც პანდემიამ კიდევ უფრო დაამძიმა ადამიანების ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა. ეს იყო ერთი მიმართულება ჩვენი კითხვებისა და მეორე მიმართულება იყო – გაჩერებული რეფორმები, რომლებიც ჩვენი გუნდის ლიდერის მიერ სხვა და სხვა უწყებაში დაიწყო, მაგრამ დღეის მდგომარეობით გაურკვეველი მიზეზების გამო არის გაჩერებული.

ასევე ყურადღება გამახვილდა მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით, ჩვენი გუნდის ერთ-ერთმა წევრმა შალვა კერესელიძემ ისაუბრა მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის საკითხებზე, თუ რატომ ხდება ისე, რომ ადამიანებს, რომელთაც ეკუთვნით ნაკვეთების დარეგისტრირებას ვერ ახერხებენ და ადამიანები, რომელთაც არ ეკუთვნით ახერხებენ და ირეგისტრირებენ. 

ჩვენ დავსვით კითხვები ისეთ საკითხებზე, რომელიც თითოეულ მოქალაქეს აწუხებს და არა რაღაც გაურკვეველი პოლიტიკური კინკლაობის გამო.

ჩვენმა გუნდმა, როდესაც მიიღო გადაწყვეტილება გიორგი გახარიასთან ერთად დავბრუნებულიყავით პოლიტიკაში, ოღონდ განსხვავებული ფორმითა და სახით, პირველი რაც ჩვენ ვთქვით იყო ის, რომ თითოეული ჩვენგანი ვიზიარებთ პასუხისმგებლობას იმ წარმატებებსა და წარუმატებლობაზე, რომელიც ქართულ ოცნებაში ჩვენი ყოფნის დროს იყო. პირადად მე მხოლოდ 4 თვე გახლდით ქართული ოცნების წევრი, მანამდე ვიყავი საჯარო მოხელე, არ მეკავა პოლიტიკური თანამდებობა და ვმუშაობდი აღმასრულებელ ხელისუფლებაში. რაც შეეხება ჩვენი გუნდის ლიდერს გიორგი გახარიას, მისი, როგორც ცალკე აღებული პერსონის რეიტინგი და საზოგადოების დამოკიდებულება მის მიმართ ყველასთვის ცნობილია და ისიც, როდესაც ოპოზიციის ფლანგიდან ესაუბრება საზოგადოებას, ყოველთვის უსვამს ხაზს, რომ იზიარებს პასუხისმგებლობას. ამის გამო მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავბრუნდეთ პოლიტიკაში.

დღეს ვერც ნაციონალური მოძრაობა და ვერც ქართული ოცნება ვეღარ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნილებას, რაც ქართულ საზოგადოებაში არსებობს და რაც მისი ყოველდღიური პრობლემებია“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“.