LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა ტეხასი ქარბუქს ებრძოდა, შტატის სენატორი მექსიკაში ისვენებდა: ტედ კრუზი მოგზაურობას ნანობს

103
FORTUNA.GE- (4)

მასშტაბური კრიტიკის შემდეგ, ტეხასის სენატორი ტედ კრუზი, მექსიკაში მოგზაურობას “ნანობს”.

მართალია, ოჯახური მოგზაურობისთვის სენატორს არც მოქალაქეების კუთვნილი თანხა გამოუყენებია, არც კანონი დაურღვევია და არც კოვიდრეგულაციები, თუმცა მისმა მოგზაურობამ მაინც ყველა გააბრაზა.

შტატის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ კრუზმა ისინი ყველაზე რთულ დროს “მიატოვა”.

ტეხასი უამინდობას ებრძვის. რეკორდულ ყინვას ქარბუქიც დაემატა, რომელმაც მილიონობით ადამიანი წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.

თავდაპირველად, სენატორმა აღნიშნა, რომ ის მექსიკაში სამოგზაუროდ გაემგზავრა შვილის თხოვნით და მას უარს ვერ ეტყოდა, რადგან კარგი მამაა.

ამ განცხადებამ უამინდობით შეწუხებული და დაზარალებული მოქალაქეების განრისხება გამოიწვია, მოქალაქეები მის სახლთან შეიკრიბნენ და საპროტესტო აქცია გამართეს.

მართალია, შტატში წარმოქმნილი პრობლემების მოგვარება სენატორებს არ ევალებათ, თუმცა ადგილობრივები საკანონმდებლო ორგანოში მყოფ საკუთარ წარმომადგენლებს ხშირად მიმართავენ მხარდაჭერისთვის.

როგორც სენატორმა თქვა, იმ დროს, როდესაც შტატი ქარბუქს ებრძოდა, მართალია ის ადგილზე არ იმყოფებოდა, თუმცა კომუნიკაცია ჰქონდა ხელმძღვანელ პირებთან და სრულად იყო ინფორმირებული.

გუშინ კი, ამ არც თუ ისე შთამბეჭდავი ვოიაჟის შემდეგ, სენატორმა აღიარა, რომ იმ დროს, როდესაც მილიონობით ადამიანი უამინდობით გამოწვეულ ზარალს ებრძოდა, მოგზაურობა “აშკარად შეცდომა იყო” და შედეგები წინასწარ რომ სცოდნოდა, ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა.

“თვითფრინავში ჩაჯდომისთანავე დავიწყე ფიქრი. ერთი მხრივ, ყველას, ვინც მშობელია, აქვს პასუხისმგებლობა, იზრუნოს საკუთარ შვილებსა და ოჯახზე. მაგრამ, მე ასევე მაქვს პასუხისმგებლობა ჩემი მოქალაქეების მიმართ.

გულწრფელად ვამბობ, რომ სამოგზაუროდ წასვლა, როდესაც ამდენ ტეხასელს უჭირს, არასწორი საქციელია, ამიტომ შევცვალე ჩემი განრიგი და დავბრუნდი უკან. რა თქმა უნდა, მესმის, რატომ არის ხალხი გაღიზიანებული.” – უთხრა სენატორმა ტედ კრუზმა ჟურნალისტებს.

ყველა სიკეთესთან ერთად, პოლიტიკის ექსპერტებიც აცხადებენ, რომ მსგავსი საქციელი მსგავს სიტუაციაში არღვევს პოლიტიკის ყველა დაუწერელ წესს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები