LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდესაც პოლიცია ძალადობს – ბოლო დროის გახმაურებული შემთხვევები

528
გურამ-როგავას-ფოტო.

ბოლო წლებში საზოგადოებას არაერთი შემთხვევა ახსოვს, როდესაც მოქალაქეებმა პოლიციელები შესაძლო ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ამხილეს. საზოგადოება აღნიშნულ შემთხვევებს აქტიურად აპროტესტებს. ქუჩები უამრავი ადამიანით ივსება, მედია მოვლენებს აშუქებს, ადამიანები შესაბამისი უწყებებიდან რეაგირებას მოითხოვენ. თავის მართლების რეჟიმში მყოფი უწყებები კი, საზოგადოებას სხვადასხვა ვერსიებს სთავაზობენ, რათა მათი ბრალეულობა არსად გამოიკვეთოს. აღსანიშნავია, რომ თითქმის არცერთ შემთხვევაში სამართალდამცველების პასუხისგებაში მიცემა არ მომხდარა. შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაში საპროტესტო განწყობა არ ქრება.

წლების წინ მომხდარი შემთხვევების შემდეგ, ადამიანები დამნაშავეების დასჯას ამ დრომდე ითხოვენ და სამართლიანობის აღდგენას ელოდებიან.

 

„ლევან აბზიანიძე მოკლა სახელმწიფომ“

2015 წლის 18 ივნისი — ლევან აბზიანიძე

 

ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა, 2015 წლის 18 ივნისს ქუთაისში მოხდა. 56 წლის ლევან აბზიანიძე ქუთაისის ერთ-ერთ სკვერში გარდაცვლილი იპოვეს. ახლობლები და მეგობრები მომხდარში პოლიციას ადანაშაულებდნენ. როგორც ცნობილია, სამართალდამცველებმა აბზიანიძე ნარკოლოგიურ შემოწმებაზე ქუთაისის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, ლევან აბზიანიძემ ოჯახის წევრებს შეატყობინა, რომ მას სამი აბი შარდმდენი იძულებით დაალევინეს. ამის შემდეგ ის შეუძლოდ გახდა და მალევე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ექსპერტიზის პირველადი დასკვნით, ლევან აბზიანიძის ორგანიზმში შარდმდენის კვალი აღმოჩნდა, თუმცა მეორე დასკვნის მიხედვით, რომელსაც გარდაცვალების მიზეზი უნდა დაედგინა, აბზიანიძის გარდაცვალება შარდმდენის მიღებას არ დაუკავშირეს.

„ლევან აბზიანიძე მოკლა სახელმწიფომ“ ამ სლოგანით არაერთი საპროტესტო აქცია ჩატარდა. გარდაცვლილის ახლობლები, მოძრაობა „თეთრ ხმაურთან“ ერთად სამართალდამცველების დასჯას მოითხოვდნენ. თუმცა ამ საქმეზე არავინ დაუკავებიათ.

 

ინციდენტი კლუბ „ვიტამინში“

2015 წლის 6 ივლისი – ლიკა კიკიანი

 

შემთხვევა კუს ტბაზე მოხდა. ინციდენტი კლუბ „ვიტამინის“ მენეჯერს 21 წლის ლიკა კიკიანს შეემთხვა. მისი თქმით, კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე ოცამდე პოლიციელმა სცემა. გოგონამ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც მომხდარი ამბავი მოჰყვა.

ლიკა კიკიანის განცხადებით, კვირა ღამით,  კუს ტბის ტერიტორიაზე მისი მეგობრები კამათობდნენ, თავადაც მათკენ წავიდა, რათა კონფლიქტი თავიდან აერიდებინათ.

“ამ დროს, ოცამდე პოლიციელი მოვიდა. მათგან რამდენიმე დედის გინებით და ხელის კვრით. ჩემი მეგობრები მიხვდნენ, რომ შარზე იყვნენ, მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ. პოლიციელები მაინც აგინებდნენ. მე დაღმართზე ჩავდიოდი, ეს ოცამდე პოლიციელი გამომყვა. მათგან ერთი, რომელიც უფროსი ან უფროსის მოადგილე იყო, მიყვიროდა და მაგინებდა. ძალიან წყნარად ვუთხარი – ამ ცინიკურ სახეში ღამეში ოც ლარს გიხდიან მეთქი? ვის გაუბედე ოცლარიანის თქმაო, ხელი მკრა, ყელში მწვდა და გადამაგდო. ორი გვაშველებდა, შუაში ჩადგნენ. მე ტელეფონს ვწვდი დასარეკად. ერთ-ერთმა – როგორ ბედავ ტელეფონის ამოღებასო და წამართვა. ვკიოდი, ნუ მირტყამთ მეთქი. ნათითურები მეტყობა ზურგზე… მანქანაში მტენიდნენ მუქარით, რომ “კაპეზეში” ამომახრჩობდნენ…” – ყვებოდა კიკიანი ვიდეომიმართვაში.

დაზარალებული გოგონას თქმით, პოლიციელებმა ის ვაკის პოლიციაში წაიყვანეს, საიდანაც შემდგომ ხელწერილის საფუძველზე გამოუშვეს. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, გოგონას სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა.

საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო, თუმცა უწყების განმარტებით, კიკიანის ცემის ფაქტი არ დადასტურდა. საქმეში საია ჩაერთო. მოგვიანებით კიკიანის მიმართვის საფუძველზე გამოძიება თბილისის პროკურატურამ დაიწყო, რომელმაც გოგონა დაზარალებულად სცნო. გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე მიმდინარეობდა, თუმცა არავის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.

 

„დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა“

2016 წლის 7 აგვისტო – დემურ სტურუა

 

22 წლის დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში მოხდა. სტურუამ გარდაცვალებამდე წერილი დატოვა, სადაც თვითმკვლელობის მიზეზს განმარტავდა. ახალგაზრდა წერდა, რომ ადგილობრივი პოლიციის თანამშრომელი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით პოლიციასთან თანამშრომლობასა და თანასოფლელების დასმენას აიძულებდა.

“პოლიციელი გ. მემუქრებოდა ვინმეს პლანი ხო არ აქო დათესილიო, უნდა მითხრაო. თორემ რაც არ გაგიკეთებია, იმას შეგტენიო, მემუქრებოდა და მანქანაში გამლახა, წამიყვანა იანეთისკენ და აქ მოგკლავო… მილიციასთან უნდა ითანამშრომლოო, ვის აქვს და ვის არაო პლანი დათესილიო ან კულაშშიო ან დაფნარშიო და საჯავახოშიო. ეს მოხდა 07.08.2016 აგვისტოს, კარგად გემშვიდობებით ყველას. დემური სტურუა. 20:10. დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა” – წერდა დემურ სტურუა.

გამოძიება დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ ორი მუხლით დაიწყო:  333-ე, უფლებამოსილების გადამეტებისა და 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.  2016 წლის 29 აგვისტოს, საქართველოს პროკურატურამ გარდაცვლილის წერილში მოხსენიებულ პოლიციელს, სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს, გოდერძი თევზაძეს ბრალი წაუყენა. აღსანიშნავია, რომ ბრალდებული პოლიციელი მალევე დააკავეს, თუმცა შემდგომ ყველა ინსტანციების სასმართლომ გაამართლა და გაათავისუფლეს. მათ შორის, უზენაესმა სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო. მან სასჯელაღსრულების დაწესებულება მომხდარიდან 9 თვეში დატოვა.

 

„პოლიციის მსხვერპლი თუ უბედური შემთხვევა?“

2017 წლის – 25 ოქტომბერი

 

33 წლის პაატა პავლიაშვილი ადმინისტრაციული წესით დაკავებისას გარდაიცვალა. შემთხვევა თბილისში, ნუცუბიძის ფერდობზე მოხდა. ადგილზე პოლიცია მეზობლებს შორის დაწყებული კონფლიქტის გამო მივიდა. პაატა პეტრიაშვილი მომხდარში გასარკვევად ჩაერთო, რა დროსაც პოლიციამ მისი დაკავება სცადა. თვითმხილველების თქმით, მამაკაცმა პოლიციას რამდენჯერმე სთხოვა დახმარება, რადგან თავს შეუძლოდ გრძნობდა. პოლიციამ თხოვნა არ გაითვალისწინა და ხელბორკილების დადების შემდეგ მამაკაცი გარდაიცვალა.

შსს-მ განმარტა, რომ რომ პაატა პავლიაშვილი ნასვამი იყო და პოლიციის მიმართ აგრესიით გამოირჩეოდა. შესაბამისად, უწყებამ სამართალდაცმველების ბრალეულობა გამორიცხა. გამოძიება პროკურატურამ  სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. თუმცა 2018 წლის 15 იანვარს უწყებამ საქმეზე დაწყებული გამოძიება შეწყვიტა. პროკურატურის განმარტებით, საქმეში პოლიციელების ბრალეულობა არ გამოკვეთილა, ამიტომაც სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არ არსებობის გამო გამოძიება შეწყვიტეს.

 

ნარინჯისფერი თუ გაცვიათ, პოლიციის სამიზნე ხართ”

2017 წლის 23 დეკემბერი – ზვიად რატიანი

 

პოეტი ზვიად რატიანი პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს – 2017 წლის 23 დეკემბერს რატიანი პოლიციამ დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავა, მეორე დღეს კი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა. რატიანის თქმით, სამოქალაქო ფორმებში ჩაცმულმა პირებმა, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აღმოჩნდნენ, მისი ნარჯინჯისფერი ქურთუკის გამო დაცინვა დაიწყეს. ამან კონფლიქტი გამოიწვია. შსს-ს თანამშრომლებმა რატიანი მანქანაში ჩასვეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. რატიანის თქმით, მას ხელებზე და ფეხებზე ბორკილები დაადეს, შემდგომ კი დიღმის იზოლატორში გადაიყვანეს.

შსს-ს განცხადებით, პოლიციამ პოეტი საპოლიციო კონტროლის ფარგლებში შეაჩერა, მან კი სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია, შეურაცხყოფა მიაყენა და უცენზურო სიტყვებით მიმართა. საქმეზე გამოძიება პროკურატურამ და გენინსპექციამ დაიწყო.

რატიანს ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით დასდეს ბრალი, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო და 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ზვიად რატიანის საქმეს “ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) სწავლობს. ორგანიზაციამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. EMC მიიჩნევს, რომ გამოძიება დღემდე არაეფექტიანად და უშედეგოდ მიმდინარეობს

2018 წლის სექტემბერში ზვიად რატიანმა საქართველო დატოვა. ის ამჟამად ევროპაში ცხოვრობს.

 

იყო თუ არა ტერორისტი თემირლან მაჩალიკაშვილი?

2017 წლის  26 დეკემბერი თემირლან მაჩალიკაშვილი

 

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს საკუთარ საძინებელში მოკლეს. თემირლანს ქალა-ტვინის გამჭოლი ჭრილობა ჰქონდა. ის 26 დეკემბრიდან რეანიმაციულ განყოფილებაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული, თუმცა 2018 წლის 10 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს) თემირლან მაჩალიკაშვილს და პანკისის ხეობაში მცხოვრებ კიდევ რამდენიმე ადამიანს საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული ახმედ ჩატაევისა და მისი ჯგუფის დახმარებაში ადანაშაულებდა. უწყების ცნობით, 19 წლის თემირლანი სხვა პირებთან ერთად ტერორისტული თავდასხმისთვის ემზადებოდა. მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. მაჩალიკაშვილის ოჯახი უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.

თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე გამოძიება პროკურატურამ 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობით სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს.

სუსის ინფორმაციით, სპეცრაზმელმა თემირლან მაჩალიკაშვილს მას შემდეგ ესროლა, რაც მან ხელყუმბარის აფეთქება სცადა. ამ ინფორმაციას მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ თემირლანს მძინარე მდგომარეობაში ესროლეს.

ოჯახი საქმის ობიექტურად გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას დიდი ხანია ითხოვს. ამ მოთხოვნით არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. აღსანიშნავია, რომ დაღუპულის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, დაზარალებულის უფლებამონაცვლედ დღემდე არ ცნეს. საქმეზე ორი წელია საგამოძიებო პროცესი მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით პროკურატურას შემაჯამებელი გადაწყვეტილება არ მიუღია.

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC), რომელიც დაღუპულის ოჯახის ინტერესებს იცავს, სტრასბურგის სასამართლოს მიმართა. მათი ცნობით, სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საქართველოს მთავრობასთან კომუნიკაცია და საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

 

„ამ ცხოვრების დედაც“

 

2019 წლის 17 დეკემბერი – ლუკა სირაძე

 

პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებისა და მოქალაქეებზე განხორციელებული ზეწოლის შემთხვევებიდან, უკანაკსნელი შემთხვევა საკმაოდ მძიმე და სენსიტიურია. საქმე არასრულწლოვანს ეხება – პოლიციის ფსიქოლოგიურ ზეწოლას 15 წლის ლუკა სირაძე ემსხვერპლა. მოზარდი თავისი ყოფილი სასწავლებლის „მწვანე სკოლის“ კედელზე გაკეთებული წარწერების გამო, დაკითხვაზე დაიბარეს. გავრცელებული ინფორმაციით, მან მის მიმართ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ვერ გაუძლო და დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. ლუკა 12 დეკემბერს საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან გადმოხტა. ის რამდენიმე დღის განმავლობაში რეანიმაციაში იწვა, თუმცა 17 დეკემბერს  იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ლუკა სირაძის ამბავმა საზოგადოება შეძრა. 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. არასრულწლოვანის დაკითხვას სწორედ მარიანა ჩოლოიანი ახორციელებდა. მას გამოძიება 335-ე მუხლს ედავება, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს. დაკავებული ბრალს არ აღიარებს, თუმცა მას ბრალი უკვე წარედგინა.