იუსტიციის საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება. ამ წუთებში საბჭოს წევრების კითხვებს ალექსანდრე იაშვილი პასუხობს. ის ამბობს, რომ მცირეწლოვანის მიერ ჩადენილი დანაშაულის დროს მას უფრო მაღალი სტანდარტი და სხვა მიდგომა აქვს.
“მაქვს პრაქტიკაში შემთხვევები, როდესაც მცირეწლოვანი არის, ჩავდივარ მოსამართლის ტრიბუნიდან და ერთად ვსხდებით ბავშვი, მისი კანონიერი წარმომადგენელი, ადვოკატი, მხარეები და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად შევქმნათ ისეთი გარემო, რაც ბავშვზე იქნება ორიენტირებული, რათა მან სტრესი არ განიცადოს”, – აცხადებს იაშვილი.
მისი თქმით, კოდექსში ბოლო პერიოდში არაერთი ცვლილება შევიდა. იაშვილის განმარტებით, არასრულწლოვნებთან მიმართებაში, სასამართლოს უფრო მაღალი სტანდარტი და მიდგომა აქვს.
“როცა არასრულწლოვნის დაკითხვა ხდება გარკვეული ნორმების გამოყენება გვიწევს მართლმსაჯულების კოდექსიდან. ერთ-ერთი გარანტიაა ისიც, რომ არასრულწლოვნის დაკითხვისას მნიშვნელოვანია ფსიქოლოგის მონაწილეობა, თუმცა ეს არის სასამართლოს დისკრეცია. როდესაც ვსაუბრობთ 5 ან 6 წლის ბავშვებზე, რეალურად მათ სჭირდებათ ფსიქოლოგი. რა თქმა უნდა, მაცვია მანტია, მანტია ერთ-ერთი ატრიბუტია, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. საერთაშორისო პრაქტიკაა ეს, რომელიც გამოუყენებიათ. ყველა არასრულწლოვანი ერთ სიბრტყეში არ უნდა იქნას განხილული, არამედ ინდივიდუალური მიდგომა უნდა იყოს ყველა მათგანთან, მისი პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით. უფრო მაღალი სტანდარტი გვაქვს დაკითხვის დროს, პროცედურული თვალსაზრისითაც არაერთი სტანდარტია, რომელიც მორგებულია მის უფლებებზე,რათა არასრულწლოვანმა არ იგძნოს თავი ისე, თითქოს მისი ბედი სულერთია”, – განაცხადა ალექსანდრე იაშვილმა.
იუსტიციის საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ალექსანდრე იაშვილთან გასაუბრების პროცესი მიმდინარეობს. იაშვილი უკვე სამი წელია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეა. 2018 წლიდან კი არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სპიკერ-მოსამართლე.